9 ჯვარი

ცხრაჯვარი

  1. სანახაობები

მათ ვისაც გსურთ რომ მიიღოთ სრულიად განსხვავებული მოგზაურობის გამოცდილება და მოინახულოთ არაორდინალური ღირსშესანიშნაობები, აუცილებლად ეწვიეთ ცხრაჯვარს. მისტიური სალოცავი ადგილი, რომელიც ლეგენდებითაა, სავსე გასიამოვნებთ პანორამული გასაოცარი ხედებით.

ცხრაჯვარის შესახებ

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს. სალოცავის ხსენებისას პირველი ასოციაცია შეიძლება გქონდეთ მცირე ზომის ეკლესია, ძველებური ტიპის ბაზილიკა ან მსგავსი რელიგიური დანიშნულების შენობა, თუმცა ცხრაჯვარი ყველა სხვა სალოცავისგან განსხვავებულია. 

ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ზომის ჯვრები, სალოცავი ხატები და ღია სალოცავიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები სწორედ ისაა, რის გამოც ცხრაჯვარი საქართველოს უნიკალურ ღირსშესანიშნაობად ითვლება. გასაკვირი არაა, რომ ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებში, ეს ძეგლი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჯვრების სიმრავლიდან გამოირჩევა უზარმაზარ კლდოვან ლოდზე მდებარე ოქროს ჯვარი, რომელსაც ქართული ჯვრისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს. ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებით ლამაზი ნისლიან ამინდშია, რაც საკმაოდ ხშირია. ნისლში გახვეული ჯვრები, განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

პრაქტიკული ინფორმაცია

სანამ ცხრაჯვარს ესტუმრებოდეთ, მისი მდებარეობისა და რელიეფის სპეციფიურობის გამო, კონკრეტული ინფორმაციის გაცნობაა საჭირო. ღია ცის ქვეშ მოწყობილი სალოცავი საკმაოდ ციცაბო რელიეფზე მდებარეობს და შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის და ხედების დათვალიერებისთვის გასათვალისწინებელია კონკრეტული დეტალები. 

მდებარეობა

ცხრაჯვარი ორი ისტორიული მხარის, იმერეთისა და რაჭის საზღვარზე მდებარეობს. სალოცავი აგებულია ნაქერალას უღელტეხილთან, კლდოვან მთაზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება დასავლეთ საქართველოზე. სალოცავამდე მისასვლელი ბილიკის სიგრძე დაახლოებით 2 კილომეტრია. თუ ლაშქრობა გიყვართ და გაქვთ გამოცდილება, ამ ბილიკის გავლა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. სალოცავი გარშემორტმულია მცირე კედლით. ცენტრალური ჯვარი კი განცალკევებით, დიდ კლდოვან ლოდზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანის დგომაა შესაძლებელი. 

ლეგენდები ცხრაჯვარზე

ცხრაჯვარის მისტიურობას და მიმზიდველობას მასთან დაკავშირებული ლეგენდაც ქმნის, რომელიც სალოცავის შექმნის იდეაზეა. ლეგენდის თანახმად, მამამ ომში ცხრა ვაჟი გააგზავნა და მათი შინ მშვიდად დაბრუნებისთვის, გადაწყვიტა სალოცავი აეგო.  ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე, საკუთარი მხრებით აუტანია 9 ჯვარი, თითოეული შვილის სახელზე და სალოცავი გაუკეთებია. საბედნიეროდ, ღმერთმა მამის თხოვნა შეისმინა და ცხრავე ვაჟი მშობელს უვნებელი დაუბრუნა სახლში. 

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ლეგენდა ცხრაჯვარზე. შექმნის იდეასთან დაკავშირებით არსებობს მეორე ლეგენდაც, რომელიც ძმებ სოფრომიანებს უკავშირდებათ. ძმებმა სვანეთში თავადი მოკლეს და ოკრიბის პატარა სოფელში მიიმალნენ. გვარი სოფრომაძედ გადააკეთეს და ოჯახები შექმნეს. თუმცა მათი ყველა შთამომავალი პატარა ასაკში იღუპებოდა. ამ ყველაფრით შეშინებული მოსახლეობა, კი ღია ცის ქვეშ სალოცავად შეკრებილა და ღმერთისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე და სალოცავს იქ ავაგებთ, სადაც ეს აფრენილი მტრედი დაჯდებაო. მტრედი უხუცესმა სოფრომაძეებმა ააფრინეს, რომელიც სწორედ ტყიბულის ერთ-ერთ მთაზე დაფრენილა. 

