ქობულეთი - kobuleti

ქობულეთი

  1. საქართველოს კუთხეები

ქობულეთი აჭარაში შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქი ქობულეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე. მის შემდგანლობაში შედის ქობულეთის ეროვნული პარკი, რომელიც უიშვიათესი ბიომრავალფეროვნების დასაცავად შეიქმნა. ქალაქის ისტორიულ წარსულს ციხესიმაგრე პეტრა ინახავს.

ქობულეთის სანაპირო ზოლი ფიჭვნარითაა დაფარული და მაგნიტურ ქვიშიან პლაჟებთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატსა და დასვენების შესაძლებლობას ქმნის.

ქობულეთის შესახებ

ქობულეთი სასიამოვნოდ გაგაოცებთ, თუკი მის აღმოჩენას გადაწყვეტთ. კურორტი ერთნაირად უმასპინძლებს როგორც შავ ზღვაზე დასვენებისა და გარუჯვის მოყვარულებს, ისე ლაშქრობებითა და ექსპედიციებით გატაცებულ ტურისტებს. ქვიშიანი სანაპიროებიდან თავს პირდაპირ კოლხურ სუბტროპიკულ ტყეებსა და მინდვრებში ამოყოფთ. მოინახულებთ პეტრას ციხის ისტორულ ნაშთებს, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება შავ ზღვაზე.

ქობულეთის ღირსშესანიშნაობები

ქობულეთში ვიზიტორებისთვი ღირსშესანიშნაობების  მრავალფეროვანი არჩევანია. ფართო, გაშლილი სანაპიროები ქალაქის გასწვრივ, უფრო ეგზოტიკური და ველური ბუნება ციხისძირში,  ლაშქრობის მოყვარულებისთვის – პარკები და ნაკრძალები.

ისტორიული ადგილებიდან გამორჩეულია პეტრას ციხე, საიდანაც პანორამული ხედები იშლება ქობულეთის სანაპირო ზოლზე.

ატრაქციონების მოყვარულები აუცილებლად ეწვიეთ ციცინათელას პარკს. აქვეა ცნობილი მინიატურების პარკი, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან გამორჩეული ნაგებობების მინიატურულ ნიმუშებს იხილავთ.

  • ქობულეთის ეროვნული პარკი - kobuletis erovnuli parki

    ქობულეთის ეროვნული პარკი

    ქობულეთის ეროვნული პარკი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. პარკი განსაკუთრებით იზიდავს გადამფრენი და წყლის ფრინველების შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს, ვინაიდან აპრილისა და ოქტომბრის თვეებში ეს მიდამოები მათი მნიშვნელოვანი ჰაბიტატია.

  • კინტრიშის ეროვნული პარკი - kintrishis nakrdzali

    კინტრიშის ნაკრძალი

    კინტრიშის ნაკრძალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს. აქ არსებული უნიკალური სახეობების დაცვის მიზნით ნაკრძალი სამ ზონად იყოფა: მკაცრი დაცვის, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებად. გადაადგილება შეიძლება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ბილიკებზე.

  • ქობულეთი - kobuleti

    ქობულეთის პლიაჟი

    ქობულეთის სანაპირო ზოლის სიგრძე 10 კილომეტრია და საკმაოდ ფართოდაა გაშლილი. პლაჟზე მოწყობილია ქვიშის ფრენბურთის სათამაშო მოედნები. უხვადაა წყლის ატრაქციონები, სკუტერები და წყლის პარაშუტები. გარუჯვისა და ბანაობის შემდეგ ფიჭვნარ ბულვარში ჩამალულ კაფეებს შეგიძლიათ ესტუმროთ და აქაური სასმელებით გაგრილდეთ.

  • ციცინათელას პარკი - tsitsinatelas parki

    ციცინათელა

    ციცინათელას პარკი განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში, მაგრამ აქ ყველა ასაკის სტუმრისათვის მოიძებნება გასართობი ატრაქციონი. პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ესტუმროთ იქ განთავსებულ კაფეებსა და საკვებ ობიექტებსაც.

  • მინიატურების პარკი - miniaturebis parki

    მინიატურების პარკი

    მინიატურების პარკი სულ რაღაც 1 საათში საქართველოს ყველა კუთხეში გამოგზაურებთ. აქ თავმოყრილია ქართული ისტორიული ძეგლების საუკეთესო ნიმუშების მინიატურული ანალოგები. პარკის ყოველი ექსპონატი აღფრთოვანებით აგავსებთ.

  • shekvetilis dendrologiuri parki - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

    შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი

    შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ცნობილია მისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით. პარკში სტუმრობა ყველა მსურველისთვის უფასოა. აქ შეხვდებით მცენარეთა ენდემურ ჯიშებს და ცხოველთა და ფრინველთა ეგზოტიკურ სახეობებს. აქ გაშენებული ბამბუკების ცნობილი ხეივანი უკვე იქცა ფოტოგრაფიის მოყვარულთა საყვარელ ლოკაციად.

