კახეთი
კახეთი მზიანი ველების, მათზე გაშლილი ვენახების, შატოების, ისტორიული ციხე-ქალაქების, შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრებისა და ბუნების გასაოცარი ძეგლების მხარეა. თანამედროვე კახეთმა მის ისტორიულ წარსულსა და კულტურაზე დააშენა სრულიად ახალი და ამავდროულად ტრადიციულთან დაკავშირებული სტუმარ-მასპინძლობისა და მოგზაურობის გამოცდილება.
კახეთის შესახებ
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც უკიდურესი აღმოსავლეთით, საქართველოს სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს. მხარის ტურისტულ პოტენციალს მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიციები და მრავალფეროვანი ბუნება განსაზღვრავს.
რეგიონში კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა. ღვინისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს მოყვარულებს აქაური შატოები და ღვინის მარნები მასპინძლობს.
კურორტები და ქალაქები კახეთში
კახეთის თანამედროვე ქალაქების მიღმა უძველესი ისტორია და მრავალსაუკუნოვანი წარსული ინახება. თითოეული მათგანი გამორჩეული და განსაკუთრებულია თავისებურად და ამავდროულად ატარებს იმ საერთო ხიბლსა და ატმოსფეროს, რომელიც კახეთის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.
აქაურობის აღმოჩენა მისი გულიდან, თელავიდან უნდა დაიწყოთ და გააგრძელოთ სიღნაღით, ყვარელითა და ლაგოდეხით.
კახეთის ღირსშესანიშნაობები
კახეთის ბუნების ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეულად სანახაობრივია ვაშლოვანის სახელმწიფო ნარძალი და თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები.
შემორჩენილია ისტორიული ციხე-გალავნების ნაშთები – სიღნაღის გალავანი და უჯარმის ციხე.
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია გარეჯისა და ბოდბის სამონასტრი კომპლექსები, ეყალთოს, გრემის, შუამთისა და ნეკრესის ტაძრები.
შედარებით გვიანდელი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ღვინის მარნითა და უნიკალური ბაღით.
სასტუმროები კახეთში
კახეთში ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე ვიზიტორისთვის მოიძებნება შესაფერისი სასტუმრო. მათი გაერთიანება 4 ძირითად კატეგორიაში შეგვიძლია:
საუკეთესო ბიუჯეტური საოჯახო ტიპის სასტუმროები
Luca Lili – საოჯახო სასტუმრო სიღნაღში, სიღნაღის მუზეუმიდან 800 მეტრში მდებარეობს. სუფთა, მოწესრიგებული და მყუდრო ნომრებით, აივნით და კეთილგანწყობილი პერსონალით გიმასპინძლებთ.
Zandarashvili – ქალაქ სიღნაღში მდებარეობს. სასტუმროს დიდი და ნათელი ოთახები, გამწვანებული და საზაფხულო ინვენტარით აღჭურვილი ეზო აქვს.
Lilia – სასტუმრო ლილია თელავში მდებარეობს. აქ ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. სასტუმროს საკუთარი მარანი და კეთილმოწყობილი ეზო აქვს.
საშუალო ბიუჯეტის საუკეთესო სასტუმროები
წინანდლის ისტორიულ მამულში სასტუმრო პარკ ჰოტელი 2019 წელს გაიხსნა. პარკ ჰოტელის მთავარ კონცეფციად მუსიკა, სტრიტ-არტი, კაშკაშა ფერები და მინიმალისტური, საინტერესო დიზაინი იქნა არჩეული.
ოთახების დიზაინი საგანგებოდ შეიქმნა წინანდლის მუსიკალურ ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსებისთვის.
სასტუმრო შატო ყვარელი ყვარლის ცენტრში მდებარეობს. გემოვნებიანი ინტერიერი ქართული და ევროპული სტილის ნაზავია. სასტუმროს სამი განსხვავებული რესტორანი და ქართული გამორჩეული მეღვინეობა “ქინძმარაულის” დახვეწილი ღვინოების შემოთავაზება შეუძლია.
სასტუმრო ამპელო რეზორტი სოფელ კარდენახში მდებარეობს. სასტუმროს საკუთარი ღვინის მარანი აქვს. აქვე შეძლებთ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები, რომლებიც სასტუმროს მიერ მოყვანილი ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება.
სასტუმრო ჰესტია თელავში გიმასპინძლებთ. სასტუმროდან კავკასიონისა და ქალაქის ხედები იშლება. დიდი და ნათელი ოთახებიდან საზაფხულო აივნებზე გადაინაცვლებთ.