სოფრომაძეებმა პირობა შეასრულეს და საკუთარი ხელით აიტანეს ჯვრები და სალოცავი გააკეთეს. სალოცავის დასრულების აღსანიშნად, კი იქვე ნადიმი გაუმართავთ, თუმცა ქეიფში ერთმანეთი დაუჭრიათ. მოგვიანებით როცა გამოფხიზლდნენ, მუხლებზე დამხობილები უფალს შეევედრნენ, რომ ეს საქციელი მათთვის ეპატიებია. სწორედ ამავე მიზეზით მაისის ბოლო შაბათს, როდესაც ცხრაჯვარობა აღინიშნება, სოფრომაძეები ერთად ლოცულობენ და ხორცს არ ჭამენ. 

მღვიმე ცხრაჯვარი

სალოცავთან ახლოს მდებარეობს უნიკალური და საქართველოს ერთ-ერთი უახლესი აღმოჩენა – ცხრაჯვარის მღვიმე. ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე, უნიკალური ფორმის სტალაქტიტური და სტალაგმიტური წარმონაქმნებით გამოირჩევა. მას საკმაოდ ვიწრო და რთული შესასვლელი აქვს, თუმცა სანახაობა ამ სირთულედ ღირს. ჯამური სიგრძე 460 მეტრია და რამდენიმე დარბაზსს მოიცავს. მღვიმეში ასევე პალეოზოოლოგიური მასალაა აღმოჩენილი. 

საუკეთესო დრო სანახავად

ცხრაჯვარი კლდოვან მთაზე მდებარეობს. შესაბამისად, მისი სალოცავის მონახულება ავდარში რეკომენდებული არაა. იმისთვის, რომ ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით, ასევე დაინახოთ შავი ზღვაც და შეძლოთ უსაფრთხოდ ასვლა ცხრაჯვარზე, უმჯობესია თუ ამ უნიკალურ ღირსშესანიშნაობას ზაფხულის მშრალ და მზიან ამინდებში ეწვევით. 

საინტერესო ფაქტები

  • თუ ცხრაჯვარს მზიან ამინდში ეწვევით, შეგიძლიათ დაბლობების პანორამულ ხედებთან ერთად შავი ზღვაც დაინახოთ.
  • ცხრაჯვრის შექმნის იდეას რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. მათგან ყველაზე ცნობილია ლეგენდა ცხრა ძმაზე, რომელთა ომიდან მშვიდობით დასაბრუნებლად, მამამ ეს სალოცავი საკუთარი ხელით გააკეთა.
  • ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, აღინიშნება ცხრაჯვარობა. დღესასწაულის დროს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმართება ნადიმი და ხალხი ერთად ლოცულობს ღვთის წყალობისთვის და კეთილდღეობისთვის.

საინტერესო ადგილები ცხრაჯვართან

ცხრაჯვართან ახლოს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ამ უნიკალურ სალოცავთან ერთად, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის. თუ ლაშქრობა და სირთულეები გიყვართ, ეწვიეთ იქვე მდებარე ცხრაჯვარის მღვიმეს, რომელიც უნიკალური რელიეფით გამოირჩევა. ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ შაორის ტბას, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ტყის ხედებით, მოაწყოთ პიკნიკი და დაისვენოთ. 

ცხრაჯვარიდან სულ რაღაც 20 წუთით სავალ გზაზე კი სოფელი ნიკორწმინდა და მასთან მდებარე უნიკალური ნიკორწმინდის ტაძარიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ, რომელიც გასაოცარი არქიტექტურული ელემენტებითა და მხატვრობით გამოირჩევა.

ჩვენი რჩევები

ცხრაჯვარის მონახულებისას კი საუკეთესო არჩევანი რაჭის ტურის მოწყობაა. ფერადი და მდიდარი კულტურის მქონე მხარეში, ბევრ საინტერესო ადგილს აღმოაჩენთ და დაუვიწყარ მოგონებებს შეიძენთ. არ დაგავიწყდეთ რაჭის სამზარეულოს გაცნობაც, გამორჩეული ღვინითა და ლორიანი ლობიანით.

ასევე გირჩევთ, რომ ცხრაჯვარის მონახულებისას სწორად შეარჩიოთ ამინდი და ჩაიცვათ კომფორტულად, რადგან ციცაბო კლდოვან ფერდობებზე ფეხით გადაადგილება მოგიწევთ. ასევე არ დაგავიწყდეთ გადაიღოთ ფოტოები, რადგან ცხრაჯვრის გასაოცარი ვიზუალი და ულამაზესი პანორამული ხედები ორიგინალური ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ.

ხშირად დასმული კითხვები

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ცხრაჯვარი?

ცხრაჯვარი ზღვის დონიდან 1569 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარეობს.

თბილისიდან რა მანძილითაა დაშორებული ცხრაჯვარი?

თბილისიდან ცხრაჯვარი 245 კილომეტრითაა დაშორებული და მანქანით მგზავრობისთვის დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.