სიღნაღი - sighnaghi

სიღნაღი

  1. საქართველოს კუთხეები

სიღნაღი კახეთის რეგიონის გამორჩეული ტურისტული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით, ხედებითა და მყუდრო ატმოსფეროთი. სიღნაღი გაშენებულია შემაღლებულ ბორცვზე და ალაზნის ველის გაშლილ სივრცეს, ფერად მინდვრებსა და კავკასიონის მთებს გადაჰყურებს. ქალაქის იერსახეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქვაფენილიანი ქუჩები, ხის ფერად-ფერადი აივნები და აგურისფერი სახურავით დახურული შენობები.
სიღნაღის ღირსშესანიშნაობებს გაეცანით ჩვენს სტატიაში.

სიღნაღის შესახებ

ქალაქი სიღნაღი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 790 მეტრზე მდებარეობს.
სიღნაღს სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. სახელის პირველი ვერსია დაკავშირებულია ქორწინების სახლთან, რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და წყვილებს დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ქორწინების ცერემონიალი გამართონ. მეორე ვერსია ცნობილ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს უკავშირდება, რომელმაც გადმოცემის თანახმად, სიღნაღში თავისი სახლი საყვარელი ქალისთვის მილიონი ვარდის საჩუქებლად გაყიდა.

სიღნაღის ღირსშესანიშნაობები

სიღნაღში ყოველ ქუჩასა და ქვას თავისი ისტორია აქვს. ქალაქის ღირსშესანიშნაობები აქაური კულტურისა და ცხოვრების თავისებურებების გამომხატველია. 

ისტორიულად, საქართველოს ეს მხარე მუდამ მტრის სამიზნე იყო. ამიტომ სიღნაღს გარს ციხე-გალავანი შემოარტყეს, რაც დღესდღეობით ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სიღნაღში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტაძარია, მათ შორის ბოდბისა და ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტრები.

სასტუმროები სიღნაღში

სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ აქ არაერთი სასტუმრო და საოჯახო ტიპის გესთ ჰაუსი გაიხსნა. ტურისტებისათვის მიმზიდველია ხელმისაწვდომი ფასები და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციასთან ზიარება. 

კაბადონი

სასტუმრო კაბადონის სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: ქართული დიზაინის ელემენტებით შექმნილი ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღის ცენტრშია განთავსებული. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის პანორამული ხედი იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.

BelleVue

სასტუმრო ბელვიუ ისტორიული ციხეგალავნისა და ტურისტული ბილიკის გვერდით მდებარეობს. სასტუმროს აივნებიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული კერძები და  გამორჩეული კახური სამზარეულო. 

Lost Ridge Inn

სასტუმრო Lost Ridge Inn საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუკი გსურთ ადგილობრივი კრაფტ ლუდის დაგემოვნება და ცხენზე ჯირითი. სასტუმროს საკუთარი ლუდსახარში და ცხენების რანჩო აქვს. 

გემოვნებიანი, სადა და დახვეწილი ნომრებიდან იშლება ხედები სასტუმროს ეზოში გაშენებულ ბაღებზე. 

Kusika Guest House

Kusika Guest House ვიზიტორებს კომფორტულ ნომრებს, საზაფხულო ტერასასა და გარე აუზს სთავაზობს. ტრადიციული კახური სამზარეულო, ღვინო და ხედები ალაზნის ველზე დღის საუკეთესო დასასრულია მოგზაურობის შემდეგ. 

Guest House Pirosmani

Guest House Pirosmani ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. სასტუმროს პერსონალი სტუმართმოყვარე მასპინძლობას გაგიწევთ. დიდი და კომფორტული ნომრებიდან მშვენიერი ხედი იშლება სიღნაღის გორაკებზე. 

რესტორნები სიღნაღში

სიღნაღში სტუმრობისას აუცილებლად დააგემოვნეთ ტრადიციული კახური სამზარეულო და ნუგბარი. ქალაქში რამდენიმე გამორჩეული რესტორანია, სადაც უგემრიელესი კერძების დაგემოვნებას ქალაქის ხედების ფონზე შეძლებთ. 

ტერასა სიღნაღი, რესტორანი ამო, კანუდოსი და სანადიმო ტრადიციული ქართული მენიუთი და ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ვეგეტარიანელებსა და ვეგანებს პანჩო ვილა მექსიკური, ლათინო და ცენტრალური ამერიკის სამზარეულოთი გიმასპინძლებთ. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ჩამოვიდე სიღნაღში?

თბილისი სიღნაღი გზის მონაკვეთი 113 კმ-ია. თუკი მოგზაურობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, მარშრუტების, გამგზავრების დროებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილში: 

გაჩერების ადგილი გასვლის დრო ღირებულება
თბილისი – სამგორი, ნავთლუღის ბაზრობის  ავტოსადგური ყოველდღე – 9:00 სთ.; 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი
სიღნაღი  – ავტოსადგური,  საფეხბურთო მოედნის გვერდით ყოველდღე – 7:00 სთ; 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

სიღნაღის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა კახეთის ბუნება, ალაზნის ველები და მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუკი რთველში მონაწილეობის მიღებაც გსურთ, სიღნაღსა და მის შემოგარენს ადრეულ შემოდგომაზე ესტუმრეთ. ამ პერიოდში კახეთისკენ მიმავალი გზა და გომბორის უღელტეხილი საოცარ ფერებშია გახვეული.