საუკეთესო ბუტიკური სტილის სასტუმროები
Lost Ridge Inn სასტუმრო სიღნაღში გამორჩეული სამზარეულოთი, ადგილობრივი კრაფტ ლუდებითა და საცხენოსნო რანჩოთი გიმასპინძლებთ.
Communal Hotel Telavi ქალაქის ცენტრში მდებარე დახვეწილი, კომფორტული სასტუმროა. ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია საკუთარი აუზი, ტერასები და გასართობი სერვისები. ოთახებიდან კავკასიონის, ქალაქისა და აუზის ხედები იშლება.
სასტუმრო ესკიზი თელავის შუაგულში მდებარეობს. სასტუმროს შთამბეჭდავი გარე სივრცეები, ღია აუზი, ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი, 2 რესტორანი და მყუდრო ბიბლიოთეკა აქვს .
ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.
საუკეთესო მაღალ ბიუჯეტური სასტუმროები
Radisson Collection Tsinandali ძველი ქარხნის არეალში განთავსებულია თავადი ალექსანდრეს რესტორანი, საიდუმლო ოთახი და ღვინის ბარი გაუმარჯოს. აქვეა სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუთხე – “ეგვიპტური ოთახი”. სასტუმროს ამ ულამაზესი ფლიგელიდან წინანდლის ბაღის წარმტაცი ხედი იშლება.
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული. 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს.
სასტუმრო ყვარლის ტბა მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული კომპლექსია. სასტუმროს ტერასებიდან და ნომრებიდან ალაზნის ველის, ტბისა და ტყის პანორამული ხედებით დატკბებით. ისეირნებთ ველოსიპედით სპეციალურად მოწყობილ ბილიკებზე. აქვეა წყლის ველოსიპედები და თხილამურები.
Ambassadori Kachreti Golf Resort არა მხოლოდ გამორჩეულ მომსახურებას გთავაზობთ, არამედ გართობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. სასტუმროს ტერიტორიაზეა გოლიფის მოედნები, ბოულინგი, საცხენოსნო რანჩო და სხვა.
საუკეთესო ღვინის სასტუმროები
სასტუმრო შატო ართვაინი თელავთან ახლოს, სოფელ ართანაშია. სასტუმრო მდებარეობს ულამაზესი ვენახებისა და მთების შუაგულში, რაც განსაკუთრებულად მყუდრო, მშვიდ და ლამაზ გარემოს ქმნის დამსვენებლებისთვის. კონცეფცია აერთიანებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას.
შატო ენისელი ვიზიტორებს სადა და დახვეწილი ინტერიერის გარდა საკუთარი წარმოების უგემრიელ პროდუქტებს და მათგან დამზადებულ ტრადიციულ ქართულ კერძებს სთავაზობს. დააგემოვნებთ უგემრიელეს ავთენტურ ღვინოებს სასტუმროს მარნიდან.
ბაბანეურის მარანში ქართული ჯიშების, საფერავის, მწვანეს, ქისისა და რქაწითელის სახეობის ღვინოების დაგემოვნება შეგიძლიათ.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ არის ცნობილი კახეთი?
კახეთი ცნობილია ღვინის უძველესი კულტურითა და ტრადიციებით. აქ გავრცელებულია უნიკალური ვაზის ჯიშები და ღვინის დაყენების ავთენტური ტექნოლოგია.
კახეთის ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ვაკე-დაბლობები და მთები, განაპირობებს მხარის ბიომავალფეროვნებასაც. კახეთის დაცული ტერიტორიები მდიდარია უნიკალური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით.
როგორ მივიდეთ კახეთში?
კახეთში ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტია განვითარებული. თბილისიდან ავტომანქანით კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 2-2.5 საათი დაგჭირდებათ. თბილისიდან თელავისკენ ორი გზა მიდის – გომბორის უღელტეხილზე და გომბორის ქედის შემოვლით.
კახეთის სხვადასხვა რაიონისაკენ ავტობუსები გადიან ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან.
რა არის კახეთის ცენტრი?
კახეთის ადმინისტრაციული ცენტრია თელავი. ქალაქი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე მდებარეობს.
სად მდებარეობს კახეთი?
კახეთი საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარეობს და სასაზღვრო რეგიონს წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია. რეგიონს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი.
რა ქალაქებია კახეთში?
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ქალაქ თელავსა და თუშეთს.
კახეთის ბუნებრივი რესურსები
კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით.
ვაშლოვნისა და ლაგოდეხის ნაკრძალების ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.