airbnb-vs-booking

Airbnb vs Booking

საქართველო ტურისტულად აქტიური ქვეყანაა ნებისმიერ სეზონზე. შესაბამისად, პირადი თუ მფლობელობაში მყოფი უძრავი ქონების გამოყენება ტურისტების გასამასპინძებლად, იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ შეიქმნათ დამატებითი შემოსავლის წყარო. ტურისტული სექტორი საქართველოში, სიმარტივით გამოირჩევა. ანუ, გაქვთ გამოცდილება სასტუმროს მართვაში, თუ ხართ დამწყები, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. 

სამაგიეროდ, გადამწყვეტი მნიშნველობა ენიჭება კომუნიკაციის არხებს. ანუ რა გზებით დაამყარებთ კომუნიკაციას პოტენციურ მომხმარებლებთან და მოიზიდავთ მათ. სწორედ ამ ყველაფერზე გაგაცნობთ დეტალებს დღეს. კონკრეტულად კი განვიხილავთ დეტალებს ორი უმთავრესი პლატფორმის შესახებ. ესენია Booking და Airbnb. 

სწორედ ამ ვებსაიტებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად მოგზაურები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რათა იპოვონ სასტუმრო, მათი მოთხოვნების შესაბამისად. დღეს თქვენ გაეცნობით ამ ორი პლატფორმის ეფექტური გამოყენების გზებს თქვენი ბიზნესისთვის და მთავრ მსგავსებებსა და განსხვავებებს მათ შორის ანუ გავაკეთებთ Airbnb vs Booking ანალიზს. არჩევანი კი, თქვენზეა, რადგან ნებისმიერი მათგანის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ უდიდესი პერსპექტივა, მოიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ტურისტი თქვენს ცნობილ თუ საოჯახო ტიპის მცირე სასტუმროში. 

Booking-ის შესახებ

Booking ცნობილი ტურისტული სააგენტოა, რომელიც 1996 წელს,ნიდერლანდებში შეიქმნა. ის მოიცავს ისეთ საძიებო სერვისებს, როგორიცაა სასტუმროები, მანქანის გაქირავება, ფრენები, ტურები და ასე შემდეგ. ამ ვებგვერდზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად მუშაობენ ადამიანები, როგორც მცირე სასტუმროს, ასევე მასშტაბური სასტუმროს ბიზნესის მფლობელები. პლატფორმა ხელმისაწვდომია ათეულობით ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზე, რაც მის გამოყენებას თქვენი სასტუმროს პოპულარიზაციისთვის, ბევრად ამარტივებს.

Airbnb-ის შესახებ

Airbnb ერთ-ერთი ლიდერი პლატფორმაა, გამოყენების სიხშირის მხრივ სასტუმროს მეპატრონეებში. ხელმისაწვდომია მსოფლიოს 220 ქვეყანაში. დაარსდა 2008 წელს და დღემდე მას ათობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აქ ნახავთ უამრავ მცირე საოჯახო სასტუმროს ან უბრალოდ დღიურად გასაქირავებელ ოთახებს, რომელიც ნათლად აჩვენებს იმას, რომ პლატფორმის ეფექტურად გამოსაყენებლად და მომხმარებლის მოსაზიდად, სულაც არაა საჭირო გრანდიოზული პირობები ან დიდი გამოცდილება. 

Airbnb vs Booking

იმისთვის, რომ უფრო მარტივად გააკეთოთ არჩევანი, იმაზე თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებთ თქვენი სერვისის განსათავსებლად, პლატფორმებს შორის შედარებას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით მოვახდენთ. მასპინძელთა უმრავლესობა ორივე პლატფორმას კომბინირებულად იყენებს, თუმცა მეტი პოტენციალისთვის, საჭიროა კონკრეტული დეტალების ცოდნა. 

