სათაფლია

სათაფლია

  1. სანახაობები

ულამაზესი ბუნება, უნიკალური მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი და გასაოცარი ხედები იმერეთის ბუნებაზე, სათაფლიას ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ღირსშესანიშნაობად აქცევს. იმერეთში მდებარე სათაფლიის ნაკრძალი, დაუვიწყარ და მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

სათაფლიის შესახებ

სათაფლიის ნაკრძალი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაეცნოთ უძველეს, პრეისტორიულ სამყაროს. ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარე მასიური ნაკრძალი, კომპლექსური სახისაა და ვიზიტორებს სხვადასხვა განყოფილებებსა და სერვისებს სთავაზობს. აქ ყველა ტიპის მოგზაურს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნაობა.

სათაფლიის ნაკრძალში შეგიძლიათ გაეცნოთ პალეონტოლოგიურ, ზოოლოგიურ და გეოლოგიურ აღმოჩენებს. ასევე მოინახულოთ ბოტანიკური ძეგლები, დატკბეთ ულამაზესი გადმოსახედებით და იმოგზაუროთ უძველეს კარსრტულ მღვიმეში, სადაც ნახავთ უამრავ ლამაზ და უცნაური ფორმის სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს. 

პრაქტიკული ინფორმაცია

სათაფლიის ტურისტული ბილიკები, მუზეუმი, უნიკალური კოლხური ტყე და დინოზავრის 200–მდე ნაკვალევი წლიურად, უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს იზიდავს.

მდებარეობა

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მოიცავს რამდენიმე სოფლის ტერიტორიას. ესენია: ბანოჯა, გუმბრა და ხომული. ქუთაისიდან ის დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული.  ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 330 ჰექტარია. ის რამდენიმე განყოფილებას მოიცავს, როგორიცაა კოლხური ტყე, კარსტრული მღვიმე, ბოტანიკური ძეგლები, პალეონტოლოგიური მუზეუმი და სხვა. სათაფლიის ტყეში შეიძლება შეხვდეთ ისეთ ცხოველებსაც, როგორიცაა კვერნა, შველი, კურდღელი, ციყვი და სხვა. 

მუშაობის საათები

სათაფლიის ნაკრძალი ვიზიტორებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში მასპინძლობს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ავდარში პანორამულ გადასახედზე ვიზიტორები არ დაიშვებიან. 

კვირის დღეებიმუშაობის საათები
სამშაბათი-კვირა 10:00-18:00

ბილეთების ფასები

სათაფლიის შესასვლელში მდებარეობს ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები. ვიზიტორთა კატეგორიის მიხედვით, ფასები განსხვავებულია. საფასურში ნაკრძალის ყველა განყოფილების მონახულების ფასი შედის. სათაფლიაში შეგიძლიათ VIP მომსახურებითაც ისარგებლოთ, სადაც ურიგოთ ბილეთის მიღება, ინდივიდუალური გამყოლი და სხვადასხვა სერვისით სასურველ დროს სარგებლობა შედის.

ბილეთის კატეგორიაბილეთის ფასი
6 წლამდე ბავშვებიუფასო
უცხოელები17.25 ლარი
საქართველოს მოქალაქეები8 ლარი
მოსწავლეები5.50 ლარი
მოსწავლეთა ჯგუფის პედაგოგიუფასო
ქორწინების ცერემონიალი100 ლარი
VIP მომსახურება 10 კაცამდე100 ლარი +ბილეთი
VIP მომსახურება 20 კაცამდე200 ლარი + ბილეთი

კონტაქტი

თუ დამატებითი დეტალების დაზუსტება გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სათაფლიის ნაკრძალის ადმინისტრაციას, ნომერზე 595 08 60 59 ან დაუკავშირდეთ მეილზე: mirzakenchadze@gmail.com

სასტუმროები 

თუ სათაფლიასთან ახლოსმდებარე სასტუმროებს ეძებთ, ამისთვის ორი არჩევანი გაქვთ. იქირაოთ კოტეჯი ან ნომერი საოჯახო სასტუმროში, სათაფლიის ნაკრძალის გვერდით, ან იმგზავროთ ქუთაისში, რომელიც ნაკრძალიდან დაახლოებით 15 წუთიანი სამანქანო გზითაა დაშორებული. ქუთაისში კი შეგიძლიათ დაისვენოთ როგორც საოჯახო ასევე ცნობილ, კომპლექსურ სასტუმროებში.

სათაფლიის ნაკრძალის გვერდით, შეგიძლიათ დაისვენოთ “ვილა სათაფლიაში,” რომელიც სოფელ ბანოჯაში მდებარეობს და გამოირჩევა მშვიდი გარემოთი და ულამაზესი ბაღით. ასევე შეგიძლიათ იქირაოთ ინდივიდუალური კოტეჯი “სათაფლია,” რომელიც გარშემორტყმულია კოლხური ტყით და კეთილმოწყობილია სრულიად. 

თუ ქუთაისში დარჩენას გადაწყვეტთ,შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი სასტუმროები, როგორიცაა “Best Western Kutaisi,” “Terrace,” “Lux Palace” და “Harmony.” აქ დაგხვდებათ კლასიკური, დახვეწილი ინტერიერი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელ სერვისებთან ერთად.

