მარტვილის კანიონი - martvili canyon

მარტვილის კანიონი

  1. სანახაობები

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის სამეგრელოში მდებარეობს და წარმოადგენს უნიკალურ კირქვულ კანიონს, რომელშიც მიედინება მდინარე აბაშა. მარტვილის კანიონი გამოირჩევა ფერადი ფაუნით, რომელიც კანიონს განსაკუთრებულ ელფერს სძენს. თუ გიზიდავთ ტროპიკული ბუნება და გსურთ, საქართველოში მსგავსი გამოცდილების მიღება, აუცილებლად გაეცანით დეტალებს ქვემოთ.

მარტვილის კანიონის შესახებ

მარტვილის, იგივე ოკაცეს კანიონი მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ეს არის კირქვული ქანებით წარმოქმნილი ხეობა, რომელშიც 30 მეტრის სიღრმის მდინარე მიედინება. ქანური წარმოშობით მიჩნეულია, რომ კანიონი საკმაოდ ძველია, ვინაიდან ჯერ კიდევ არის შემონახული რამდენიმე, ბუნებრივად წარმოქმნილი კირქვის ხიდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც კანიონი მღვიმეს წარმოადგენდა და დღევანდელი სახე, მისი ჩამოშლის შედეგად მიიღო. 

მარტვილის კანიონი საკმაოდ პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, რადგან ის გამოირჩევა თავისი ფერადოვნებით და ეგზოტიკურობით. კანიონში გასეირნებისას შეხვდებით მცირე ჩანჩქერებს და ფერად მცენარეებს, რომელთა უმეტესობა გვიმნაირებს წარმოადგენენ. კანიონი მოიცავს ისტორიულ დადიანების ბილიკსაც და გადასახედ პლატფორმებს, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ დადიანების ისტორიული წისქვილიც. შესაბამისად, კანიონი საინტერესო ბუნების ძეგლია მოლაშქრეებისთვისაც. 

პრაქტიკული ინფორმაცია

სანამ კანიონის მონახულებას გადაწყვეტთ, საჭიროა გარკვეული ინფორმაციის ფლობა. ვინაიდან ის გამოირჩევა სტრუქტურული თუ ვიზუალური მახასიათებლებით, ვიზიტამდე გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ყოველივე ამაზე, იხილეთ ქვემოთ:

სამუშაო საათები

მარტვილის კანიონი ვიზიტორთათვის ნებისმიერ სეზონზე არის ღია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თუ ამინდი წვიმიანი ან ქარიანია, კანიონის ადმინისტრაცია ვიზიტორებს არ იღებს. შესაბამისად, უღრუბლო და მზიან ამინდში, თქვენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ ეწვიოთ ოკაცეს კანიონს. რაც შეეხება თუ რა დრო გჭირდებათ მოსანახულებლად, თქვენ ამისთვის მაქსიმუმ 2 საათი დაგჭირდებათ. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 700 მ, ხოლო სანაოსნო მონაკვეთის სიგრძე 300 მეტრია.

პერიოდიმუშაობის საათები
ორშაბათი – კვირა10:00 – 18:00

ბილეთის ფასები

ოკაცეს კანიონში ვიზიტისთვის მოქმედებს სტანდარტული შესვლის ბილეთი, თუმცა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ფასები განსხვავებულია. სტანდარტული სერვისის გარდა, კანიონის ადმინისტრაცია გთავაზობთ დამატებით სერვისს, როგორიცაა საქორწინო ცერემონიის ჩატარება. ამისათვის ბილეთის ფასი განსხვავებულია.  გაითვალისწინეთ, რომ ნავში 6 ადამიანის განთავსება ხდება. დამატებითი დეტალები იხილეთ ქვემოთ:

ბილეთის ტიპიბილეთის საფასური
საქართველოს მოქალაქისთვის10.35 ლარი
6–დან 18 წლამდე ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის5.50 ლარი
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის17.25 ლარი
ნავით გასეირნება (1 ადამიანი)15 ლარი

მდებარეობა

მარტვილის კანიონი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში მდებარეობს. კანიონი მდინარე აბაშის ხეობაში წარმოიქმნა და მარტვილი–ჩხოროწყუს ცენტრალურ გზასთან მდებარეობს. ბუნების ძეგლი ზღვის დონიდან 210 მეტრზეა და საკმაოდ მარტივად საპოვნელი მდებარეობით გამოირჩევა. გაითვალისწინეთ, რომ კანიონის მთავარი შესასვლელი, სოფელ დიდ ინჩხურში მდებარეობს, სადაც იწყება დადიანების ისტორიული საფეხმავლო ბილიკი. აქვეა შესაძლებელი ისარგებლოთ სამი გადასახედი პლატფორმით და ისიამოვნოთ გასაოცარი ხედებით. 

თბილისიდან მანძილი დაახლოებით 278 კმ–ია და ვიზიტისთვის 3 საათზე მეტი დაგჭირდებათ. კანიონთან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტი მარტვილია. ქალაქის ცენტრიდან კანიონამდე მანძილი დაახლოებით 4.4 კმ–ია და მანქანით მას 6 წუთში დაფარავთ. ის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს, და შესაბამისად, მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ.

სერვისები

ოკაცეს კანიონი ძირითადად ორ სერვისს გთავაზობთ. ეს არის ნავით გასეირნება კანიონში, რომლის საერთო სიგრძე 300 მეტრია და დადიანების ისტორიული საფეხმავლო ბილიკისა და უძველესი, 30 საფეხურიანი კიბის მონახულება, სადაც ასევე 3 გადასახედი პლატფორმაა განთავსებული. გადასახედ ხიდებზე ადამიანების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 10–ია. გაითვალისწინეთ, რომ ველოსიპედით გადაადგილება აკრძალულია და ბუნების ძეგლის მონახულება მხოლოდ ფეხით შეგიძლიათ.

