მაზერი

მაზერი (ბეჩო)

  1. საქართველოს კუთხეები

მაზერი სვანეთის უნიკალური სოფელია, რომელიც იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაიცნოთ სვანური კულტურა და ამასთან, ულამაზესი ბუნებით ისიამოვნოთ. თუ მთაში დასვენება და კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების განსაკუთრებით კი უშბას ახლოდან ხილვა გსურთ, ბეჩოს თემში მდებარე სოფელი მაზერი, ამისთვისაც უნიკალური ადგილია.ლაშქრობის მოყვარულებს კი ელოდებათ ულამაზესი შდუგრას ჩანჩქერი და მრავალი სალაშქრო ბილიკი.

მაზერის შესახებ

ადმინისტრაციულად, მაზერი სამეგრელო–ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთიანდება ბეჩოს თემში. ამ თემში მაზერის გარდა შედის 12 სოფელი. მაზერის სახელწოდება სვანური წარმოშობისაა და ადგილობრივები მას მოიხსენიებენ როგორც მაზერ.

მაზერის ღირსშესანიშნაობები

მაზერი საინტერესო ადგილია მათთვის, ვისაც ლაშქრობა და ექსტრემალური ტურიზმი იზიდავს და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ მთაში დასვენება უყვარს. აქ გამორჩეული ბუნებისა და კულტურული ძეგლები მდებარეობს, რომლებიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

სასტუმროები მაზერში

მაზერსა და ბეჩოს თემის სხვა სოფლებში, სასტუმროების მცირე არჩევანია. აქ დარჩენა ბიუჯეტურია, რადგან მხოლოდ საოჯახო ტიპის მცირე ზომის სასტუმროებია ხელმისაწვდომი. სასტუმროებში პირობები განსხვავდება, თუმცა თითოეულ მათგანში, კეთილმოწყობილი, მყუდრო ნომრები და სვანური, სტუმართმოყვარე გარემო დაგხვდებათ. ამასთან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებითა და ტრადიციული, სვანური აურით. 

ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საოჯახო სასტუმროები “Sunny” და “ეკა კვიციანი.” ასევე სასტუმრო “უშბა”  და “მუშგვრი.”რომელიც ბეჩოს ცენტრში მდებარეობს. 

რესტორნები მაზერში

მაზერში კვება ძირითადად საოჯახო სასტუმროების მცირე კაფეებშია ხელმისაწვდომი, თუმცა ასევე არსებობს რამდენიმე ობიექტი, სადაც დაგხვდებათ მყუდრო გარემო, უგემრიელეს სვანურ სამზარეულოსთან ერთად. მათ შორის ცნობილია “ბეჩო ჰაუსის” რესტორანი და სასტუმრო “შუანის” რესტორანი, რომელიც დახვეწილი გარემოთი და სვანური სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ მაზერში?

თბილისიდან მაზერი 454 კილომეტრითაა დაშორებული და მგზავრობისთვის დაახლოებით 7 საათი დაგჭირდებათ, გზის რელიეფური სირთულიდან გამომდინარე. მაზერის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირ მოძრავი მიკროავტობუსები არ ინიშნება. მაზერში და ზოგადად, ბეჩოს თემში მოსახვედრად, ყველაზე კომფორტული მარშრუტია ჯერ ჩახვიდეთ მესტიაში და იქედან იმგზავროთ სამარშრუტო ტაქსებით, მაზერის მიმართულებით.

მესტიიდან მაზერის სოფლამდე მანძილი დაახლოებით 21 კილომეტრია და მანქანით, სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ. რაც შეეხება თბილისიდან მესტიამდე მარშრუტს, შეგიძლიათ თბილისის ავტოსადგურიდან გამავალი ავტობუსებით ისარგებლოთ, რომლებიც ყოველდღიურად ინიშნება.

არარეგულარული გრაფიკით, ასევე ხელმისაწვდომია პირდაპირი ფრენები მესტიაში, თბილისისა და ნატახტრის აეროპორტიდან, საიდანაც მესტიაში ჩასასვლელად დაახლოებით 30 წუთი დაგჭირდებათ. განრიგის დასაზუსტებლად, უმჯობესია აეროპორტის გვერდები შეამოწმოთ, რადგან ფრენები, სეზონისა და მოთხოვნის მიხედვით ინიშნება.

როდის არის საუკეთესო დრო მაზერის მოსანახულებლად?

მაზერის მოსანახულებლად საუკეთესო პერიოდი ივნისი–ოქტომბერია. ამ დროს ამინდები მშრალი და თბილია, ხოლო სალაშქრო მარშრუტების მონახულება, ბევრად მარტივი და კომფორტული.

რომელი სოფლები ერთიანდება ბეჩოს თემში?

ბეჩოს თემი 13 სოფელს აერთიანებს: მაზერი, ბაგვდანარი, დოლი, გალაში, ლანხვრი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი და დოლასვიფი, რომელიც თემის ცენტრს წარმოადგენს.

ზღვის დონიდან, რა სიმაღლეზე მდებარეობს მაზერი?

მაზერი ზღვის დონიდან 1660 მეტრზე მდებარეობს.