მომხმარებელთა აუდიტორია

გაგიკვირდებათ, მაგრამ მიუხედავად ორივე პლატფორმის უსაზღვრო პოპულარობისა, მათი მომხმარებელთა აუდიტორია საკმაოდ განსხვავდება. აირბიენბისა და ბუკინგს რომ მოგზაურის თვალით შევხედოთ, დავინახავთ, რომ ძიების სისტემა ორივე პლატფორმაზე თითქმის ერთნაირი და მარტივად გამოსაყენებელია. თუმცა მიუხედავად ამისა, როგორც კვლევებიდან გამოიკვეთა, ბუკინგსაც და აირბიენბისაც განსხვავებული თაობის მომხმარებლები სტუმრობენ. 

კონკრეტულად, აირბიენბი უფრო მილენიალებშია პოპულარული, რომელთა ასაკი დაახლოებით 27-42  წელია. ისინი მეტ წილად ისეთ ადგილებს ეძებენ დასარჩენად, რომლებშიც ოჯახური გარემო იგრძნობა და რომლებშიც კონკრეტული თემატიკაა განსაზღვრული, დიზაინის კუთხით. 

რაც შეეხება ბუკინგს, მომხმარებელთა დიდი ნაწილი მილენიალებს შეადგენს, თუმცა ასევე აქტიურობენ ე.წ ჯენ-ზის წარმომადგენლებიც. თუ აირბიენბი ცნობილია საოჯახო ტიპის სასტუმროების მხრივ, ბუკინგზე ბევრ ცნობილ სასტუმროთა ქსელს შეხვდებით, მათ შორის resort hotel-ებს, რომლებიც ბევრად მასშტაბურ სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს. განსხვავებაა არეალშიც. კონკრეტულად, აირბიენბი უფრო პოპულარულია ამერიკაში, ხოლო ბუკინგი, ევროპაში. შესაბამისად, თქვენ როგორც მასპინძელს, თქვენი შეთავაზებული სერვისის შესაბამისად, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, პლატფორმების კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში, რომელზე ფოკუსირდეთ უფრო მეტად. 

საწევრო გადასახადი

იმისთვის, რომ თქვენი სასტუმრო შესთავაზოთ მოგზაურებს, საჭიროა კონკრეტული საფასურის გადახდა.  გაითვალისწინეთ, რომ გადასახადის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რეგიონისა და უძრავი ქონების ტიპის მიხედვით, ინფორმაცია უმჯობესია შემოსავლების სამსახურში დააზუსტოთ. ზოგად შემთხვევაში კი იცოდეთ, რომ აირბიენბის მასპინძლებისთვის, ე.წ ჰოსთებისთვის, არსებობს ორი ტიპის გადახდის საშუალება. პირველია გაყოფილი გადასახადი, სადაც თქვენ გეკისრებათ ფიქსირებული საკომისიო 3%. დამატებითი 13% კი ირიცხება სტუმრების საკომისიოს სახით. მაგალითისთვის, თუ თქვენ აქირავებთ ნომერს 100$-ად, აირბიენბი, კლიენტებს ნომერს 113$-ად შესთავაზებს. 

თუ გსურთ რომ პოტენციურ კლიენტებს რეალური ფასი შესთავაზოთ, შეგიძლიათ გადახდის მეორე მეთოდი აირჩიოთ, რომელსაც “მხოლოდ მასპინძლის გადასახადს” უწოდებენ. ეს სავალდებულოა უმეტეს ქვეყნაში. თქვენ, როგორც სერვისის შემთავაზებელს გეკისრებათ საკომისიო, მთლიანი თანხის 15%. 

ბუკინგის პლატფორმას კი სტანდარტული შეთავაზებით სარგებლობისას უნდა გადაუხადოთ თანხის 15%. საკომისიო გაიზრდება თუ გსურთ, რომ თქვენი შეთავაზება, ტოპ რეიტინგში მოხვდეს და ძებნისას, პოტენციულ კლიენტს პირველ ვარიანტად 

გამოუჩნდეს. 

