ბოდბეს მონასტერი - bodbe monastry

ბოდბის მონასტერი

  1. სანახაობები

ბოდბე ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს განსასვენებელი ადგილია. მისი მოღვაწეობის შემდეგ, ბოდბეში აიგო მონასტერი. მონასტრის გარშემო გაშენებულია ულამაზესი ბაღი, რომლის თითოეულ კუთხე-კუნჭულზე აქაური დედები ზრუნავენ. მონასტრიდან საფეხმავლო ბილიკს წმინდა ნინოს წყაროსთან ჩავყავართ, რომელსაც მორწმუნეები სალოცავად სტუმრობენ.

ბოდბის მონასტრის შესახებ

ბოდბის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს სამნავიან ბაზილიკას, სამრეკლოს, გალავანს, წმ. ნინოს წყაროს, წმ. ნინოს სახელობის ტაძარსა და მონაზონთა სენაკებს.

ეკლესიის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის ხეები და ტანმაღალი კვიპაროსები დგას. მონასტრის ღირსშესანიშნაობაა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხატი – ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი მირონმდინარე ხატი, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარშია დასვენებული.

ისტორია

თავდაპირველი მცირე ზომის ეკლესია წმ. ნინოს საფლავზე წმ. მეფე მირიანმა ააგო. V საუკუნეში დაარსდა ბოდბის საეპისკოპოსო, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კახეთის სამეფოს ისტორიაში. XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. 

მოგვიანებით ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა. სამნავიანი ბაზილიკის სახე ბოდბის ტაძარმა IX საუკუნეში მიიღო. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი მდიდარი წიგნსაცავით, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო დარგებისა, ისწავლებოდა საერო საგნებიც. 

1889 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით ბოდბეში დედათა მონასტერი გაიხსნა, რომელიც დღემდე მოქმედი მონასტერია.

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს და იგი საავადმყოფოდ გადააქციეს. 1991 წლიდან მონასტერში კვლავ აღდგა სასულიერო ცხოვრება. 

ბოდბის წყარო

მონასტრის ტერიტორიაზე ეკლესიიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით არის წყარო, რომელიც მომლოცველთა რწმენით სასწაულმოქმედია. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ეკლესია. 

ლეგენდა

ლეგენდის თანახმად, როდესაც წმიდა ნინო გარდაცვლილა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოუსურვებია მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. ეკლესია უშუალოდ საფლავზე აუგიათ. 

როდას წმინდანი გარდაიცვალა, მიუხედავად ზამთრის სიცივისა და იანვრის სუსხისა, ვარდები აყვავდა. მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე უამრავი ვარდია, ჯამში 300-მდე სახეობის. 

პრაქტიკული ინფორმაცია

მდებარეობა

ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს – ირგვლივ მუხის ხეებით დაბურული გორაკებია, მონასტერი კი ალაზნის ველს გადმოჰყურებს. მისასვლელი გზა კეთილმოწყობილია. 

ტურები

ბოდბის მონახულება 1 დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ. მოილოცავთ ბოდბის მონასტერს, ჩახვალთ წმინდა ნინოს წყაროზე, დაათვალიერებთ სიღნაღსა და ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მოაწყობთ ვახშამსა და ღვინის დეგუსტაციას. 

აქტიური ტურების სანახავად და დასაჯავშნად შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს

საინტერესო ფაქტები

ივერიის ღვთისმშობლის ხატი წმინდა გიორგის ტაძარში ინახებოდა საბჭოთა მართველობის პერიოდშიც, როდესაც ის არ მოქმედებდა და საავადმყოფოდ გადაკეთდა. ხატს მაშინ საოპერაციო მაგიდადაც იყენებდნენ, ღვთისმშობლის ხატზე ქირურგის სკალპელის კვალი ახლაც შეიმჩნევა.

ჩვენი რჩევები

გაითვალისწინეთ, რომ მონასტერი ღიაა ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე. 

თუკი სანთლების, ხატებისა და მსგავსი სარიტუალო ნივთების შეძენა გსურთ, უმჯობესია მონასტრის ტერიტორიაზე შეიძინოთ, რადგან აქ ნაკლებად დიდი რიგი დაგხვდებათ, ვიდრე გალავნის გარეთ. თანაც ამით იქ მცხოვრებ დედებს დაეხმარებით. 

საინტერესო ადგილები ბოდბესთან

გზად ბოდბისკენ სიყვარულისა და ქალაქ-მუზეუმად წოდებულ სიღნაღს გაივლით. მოინახულებთ მის ციხე-გალავანსა და მუზეუმს, დაათვალიერებთ მეღვინეობის კულტურის მასალებსა და ოქრომჭედლობის შესანიშნავ ნიმუშებს.  

კახეთის დიდებულ ტაძართაგან ბოდბიდან საათი – საათნახევრის სავალ მანძილზე მდებარეობს ნეკრესის, გრემის, იყალთოსა და ალავერდის მონასტრები. გარდა ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებისა, ისინი ბუნების საოცარ პეიზაჟებს გადაგიშლიან თვალწინ. 

შედარებით მოშორებით, ბოდბიდან 107 კილომეტრში, კახეთის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, გამორჩეული და ეგზოტიკური ადგილი, გარეჯის უდაბნო და ლავრა  მდებარეობს.  გარეჯის ბუნების მკაცრი იერსახე აქ მოგზაურობას კიდევ უფრო იდუმალს ხდის. გზად ერთმანეთს მონაცვლეობენ წიფლის ტყეები, სუბალპური მდელოები და მონოქრომული პეიზაჟები. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ბოდბეში?

ბოდბე თბილისიდან 109 კილომეტრითაა დაშორებული. ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ ჩასასვლელად. 

თუკი მოგზაურობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, სიღნაღის მიმართულებით მარშრუტების, გამგზავრების დროებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილში: 

 

გაჩერების ადგილი გასვლის დრო ღირებულება
თბილისი – სამგორი, ნავთლუღის ბაზრობის  ავტოსადგური ყოველდღე – 9:00 სთ.; 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი
სიღნაღი  – ავტოსადგური,  საფეხბურთო მოედნის გვერდით ყოველდღე – 7:00 სთ; 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ 8 ლარი

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

ბოდბის სამონასტრო კომპლექსის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. მიუხედავად ამისა, მონასტრის ბაღი განსაკუთრებით ლამაზია გვიან გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში, როცა ვარდების ყვავილობა იწყება. ამ დროს ტაძრის ეზოში 300 მდე სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ვარდი ერთად იფურჩქნება, მონასტრის ეზო კი ნამდვილ წალკოტს მოგაგონებთ.