სასტუმროები

უშუალოდ კანიონთან არ შეგხვდებათ სასტუმრო ან კვების ობიექტი. ამისთვის, თქვენ უნდა ეწვიოთ ქალაქ მარტვილს, რომელიც დაახლოებთ 4.4 კმ–ში მდებარეობს. ქალაქში უმეტესად ისეთი ტიპის საოჯახო სასტუმროებს შეხვდებით, როგორიცაა “ჩემპიონი,” “ბალდა ჰაუსი,” “ანო,” “ბინა მარტვილში,” “ანთაგი.” “სამეგრელო,” და სხვა. თითოეული მათგანი გთავაზობთ მყუდრო და ოჯახურ გარემოს. 

რესტორნები

მარტვილში რესტორანთა დიდი ნაწილი ქართულ მოტივებზეა შექმნილი. თუ მეგრული და ზოგადად, ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ პოპულარულ რესტორნებს, როგორიცაა “კათხა,” “ოდა,” და “სანაპირო.” თითოეული მათგანი გამოირჩევა მყუდრო, ტრადიციული გარემოთი. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ოკაცეს ადმინისტრაცია ნებისმიერ დროს თქვენს სამსახურშია და დროულად გაგცემთ ვიზიტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს. დამატებითი ინფორმაციისთვის, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: +995 595 805 455 ან დაეკონტაქტოთ მეილზე: samegrelo.okatse@gmail.com 

საუკეთესო დრო სანახავად

როგორც უკვე აღინიშნა, კანიონი არ იღებს ვიზიტორებს ავდარში. შესაბამისად, სანამ მონახულებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ამინდი მზიანი და უღრუბლოა. ამავე მიზეზის გამო, რეკომენდებულია კანიონს აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ესტუმროთ. ამ პერიოდში სამეგრელოში უმეტესად მშრალი ამინდებია და კანიონში წყლის დონე დასაშვებ ნიშნულზეა.

საინტერესო ფაქტები

  • მარტვილის კანიონი ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა, 210 მეტრზე მდებარეობს.
  • თუ ოკაცეს კანიონის ქანების განლაგებას დავუკვირდებით, ნათელია რომ ის ერთ დროს, კარსტულ მღვიმეს წარმოადგენდა. დღევანდელი სახე კი, მღვიმის ჩამოშლის შედეგადაა მიღებული.
  • კანიონი ყოველმხრივ ლამაზია, თუმცა განსაკუთრებულად სანახაობრივ მონაკვეთს ოფუცხოლე ეწოდება. მას ასევე დადიანების საბანაოს სახელით მოიხსენიებენ და ეს არის ყველაზე ფერადი და ეგზოტიკური ნაწილი, რომელსაც კვადრებისგან აგებული კიბე ჩაუყვება. აქ შეხვდებით ისეთ მცენარეებს, როგორიცაა კოლხური ბზა, უთხოვარი და დათვისხილა.
  • კანიონის ყველაზე მაღალი წერტილი, ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს და ის მდინარე ტეხურის სათავეს წარმოადგენს.
  • ოკაცეს იგივე მარტვილის კანიონს ასევე უწოდებენ აბაშის, გაჭედილის და გოჭკადილის კანიონს.
  • კანიონთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს ისეთი გასაოცარი ბუნების ძეგლები, როგორიცაა აღუს, აბჰესის, ონიორესა და ტობას ჩანჩქერები. იქვეა ბალდის კანიონი, რომელიც ასევე კარსტული წარმოშობისაა.

ჩვენი რჩევა

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ კანიონს მხოლოდ მზიან ამინდში უნდა ეწვიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიზიტორთა ცენტრი უარს გეტყვით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ აკრძალულია ნაოსნობისას წყალში ჩასვლა ან ნავიდან გადმოსვლა, ისევე როგორც მცენარეების მოწყვეტა და შინაურ ცხოველთან ერთად ვიზიტი. ამისთვის ჯარიმაა დაწესებული. 

თუ გსურთ, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გასაოცარი გახადოთ, გირჩევთ ეწვიოთ ოკაცეს კანიონთან საკმაოდ ახლოს მდებარე ტობას, ონიორეს, აღუსა და ობჰესის ჩანჩქერებს. ასევე მორიგი ეგზოტიკური თავგადასავალი შეგიძლიათ შეიგრძნოთ ბალდის კანიონზეც. თითოეული ეს ბუნების ძეგლი კი, უფასოდ შეგიძლიათ მოინახულოთ.

ასევე გირჩევთ მაქსიმალურად კომფორტულად და სპორტულად ჩაიცვათ, რადგან მარტვილის კანიონი ფიზიკურად საკმაოდ დატვირთული ადგილია და კომფორტული სამოსით მონახულება ბევრად გაგიმარტივდებათ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ მარტვილის კანიონამდე?

მარტვილის კანიონი სამეგრელოში, ქალაქი მარტვილიდან 6 წუთის სამანქანო გზითაა დაშორებული. ის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და საკმაოდ მარტივი საპოვნელია.

შეიძლება თუ არა ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთის დაბრუნება?

არა, ნებისმიერ შემთხევაში ადმინისტრაცია უარს აცხადებს ბილეთის დაბრუნებაზე. ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ ამინდი, რათა უამინდობის გამო პრობლემა არ შეგექმნათ.

მარტვილის კანიონში დასაშვებია თუ არა ბანაობა?

არა, კანიონში ბანაობა სასტიკად არის აკრძალული. აღნიშნული ქმედებისთვის, ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული.