კონტენტზე გადასვლა
+995 511 33 00 66 | ორშ-პარ, 10:00-19:00

მათ ვისაც გსურთ რომ მიიღოთ სრულიად განსხვავებული მოგზაურობის გამოცდილება და მოინახულოთ არაორდინალური ღირსშესანიშნაობები, აუცილებლად ეწვიეთ ცხრაჯვარს. მისტიური სალოცავი ადგილი, რომელიც ლეგენდებითაა, სავსე გასიამოვნებთ პანორამული გასაოცარი ხედებით.

ცხრაჯვარის შესახებ

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს. სალოცავის ხსენებისას პირველი ასოციაცია შეიძლება გქონდეთ მცირე ზომის ეკლესია, ძველებური ტიპის ბაზილიკა ან მსგავსი რელიგიური დანიშნულების შენობა, თუმცა ცხრაჯვარი ყველა სხვა სალოცავისგან განსხვავებულია.

ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ზომის ჯვრები, სალოცავი ხატები და ღია სალოცავიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები სწორედ ისაა, რის გამოც ცხრაჯვარი საქართველოს უნიკალურ ღირსშესანიშნაობად ითვლება. გასაკვირი არაა, რომ ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებში, ეს ძეგლი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯვრების სიმრავლიდან გამოირჩევა უზარმაზარ კლდოვან ლოდზე მდებარე ოქროს ჯვარი, რომელსაც ქართული ჯვრისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს. ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებით ლამაზი ნისლიან ამინდშია, რაც საკმაოდ ხშირია. ნისლში გახვეული ჯვრები, განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

მწვერვალი, ცხრაჯვარი - Summit, Tskhrajvari.

ლეგენდები ცხრაჯვარზე

ცხრაჯვარის მისტიურობას და მიმზიდველობას მასთან დაკავშირებული ლეგენდაც ქმნის, რომელიც სალოცავის შექმნის იდეაზეა. ლეგენდის თანახმად, მამამ ომში ცხრა ვაჟი გააგზავნა და მათი შინ მშვიდად დაბრუნებისთვის, გადაწყვიტა სალოცავი აეგო. ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე, საკუთარი მხრებით აუტანია 9 ჯვარი, თითოეული შვილის სახელზე და სალოცავი გაუკეთებია. საბედნიეროდ, ღმერთმა მამის თხოვნა შეისმინა და ცხრავე ვაჟი მშობელს უვნებელი დაუბრუნა სახლში.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ლეგენდა ცხრაჯვარზე. შექმნის იდეასთან დაკავშირებით არსებობს მეორე ლეგენდაც, რომელიც ძმებ სოფრომიანებს უკავშირდებათ. ძმებმა სვანეთში თავადი მოკლეს და ოკრიბის პატარა სოფელში მიიმალნენ. გვარი სოფრომაძედ გადააკეთეს და ოჯახები შექმნეს. თუმცა მათი ყველა შთამომავალი პატარა ასაკში იღუპებოდა. ამ ყველაფრით შეშინებული მოსახლეობა, კი ღია ცის ქვეშ სალოცავად შეკრებილა და ღმერთისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე და სალოცავს იქ ავაგებთ, სადაც ეს აფრენილი მტრედი დაჯდებაო. მტრედი უხუცესმა სოფრომაძეებმა ააფრინეს, რომელიც სწორედ ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე დაფრენილა.

სოფრომაძეებმა პირობა შეასრულეს და საკუთარი ხელით აიტანეს ჯვრები და სალოცავი გააკეთეს. სალოცავის დასრულების აღსანიშნად, კი იქვე ნადიმი გაუმართავთ, თუმცა ქეიფში ერთმანეთი დაუჭრიათ. მოგვიანებით როცა გამოფხიზლდნენ, მუხლებზე დამხობილები უფალს შეევედრნენ, რომ ეს საქციელი მათთვის ეპატიებია. სწორედ ამავე მიზეზით მაისის ბოლო შაბათს, როდესაც ცხრაჯვარობა აღინიშნება, სოფრომაძეები ერთად ლოცულობენ და ხორცს არ ჭამენ.

მღვიმე ცხრაჯვარი

სალოცავთან ახლოს მდებარეობს უნიკალური და საქართველოს ერთ-ერთი უახლესი აღმოჩენა – ცხრაჯვარის მღვიმე. ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე, უნიკალური ფორმის სტალაქტიტური და სტალაგმიტური წარმონაქმნებით გამოირჩევა. მას საკმაოდ ვიწრო და რთული შესასვლელი აქვს, თუმცა სანახაობა ამ სირთულედ ღირს. ჯამური სიგრძე 460 მეტრია და რამდენიმე დარბაზსს მოიცავს. მღვიმეში ასევე პალეოზოოლოგიური მასალაა აღმოჩენილი.

ხედი ცხრაჯვარიდან - View from Tskhrajvari.

საინტერესო ფაქტები

  • თუ ცხრაჯვარს მზიან ამინდში ეწვევით, შეგიძლიათ დაბლობების პანორამულ ხედებთან ერთად შავი ზღვაც დაინახოთ.

  • ცხრაჯვრის შექმნის იდეას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. მათგან ყველაზე ცნობილია ლეგენდა ცხრა ძმაზე, რომელთა ომიდან მშვიდობით დასაბრუნებლად, მამამ ეს სალოცავი საკუთარი ხელით გააკეთა.

  • ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, აღინიშნება ცხრაჯვარობა. დღესასწაულის დროს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმართება ნადიმი და ხალხი ერთად ლოცულობს ღვთის წყალობისთვის და კეთილდღეობისთვის.

ჯვარი და ხედი, ცხრაჯვარი - Cross and view, Tskhrajvari.

ჩვენი რჩევები

ცხრაჯვარის მონახულებისას კი საუკეთესო არჩევანი რაჭის ტურის მოწყობაა. ფერადი და მდიდარი კულტურის მქონე მხარეში, ბევრ საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ და დაუვიწყარ მოგონებებს შეიძენთ. არ დაგავიწყდეთ რაჭის სამზარეულოს გაცნობაც, გამორჩეული ღვინითა და ლორიანი ლობიანით.

ასევე გირჩევთ, რომ ცხრაჯვარის მონახულებისას სწორად შეარჩიოთ ამინდი და ჩაიცვათ კომფორტულად, რადგან ციცაბო კლდოვან ფერდობებზე ფეხით გადაადგილება მოგიწევთ. ასევე არ დაგავიწყდეთ გადაიღოთ ფოტოები, რადგან ცხრაჯვრის გასაოცარი ვიზუალი და ულამაზესი პანორამული ხედები ორიგინალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ.

ხშირად დასმული კითხვები

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ცხრაჯვარი?

ცხრაჯვარი ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს.

SunMonTueWedThuFriSat
27282930123456789101112131415161718192021222324252627282930311234567
SunMonTueWedThuFriSat
27282930123456789101112131415161718192021222324252627282930311234567