სათაფლიის მღვიმე
სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთი ულამაზესი კარსტული მღვიმეა საქართველოში, ქუთაისის მახლობლად. მილიონობით წლის განმავლობაში ფორმირებული სტალაქტიდების, სტალაგმიტებისა და დერეფნების ნახვა დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში. სათაფლიის მღვიმის თავგადასავალი აუცილებლად დაუვიწყარ მოგონებებს დაგიტოვებთ.
სათაფლიის მღვიმის შესახებ
სათაფლიის მღვიმე ქუთაისიდან 7 კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მათი აღმოჩენა პეტრე ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება 1925 წელს, რომელიც ამ მოდამოებში პირველყოფილი ადამიანის სადგომებს ეძებდა. 1929 წლიდან ამ ადგილზე უკვე იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა ვიზიტორებისთვის.
სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებით. მღვიმეების ტერიტორიაზე განლაგებულია რელიქტური და ენდემური ნიმუშებით მდიდარი კოლხური ტყე და დინოზავრის ნაკვალევი, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არცერთ სხვა ადგილზე არ ფიქსირდება.
მღვიმე მდინარე ოღასკურის მიწისქვეშა დინების შედეგია, რომელმაც მილიონობით წლის განმავლობაში აქაურობის ფორმირება გამოიწვია.
სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 900 მეტრია და რამდენიმე განშტოებისა და დარბაზებისგან შედგება. საექსკურსიო ბილიკი 319 მეტრზეა მოწყობილი. მღვიმის შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. დარბაზების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, დერეფნების სიგანე კი 14-15 მეტრამდეა ზოგიერთ მონაკვეთში.
მღვიმის ცენტრალური დარბაზის სახელწოდება დაკავშირებულია სტალაგმიტის ქვედა ფორმასთან, რომელიც ძალიან გავს ადამიანის გულის ფორმას. სწორედ ამიტომ, მას “გულისებური დარბაზი” უწოდეს.
მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. ზოგიერთ ადგილას სტალაქტიტები და სტალაგმიტები ერთდება და დიდი ზომის სვეტებს ქმნის.
სათაფლიის მეორე მღვიმე
სათაფლიის მეორე მღვიმე, რომელიც პირველიდან 700 მეტრზე მდებარეობს, მრავალფეროვანი კარსტული წარმონაქმნებითაა მდიდარი. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი.
მღვიმეში გამოყოფილია “გიგანტური დარბაზი” და “ლოდთა დარბაზი”. მასში გაედინება პატარა ნაკადული, რომელიც ერთ ადგილზე პატარა ტბას ქმნის.
სათაფლიის მესამე მღვიმე
სათაფლიის მესამე მღვიმე შედარების მცირე ზომისაა და მთავარი მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება. მღვიმეში ძირითადად სტალაქტიტები და ნაღვენთებია.
სათაფლიის მეოთხე მღვიმე
სათაფლიის მეოთხე მღვიმე მთავარი მღვიმიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით და ქვედაცარცულ კირქვებშია გამომუშავებული. მასთან ახლოს მდებარეობს ოღასკურის მღვიმე, საიდანაც მდინარე ოღასკური იღებს სათავეს.
ტურისტული სანახაობა
ტურისტებისთვის სათაფლიის მღვიმეს სანახაობრივი ელემენტები დაემატა, მათ შორისაა ფერადი განათებები, რომლებიც ბუნების ამ საოცარ სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავად აქცევს. სხვადასხვა ფერად განათებული სტალაქტიდები, ფარდები და სტალაგმიტები თავს ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ.
სტალაქტიდებიდან და სტალაგმიტებიდან ჩამოცვენილი წყლის წვეთები მღვიმეში საოცარ ხმებსა და აკუსტიკას ქმნის. მისი მოსმენაც კი დაუვიწყარ ეფექტს ქმნის ამ ფერად გარემოში.
პრაქტიკული ინფორმაცია
სათაფლიის მღვიმის მონახულებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები, რომელსაც ადმინისრაცია აწესებს.
პირველ რიგში, აკრძალულია აქ არსებული ქანების შეხება, ცოცხალი ან არაცოცხალი ნიმუშების გამოტანა, რაიმე ტიპის ვანდალიზმი ან გარემოს დაზიანება.
მღვიმეში ტურის დაგეგმვა ნებიერ სეზონზე შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მღვიმის მუდმივი ტემპერატურა ზამთარ – ზაფხულ +13 გრადუსია, ამიტომ თან იქონიეთ თბილი ტანსაცმელიც.
მღვიმის შიგნით ჰაერის ტენიანობა 98 პროცენტია, დამტვერიანება 0%. მსგავსი ტიპის კარსტული მღვიმეები ბრონქიალური ასთმის მქონე ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.
საინტერესო ფაქტები
მიუხედავად იმისა, რომ განათებული მღვიმე და მასში დამონტაჟებული აუდიო სისტემა ტურისტებისთვის მომხიბვლელია, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მღვიმის ბიომრავალფეროვნებაზე. მღვიმეში მობინადრე უხერხემლოები ერთმანეთთან ვიბრაციის მეშვეობით ურთიერთობენ, მუსიკა კი მათ კომუნიკაციაში უშლით ხელს.
ბილეთები და სამუშაო საათები
სათაფლიაში შესასვლელი ბილეთი უნდა შეიძინოთ სათაფლიის ვიზიტორთა ცენტრის სალაროში.
ბილეთის კატეგორია | ბილეთის ფასი |
ზრდასრული | 8 ₾ |
სტუდენტი/ მოსწავლე/ არასრულწლოვანი | 5.5 ₾ |
უცხოეთის მოქალაქე | 17.25 ₾ |
სამუშაო საათები
სამუშაო დღეები | საამუშაო საათები |
სამშაბათი – კვირა | 10:00 – 18:00 |