დამატებითი ინფორმაცია გადასახადთან დაკავშირებით

თქვენს მიმართ დაკისრებული გადასახადი ბუკინგისა და აირბიენბის მიერ შემოიფარგლება 15%–მდე ფიქსირებული საკომისიოთი, თუმცა საქართველოს კანონმდებლობის ახალი დადგენილების თანახმად, თუ აპირებთ, რომ თქვენი უძრავი ქონება მოკლევადიანი გაქირავებისთვის გამოიყენოთ (დღიური, თვიური გაქირავება) ამისათვის საჭიროა როგორც გამქირავებელმა, გააკეთოთ განაცხადი შემოსავლების სამსახურში, და თვიურად გადაიხადოთ დაკისრებული საკომისიო. 

ზოგადად, ეს საკომისიო კვადრატულ მეტრზე, 10 ლარის გადახდას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს გარკვეულ რეგიონებში მოქმედებს განსხვავებული ტარიფები. მაგალითად, თუ თქვენი უძრავი ქონება ბორჯომში მდებარეობს, ვალდებული ხართ გადაიხადოთ კვადრატულ მეტრზე 5 ლარი. ამ ყოველივეზე დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გადასახადის აგროვების სისტემა

განსხვავებით ბუკინგისგან, აირბიენბი ამ შემთხვევაში ირჩევს გადასახადების აგროვების პირდაპირ მიდგომას, მასპინძლების, ანუ თქვენი სახით. გადახდის არჩეული მეთოდის შესაბამისად, სტუმრის რეგისტრაციიდან 24 საათის მანძილზე, პლატფორმა ავტომატურად აგროვებს გადასახადს. 

რაც შეეხება ბუკინგს, აქ გადასახადის აგროვების ორი მეთოდია ხელმისაწვდომი. ერთ-ერთია ე.წ ონლაინ გადახდები, რომელიც მასპინძლის არჩევანით, ავალდებულებს სტუმარს ონლაინ გადაიხადოს თანხა და მასპინძელმა გააგზავნოს გარანტირებული გადარიცხვის საბუთი საბანკო ამონაწერით. ამასთან ბუკინგზე მასპინძლებს შეუძლიათ სტუმრებს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ და დაეთანხმონ, როგორც ონლაინ გადახდებს, ასევე ადგილზე გადახდებს. 

ჯავშნის გაუქმების პირობები

ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნებისა თუ ნაწილობრივ ანაზღაურების საკმაოდ მრავალფეროვანი პირობებით უგზრუნველყოფთ ორივე პლატფორმა. აირბიენბის შემთხვევაში ხელმისაწვდომია “მორგებული,” “ზომიერი,” “მკაცრი,” “გრძელვანდიანი,” “მკაცრი ერთი თვის მანძილზე” და “მკაცრი 2 თვის მანძილზე” პირობები. 

  • მორგებული – თუ კლიენტმა თქვენთან ჯავშანი დათქმულ თარიღამდე 5 დღით ადრე გააუქმა, მაშინ თანხა სრულად უნდა დაუბრუნოთ. თუ 5 დღეზე ნაკლებ ვადაში გააუქმა, უნდა აუნაზღაუროთ თანხის 50%.
  • მკაცრი – თუ კლიენტი ვიზიტამდე მინიმუმ 14 დღით ადრე და დაჯავშნიდან 48 საათში გააუქმებს ნომერს, მიიღებს სრულ ანაზღაურებას. 7 დღემდე ვადაში კი 50% ანაზღაურებას (სერვისის გადასახადის ანაზღაურების გარეშე).
  • გრძელვადიანი – თუ ნომერი დაჯავშნიდან 48 საათში და ვიზიტამდე 28 დღით ადრე გაუქმდა, კლიენტს თანხა დაუბრუნდება სრულად.
  • მკაცრი ერთი თვის მანძილზე – თუ თქვენი კლიენტი მინიმუმ 30 დღით ადრე გააუქმებს ჯავშანს, მიიღებს თანხის 50%-ს (სერვისის გადასახადის ანაზღაურების გარეშე). ამ პირობის დაწესება შეგიძლიათ მხოლოდ მათ, ვინც მენეჯერის პროგრამული უზრუნველყოფით მართავს აირბიენბის პლატფორმას.
  • მკაცრი ორი თვის მანძილზე – თუ კლიენტი გაგიუქმებთ ჯავშანს მინიმუმ 60 დღით ადრე ვიზიტამდე, მიიღებს 50%-იან ანაზღაურებას (სერვისის გადასახადის ანაზღაურების გარეშე).