რესტორნები

სათაფლიასთან ყველაზე ახლოს მდებარე რესტორნები ქუთაისშია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი იმერული ხაჭაპური, ქართული ტრადიციული კერძები და ევროპული სამზარეულო. 

მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორნები “პაოლო,” “პალატი,” “ქუთაისი გარდენია,” “სახლში” და “ტომას ღვინის მარანი.” ქართული გარემო, მუსიკა, უგემრიელესი კერძები და განთქმული იმერული სტუმართმოყვარეობა, თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

საუკეთესო დრო სანახავად

სათაფლიის ნაკრძალის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია მოიცავს კოლხურ ტყეს, უმჯობესია ეს უნიკალური ბუნების ძეგლი მაისი-სექტემბრის პერიოდში მოინახულოთ. ამ დროს სათაფლიის ნაკრძალი გამორჩეულად მწვანე და ლამაზია. გადასახედი პლატფორმიდან კი იმერეთის რეგიონიც უფრო გასაოცარია. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის სიცხიდან დაღლილი, სათაფლიის მღვიმეში ნამდვილად დაისვენებთ, რადგან აქ, სასიამოვნოდ დაბალი ტემპერატურა და სიგრილეა. 

საინტერესო ფაქტები

  • სათაფლიის ნაკრძალში აღმოჩენილია დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი და რამდენიმე სამარხი.
  • სათაფლია “თაფლის ადგილს” ნიშნავს, რომელიც სათაფლიის მთიდან გამომდინარეობს, სადაც აქტიურად აგროვებენ თაფლს. 
  • სათაფლიაში აღმოჩენილი დინოზავრები სხვა, ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და მათ “სათაფლიაზაურუსის” სახელი აქვთ მინიჭებული. 

საინტერესო ადგილები სათაფლიასთან

სათაფლიასთან ახლოს ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ქუთაისი უძველესი ისტორიისა და კლასიკური თანამედროვეობის იდეალური შერწყამაა, ულამაზესი არქიტექტურით და  უძველესი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

სათაფლიის მსგავსად ეგზოტიკურ და უჩვეულო გამოცდილებას მიიღებთ მარტვილის კანიონში მოგზაურობით. სუბტროპიკული მცენარეები, ულამაზესი კანიონი და დადიანების საბანაო, ულამაზეს სანახაობას ქმნის. სხვა ალტერნატივისთვის, ოკაცეს კანიონი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი ბუნებით. აქ დაგხვდებათ, ტურისტული ბილიკები, გადასახედი პლატფორმები, ტბები, კინჩხის ჩანჩქერი და მღვიმეები. ასევე შეგიძლიათ, მოინახულოთ, წყალტუბო, რომელიც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია. ის ულამაზესი არქიტექტურული ძეგლებითა და ბუნებით გამოირჩევა. 

რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებს, ასეთია ბაგრატის ტაძარი, იმერეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. უქიმერიონის გორაზე ტაძარი შუა საუკუნეებში აშენდა და გამოირჩევა დატვირთული არქიტექტურული ელემენტებით და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობით.

გელათი კი მდინარე წყალწითელის ხეობაში აგებული ტაძარია. გელათში შეგიძლიათ უძველესი მზის საათი და დავით აღმაშენებლის საფლავიც მოინახულოთ.  ახლოსაა ტყით დაფარულ მთებში აშენებული მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მერვე საუკუნით თარიღდება. ტაძარში დაცულია არაგვეთის მთავრების, კონსტანტინისა და დავითის ძვლები.

ჩვენი რჩევები

სათაფლიის ნაკრძალის მოსანახულებლად, 1 საათზე მეტი დაგჭირდებათ. გამომდინარე იქედან რომ ნაკრძალი, რამდენიმე ტურისტულ განყოფილებას მოიცავს, გირჩევთ ჩაიცვათ სპორტულად და კომფორტულად, რადგან აქ ფეხით გასავლელი მანძილი საკმაოდ დიდია. კოლხური ტყეები, გადასახედი პლატფორმა და სათაფლიის მღვიმე, საბოლოო ჯამში არც ისე მცირე გასავლელ მარშრუტს ქმნის.

თუ სათაფლიის სილამაზით გინდათ რომ სრულად ისიამოვნოთ, შეარჩიეთ მზიანი ამინდი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახედი პლატფორმებით ვერ ისარგებლებთ. ასევე გირჩევთ, არ დაიზაროთ და მოინახულოთ სათაფლიასთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები, რომლებიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ სათაფლიაში?

სათაფლია ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. კერძო მანქანით გადაადგილებისას, სათაფლიაში მისვლისთვის 15 წუთი დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ქუთაისიდან მიმავალი კერძო ტაქსებით ან სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც ბევრად ბიუჯეტური ალტერნატივაა.

თბილისიდან მანძილი კი 239 კილომეტრია და მგზავრობისთვის 3 საათზე მეტი დაგჭირდებათ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილისის ავტოსადგურებიდან ყოველდღიურად გამავალი მიკროავტობუსები ან თბილისი-ქუთაისის მატარებელი.

რას ნიშნავს სათაფლია?

სათაფლია ნიშნავს ადგილს, სადაც თაფლს ამზადებენ. სახელწოდება კი სათაფლიის მთისგან გამომდინარეობს, სადაც უძველესი დროიდან, ტრადიციული წესით მოიპოვებენ და ამუშავებენ თაფლს.