თელავი - telavi

თელავი

  1. საქართველოს კუთხეები

თელავი კახეთის გულში, ალაზნის ვაკეზე გაშენებული ისტორიული ქალაქია. თანამედროვე თელავი ტურისტული სანახაობებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის მანძილზე. უძველესი ტაძრები, გალავნები და სასახლეები, მდინარე ალაზნის თვალწარმტაცი პეიზაჟები და ღვინის უძველესი კულტურა ქალაქის ხასიათსა და ატმოსფეროს უსვამს ხაზს.

თელავის შესახებ

თელავი გომბორის ქედის კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით.
ქალაქი კახეთის რეგიონის ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრია. თელავის თანამედროვე იერსახე, ადგილობრივი ღვინო და კავკასიონის მთები საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ქალაქი მის წარსულსა და აწმყოს ყველაზე უფრო გასაოცარი გზებით აერთიანებს.

თელავის ღირსშესანიშნაობები

თელავის ღირსშესანიშნაობები ქალაქის ისტორიულ დანიშნულებასთან, ცხოვრების წესთან და სოციო-კულტურულ წარსულთანაა დაკავშირებული. თელავის არქიტექტურა, მუზეუმები, ციხე-სიმაგრეები და სასახლეები ტურისტებს ქალაქის წარსულში ამოგზაურებს. მათი მონახულება თელავის ცენტრში და მის შემოგარენში ერთ დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ.

  • ბატონის ციხე

    ბატონის ციხე

    ბატონის ციხე თელავის ცენტრში, ერეკლე II-ის მოედანზე მდებარეობს. მე-17 საუკუნის სამეფო რეზიდენციის კომპლექსი გარშემორტყმულია თითქმის დაუზიანებლად შემორჩენილი გალავნით. კომპლექსში აერთიანებს ციხის ზღუდეს ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლეს, კარის ეკლესიას, აბანოსა და გვირაბს.

  • მეფე ერეკლე II-ის სასახლე

    მეფე ერეკლე II-ის სასახლე

    მეფე ერეკლე II-ის სასახლე მე-18 საუკუნეში აქ ერეკლე მეორემ ააგო. სასახლე ისპაჰანში ირანის შაჰის სასახლის მცირე ასლს წარმოადგენს და დღემდე დგას.

  • იყალტოს მონასტერი - ikalto monastery

    იყალთოს მონასტერი

    იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 8 კმ-ზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ზოგიერთი ცნობით, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.

  • ძველი შუანთის მონასტერი

    ძველი შუამთის მონასტერი

    ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ში, ულამაზეს ტყეშია აშენებული. კომპლექსში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება.

  • ახალი შუამთა

    ახალი შუამთა

    ახალი შუამთა თელავიდან 9 კილომეტრში, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე მდებარეობს.მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს – მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთებს შორის მდებარე ვაკეზეა აგებული.

  • წინანდალი - tsinandali

    ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი

    ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქიდან 9 კმ-ში მდებარეობს. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.

  • თელავის ისტორიული მუზეუმი - telavi history museum

    თელავის ისტორიული მუზეუმი

    თელავის ისტორიული მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (XVIII საუკუნე), კარის ეკლესიები, სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.

  • დიდი ჭადარი

    დიდი ჭადარი (Giant Plane Tree)

    ერეკლე მეორის მოედანზე 900 წლოვანი ჭადარია დარგული, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს და თელავის სიმბოლოდ ითვლება. გადმოცემის თანახმად, თუ ჭადართან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება. ჭადარი ტურისტთა საყვარელი სანახაობაა.

  • ნადიკვარის პარკი

    ნადიკვარის პარკი ქალაქის ცენტრში, “ბატონის ციხესთან” არის გაშენებული. მოწყობილია სასეირნო ბილიკები, 12 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, გადასახედი ადგილები, სათამაშო მოედნები, საზაფხულო ამფითეატრი და ატრაქციონები.

სასტუმროები თელავში

თელავში კომფორტული და დახვეწილი სასტუმროების დიდი არჩევანია. ინტერიერი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისა და განწყობის მიხედვით შეარჩიოთ, უფრო მეტად ტრადიციული, ქართული მოტივებით, ან თანამედროვე ევროპული დიზაინი. მათ უმეტესობას თან საკუთარი მეღვინეობა და მარანი აქვს, სადაც უნიკალური კახური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებთ. 