ბუკინგის შემთხვევაში, კი სამი სახის ალტერნატივა გაქვთ რომ აირჩიოთ. ესენია, “სრულად მორგებული,” “მორგებული” და “დეპოზიტის შემცველი.” 

  • სრულად მორგებული – გაუქმების ვადის მიუხედავად, ნებისმიერი მომხმარებელი სრულად მიიღებს გადახდილ თანხას უკან, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე.
  • მორგებული – თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მინიმუმ რამდენი დღით ადრე შეუძლია სტუმარს გააუქმოს ჯავშანი და რა შემთხვევაში მიიღებს ის, თანხის სრულ ანაზღაურებას.
  • წინასწარ ავტორიზებული/დეპოზიტის შემცველი – თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ არაანაზღაურებადი დეპოზიტი ჯავშნის დროს, რომელიც ნებისმიერ დროს გაუქმების შემთხვევაში, კლიენტს არ დაუბრუნდება და დაგრჩებათ თქვენ.

რეიტინგის შექმნის პირობები

თითოეულ პლატფორმაზე კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა დეტალურად შეგაფასონ. ასე რომ გადაწყვიტეთ, რომელი კრიტერიუმია თქვენთვის მისაღები იმითვის, რომ შეიქმნათ და შემდგომში, შეინარჩუნოთ მაღალი რეიტინგი, მეტი მომხმარებლის მოსაზიდად. 

აირბიენბის სარგებლობის შემთხვევაში კლიენტებს ნომრის დატოვებიდან 14 დღის მანძილზე აქვთ უფლება დატოვონ კომენტარი თქვენს სასტუმროსა და სერვისის ხარისხზე. მათ შეუძლიათ შეგაფასონ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა ზოგადი გამოცდილება, ნომრის კეთილმოწყობა, მდებარეობა, პერსონალის მომსახურება, სისუფთავე და სხვა. პარალელურად, თქვენც შეგიძლიათ დაუტოვოთ კომენტარი კლიენტს.

რაც შეეხება ბუკინგის პლატფორმას, აქ შეფასება მხოლოდ ნომრის დატოვებიდან 2 დღის ვადაშია აქტიური. კლიენტს კომენტარის ჩასწორება კი 3 თვის ვადაში შეუძლია. განსხვავებით აირბიენბისგან, თქვენ ვერ შეძლებთ დაუტოვოთ კომენტარი კლიენტს. 

დაზღვევის პირობები

ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი მცირე თუ დიდი ბიზნესის პოპულარიზაციისას, თავი იგრძნოთ დაცულად და გქონდეთ პლატფორმა, სადაც დაზღვევასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, მინიმუმამდეა დაყვანილი. სწორედ ასეთი პლატფორმებია ბუკინგი და აირბიენბი, რომლებსაც ნამდვილად ღირსეულად აქვთ დადებითი რეპუტაცია, მსოფლიოს მასშტაბით.

აირბიენბის შემთხვევაში, პლატფორმა გთავაზობთ 1 მილიონი დოლარის ღირებულების დაზღვევის გარანტიას, რაც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ სტუმრებმა დააზიანეს თქვენი ქონება, მათ შორის ქონების ფარგლებში შემავალი ნივთი. დაზღვევა არ მოქმედებს მესამე მხარის მიმართ. შესაბამისად, თუ ზიანი ეხება მეზობლებს, გარე ქუჩის ტერიტორიას და ა.შ, ამ ყველაფერს დაზღვევა არ ფარავს. 

