თუშეთი
თუშეთი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონია, უიშვიათესი და უნიკალური ბუნებით, ტრადიციაებით, არქიტექტურითა და სულისკვეთებით. თუშეთის უძველესი სოფლები, ქვის სახლები და კოშკები თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს. ხელუხლებელი, ველური პეიზაჟები, ცაში გამოკიდებული მთები და მინდვრები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
თუშეთის შესახებ
თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო და ექსტრემალური გზების ტოპ ათეულში შედის. თუშეთში რომ მოხვდეთ, საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელი – აბანოს უღელტეხილი უნდა გადაიაროთ, რომელიც ზღვის დონიდან 2826 მეტრზე მდებარეობს. მისი ტერიტორია მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიად ითვლება ევროპაში.
რა ვნახოთ თუშეთში?
სოფლები და კურორტები თუშეთში
თუშეთის სოფლები და კურორტები მაღალ, კლდოვან მთებზეა შეფენილი, ირგვლივ ტყითა და ალპური მდელოებით გარშემორტყმული. მათი არქიტექტურული სტილი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და სოაცრად ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის. ტურისტებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ომალოს, დართლოს, დიკლოსა და დოჭუს ტურები.
თუშეთის ღირსშესანიშნაობები
თუშეთის ღირსშესანიშნაობები ციხე-სახლებს, ეკლესიებსა და ბუნების ძეგლებს აერთიანებს. მოინახულებთ კესელოსა და დიკლოს ციხეებს, შენაქოსა და დართლოს ეკლესიებს. თუშეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლები გამორჩეულია თავისი მასშტაბებითა და უნიკალურობით. აბანოსა და აწუნთას უღელტეხილებიდან სწორედ ამ გამორჩეულ პეიზაჟებს იხილავთ.
სასტუმროები თუშეთში
თუშეთში სტუმრობისას ძირითადად ადგილობრივი გესთ ჰაუსები გიმასპინძლებენ. ასევე არის რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო, სადაც კომფორტულად განთავსდებით.
ომალოში სასტუმრო სამზეო და სასტუმრო კეპნი მდებარეობს. ორივე მათგანიდან ბუნების საოცარი ხედები იშლება. ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული სამზარეულოს კერძები, ისიამოვნოთ დილის გამომაფხიზლებელი საუზმით სუფთა ჰაერზე და დატკბეთ მზის ულამაზესი ჩასვლის სანახაობით.
სუფთა და კომფორტული ნომრებში გიმასპინძლებთ გესთ ჰაუსი ციხის ძირი, თუშური კოშკი, აზიკურთა, სარგირი და ლილეო.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის თუშეთში მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო?
თუშეთი თავისი მდებარეობის გამო ნახევარი წლის განმავლობაში ფაქტობრივად იზოლირებულია დანარჩენი რეგიონებისგან. თუშეთამდე მისასვლელი გზა, აბანოს უღელტეხილი, გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრამდე თავისუფალია. სწორედ ამ პერიოდში შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი თუშური მოგზაურობა.
როგორია თუშეთის გზა?
თუშეთამდე მისასვლელი სამანქანო გზა საკმაოდ რთული გასავლელია. ამისათვის აუცილებლად მაღალი გამავლობის მანქანა და გამოცდილი მძღოლი დაგჭირდებათ. აბანოს უღელტეხილის მონაკვეთი დაახლოებით 72 კილომეტრია და მის გასავლელად საშუალოდ 4 სააათი დაგჭირდებათ.
რა დროა საჭირო თუშეთის სანახავად?
თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. გაითვალისწინეთ, რომ თბილისიდან თუშეთამდე 7-8 საათიანი გზა გელოდებათ. ამიტომ ერთი სრული დღე მგზავრობისთვის უნდა გათვალოთ.
რამდენად უსაფრთხოა თუშეთი?
თუშეთში მოგზაურობისთვის აუცილებელია შეარჩიოთ წლის სწორი მონაკვეთი, მაშინ, როდესაც მისასვლელი გზა გაწმენდილი და უსაფრთხოა. ასევე გაითვალისწინეთ ამინდი, რათა აბანოს უღელტეხილზე გართულებები თავიდან აიცილოთ.
მაღაზიები თუშეთში
ომალოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სურსათი, ისე სუვენირები. თუმცა არჩევანი არც თუ ისე დიდია. ამიტომ უმჯობესია, რომ სასურველი პროდუქტები გზად მოიმარაგოთ. გაითვალისწინეთ, რომ თანხა თან იქონიოთ, რადგან მაღაზიებში ანგარიშსწორება ნაღდი ფულით ხდება.