ქალაქის რჩეული სასტუმროების გასაცნობად ეწვიეთ გვერდს.

სასტუმროები თელავში

Chateau Mere

შატო მერედან ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ხედებით დატკბებით. გაისეირნებთ ცხენით, გაეცნობით ქართული ღვინის წარმოების მრავალწლიან ისტორიას, დააგემოვნებთ შატო მერეს ღვინოებს, დაწურავთ ყურძენს საწნახელში, ჩამოასხამთ თქვენი სახელობის ღვინოს. 

Communal Hotel Telavi

Communal Hotel Telavi ქალაქის ცენტრში მდებარე დახვეწილი, კომფორტული სასტუმროა. ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია საკუთარი აუზი, ტერასები და გასართობი სერვისები. ოთახებიდან კავკასიონის, ქალაქისა და აუზის ხედები იშლება. 

Esquisse Design Hotel

სასტუმრო ესკიზი მდებარეობს ისტორიულ ქალაქის  შუაგულში. 

ესკიზს აქვს შთამბეჭდავი გარე სივრცეები, ღია აუზი,  ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი,  2 რესტორანი, მყუდრო ბიბლიოთეკა. 

ოთახებიდან იშლება  პანორამული ხედები  ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

Hotel & Wine Cellar ARGE

სასტუმრო და ღვინის მარანი არგე მდებარეობს თელავიდან 3 კილომეტრში, რუისპირში. 

სასტუმრო გთავაზობთ ტრადიციული კერძების მასტერკლასებს, სხვადასხვა სახის ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციებს, ღვინის ტურს საკუთარ ვენახებსა და მარანში, ასევე საცხენოსნო და კულტურულ ტურებს.

Holiday Inn Telavi

Holiday Inn Telavi ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ფეხით  5 წუთის სავალზე მდებარეობს. სასტუმროდან ქალაქის საუცხოო ხედები იშლება. სასტუმროს ტერიტორიაზეა დახურული აუზი, რომელშიც დღის ბოლოს სასიამოვნოდ განიტვირთებით. 

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

შუმანის ღვინის შატო, ვილა და სპა კომპლექსი გარშემორტყმულია ვაზის ვენახებითა და დათოვლილი კავკასიონით. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაისვენოთ ცალკე მდგომ ვილებში, მიიღოთ ღვინის აბაზანები, ითამაშოთ გოლფი, ბილიარდი, ან დაესწროთ კულინარიულ მასტერკლასებს. 

რესტორნები თელავში

თელავში ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და გამორჩეული კახური კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. რესტორნების უმეტესობიდან საუცხოო ხედები იშლება ქალაქზე, კახეთის ველებსა და კავკასიონზე. 

ნადიკვარის ტერასიდან და რესტორან ბადიადან თელავის ხედებთან ერთად უგემრიელესი ქართული კერძებით ისიამოვნებთ. მალას ბაღში და კაპილონში შეგიძლიათ როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებით ისარგებლოთ. 

ფეხბურთის მოყვარულებს ადგილობრივი კრაფტ ლუდებისა და მენიუს დაგემოვნება რესტორან აფსაიტში შეგიძლიათ. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ჩამოვიდე თელავში?

თელავი თბილისიდან 158 კილომეტრითაა დაშორებული. საკუთარი ავტომობილით ქალაქში ჩასასვლელად 2-2.5 საათი დაგჭირდებათ.
თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან.

მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾
ტაქსის მომსახურება 15₾

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

თელავი და კახეთის რეგიონი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია. თუმცა რადგან ეს მხარე ღვინისა და რთველის კულტურასთან ასოცირდება, ყველაზე მეტად სწორედ ადრეული შემოდგომის პერიოდია საუკეთესო დრო. კახეთის მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულშიც, როცა აქაური მდელოები ჭრელ-ჭრელი მინდვის ყვავილებით იფარება.

თელავის მოსახლეობა

თელავის მოსახლეობა ბოლო დროინდელი აღწერის შედეგების მიხედვით 20 000-მდეა. მათი უმეტესი ნაწილი ქალაქში, ხოლო ნაწილი გარშემო მდებარე სოფლებში ცხოვრობს.