აირბიენბის მსგავსად ბუკინგის მასზე დარეგისტრირებულ ჰოსთებს, ანუ მასპინძლებს 1 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზღვევო გარანტიას სთავაზობს. თუმცა განსხვავებით აირბიენბისგან ამ დაზღვევაში მესამე პირის მიმართ მიყენებული ზიანიც განიხილება. მაგალითად შემთხვევა, თუ სტუმარმა ონკანი ჩართული დატოვა, რამაც მეზობლის ოთახის დაზიანება გამოიწვია. 

Airbnbის შეფასება

იმისთვის, რომ უკეთ აღიქვათ, თუ რა შესაძლებლობებს გთავაზობთ აირბიენბი, როგორც მასპინძელს და შეაფასოთ მისი რელევანტურობა თქვენს მოთხოვნებთან მიმართებით, გაგაცნობთ იმ საკვანძო თვისებებს, რაც აირბიენბის დადებით და უარყოფით მხარეებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. 

დადებითი მხარეებიუარყოფითი მხარეები
წვდომა მსოფლიოს მასშტაბით მყოფ მოგზაურებზენაკლებად პოპულარულია ევროპაში
ორი ტიპის საწევრო საკომისიოს გადახდის მეთოდიმეტ წილად გამოიყენება ერთი თაობის წარმომადგენლებში
მრავალფეროვანი არჩევანი ჯავშნის გაუქმების პირობების განსაზღვრისასგადასახადის აგროვების მხოლოდ ერთი მეთოდის ხელმისაწვდომობა
1 მილიონი დოლარის სადაზღვევო გარანტიდაზღვევაში არაა გათვალისწინებული ზიანი მესამე მხარესთან
კომენტარის დატოვების შესაძლებლობა კლიენტისთვის

Booking-ის შეფასება

ბუკინგის პლატფორმა მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა არსებობს კონკრეტული ასპექტები, რაც კომპანიის სუსტ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმ შემთხვევაში, თუ ბუკინგს ვიყენებთ როგორც მასპინძლები, ანუ ჰოსთები, და არა როგორც მოგზაურები. 

დადებითი მხარეებიუარყოფითი მხარეები
წამყვანი პლატფორმა მსოფლიოშინაკლებად პოპულარულია ამერიკაში
ხელმისაწვდომია ათობით ენაზეკლიენტთან კომენტარის დატოვება არ შეგიძლიათ. შეგიძლიათ მხოლოდ დაბლოკვა
გთავაზობთ მრავალფეროვან, მორგებულ არჩევანს ჯავშნის გაუქმების პირობების განსაზღვრისთვის
გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის საკომისიოს, თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
გადასახადის აგროვების ორ მეთოდს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება
დაზღვევაში გათვალისწინებულია ზიანი მესამე მხარესთან

მოკლე შეჯამება

ჩვენ კონკრეტულად არ გირჩევთ რომელიმე პლატფორმაზე ფოკუსირებას, რადგან ამას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. მათ შორის თუ რა ტიპის სასტუმროს ან ოთახს სთავაზობთ კლიენტს, რა არის თქვენი პირობები, სად მდებარეობს უძრავი ქონება და რა არის თქვენი მიზანი. 
ნებისმიერ შემთხვევაში, აირბიენბისა თუ ბუკინგის გამოყენებისას, თქვენ გაქვთ შანსი, დაამყაროთ კომუნიკაცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მოიზიდოთ ადგილობრივი თუ უცხოელი მოგზაურები. თითოეული პლატფორმა მორგებულ გადასახადებს, პირობათა რამდენიმე ალტერნატივას და კომფორტულ შესაძლებლობებს გთავაზობთ, რაც დეტალურად განვიხილეთ Airbnb vs Booking ნაწილში. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ გამოიყენოთ ორივე პლატფორმა კომბინირებულად, თქვენი მიზნებისა და ინტერესებიდან გამომდინარე.