  • ციხისძირი - tsikhisdziri

    ციხისძირი

    ციხისძირის კლდოვანი სანაპირო, მწვანეში ჩაფხული ფერდობები, ლაჟვარდისფერი ზღვის უსასრულო ჰორიზონტი დამსვენებლებს მეტად ეგზოტიკურ გამოცდილებას სთავაზობს. აქ მრავლადაა კომფორტული სასტუმროები და რესტორნები. ციხისძირში სტუმრობისას აუცილებლად მოინახულეთ პეტრას ციხე სიმაგრე და დატკბით შავი ზღვის სანაპიროს თვალუწვდენელი ხედებით.

  • მტირალას ეროვნული პარკი - mtiralas erovnuli parki

    მტირალას ეროვნული პარკი

    მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთიდან მანქანით 5 წუთის სავალზეა. სახელი “მტირალა” მისი უხვნალექიანობისა და მიკროკლიმატის გამო დაერქვა. წლის განმავლობაში აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას ქვეყნის ყველაზე სველ წერტილად აქცევს. პარკის სალაშქრო მარშრუტები აღჭურვილია შესაბამისი მანიშნებლებით. აქვეა საპიკნიკე მაგიდები და სივრცეები კემპინგისათვის. მსურველებისთვის ეწყობა საცხენოსნო და ეკო ტურები.

სასტუმროები ქობულეთში

ქობულეთში სასტუმროები ზღვასთან ახლოს, სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს. . აქ შეხვდებით სამ, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებს. უმეტეს მათგანში გარდა ზღვის ხედისა, ფიჭვნარიანი ეზოს ხედებითაც დატკბებით.

სასტუმრო უმჯობესია რამდენიმე კვირით ადრე დაჯავშნოთ, თუკი ქობულეთში სტუმრობას სეზონის განმავლობაში აპირებთ.

სასტუმროები ქობულეთში

Georgian Palace Hotel & Spa Kobuleti

Georgian Palace Hotel & Spa Kobuleti სანაპიროს პირველ ზოლში, ფიჭვნარით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმრო ვიზიტორებს სრულ კომფორტს სთავაზობს – ღია და დახურული აუზები, საუნა, საზაფხულო ტერასები, სავარჯიშო დარბაზი და ქალაქში გამორჩეული სამზარეულო ტრადიციული ქართული და ევროპული კერძებით.

სასტუმრო ჩერო

სასტუმრო „ჩერო“ ზღვიდან 700 მეტრში მდებარეობს. გამწვანებული ეზო, ღია აუზი, სუფთა, მყუდრო და კომფორტული ნომრები დამსვენებლებს სასიამოვნო დასვენებისთვის განაწყობს. 

Pearl of sea

სასტუმრო „Pearl Of Sea“ სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. ფართო ვიტრაჟებიანი ოთახებიდან საოცარი ხედი იშლება ზღვაზე. ყოველ ოთახს საკუთარი ტერასა აქვს. სასტუმრო აღწურვილია აუზითა და სავარჯიშო დარბაზით.

Chveni Ezo

სასტუმრო „ჩვენი ეზო“ სანაპიროდან 90 მეტრში, ქობულეთის ცენტრალურ პარკთან ახლოს მდებარეობს. სასტუმროს საკუთარი საპარკინგე სივრცე აქვს. სურვილის შემთხვევაში მოგემსახურებიან აეროპორტამდე ან მატარებლის სადგურამდე გადაადგილების სერვისით.

Iveri Beach Kobuleti

სასტუმრო Iveri Beach Kobuleti-საუკეთესო მდებარეობა აქვს. აქ ღამით ტალღების ხმასაც კი მოისმენთ. სასტუმროს ტერიტორია აღჭურვილია კომფორტული საზღვაო ავეჯით და აუზით.

რესტორნები ქობულეთში

თუ ქართული სამზარეულოს მოყვარული ხართ, აუცილებლად მოინიშნეთ და ესტუმრეთ რესტორან ტარაღანას, რომელიც სტუმრებს საზაფხულო ტერასას სთავაზობს. აქედან იშლება  თვალწარმტაცი ხედი შავ ზღვაზე.

ქობულეთის ღვინის სახლში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს რჩეული კერძები, ახალი ზღვის პროდუქტები და ქართული ღვინის ნაირსახეობები. რესტორან ოაზისში დაგხვდებათ მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო, ტრადიციული კერძების თანხლებით.

რესტორანი ჩერო სტუმრებს შიდა და გარე სივრცეებს სთავაზობს, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ტერასებით. 

ხშირად დასმული კითხვები

ქობულეთის რუკა

თბილისი ქობულეთი მატარებელი

თბილისიდან ქობულეთამდე დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით. თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი ქობულეთის რკინიგზის სადგურზე შეჩერდება.

  • თბილისიდან მატარებელი დილით 8:00 და 10:25 საათებზე გადის.
  •     საღამოს – 17:05 საათზე.
  •     ბილეთის ფასი მეორე კლასისთვის 35₾-ია, პირველი კლასით მგზავრობის ღირებულება 75₾- შეადგენს.
  • სტუდენტებისათვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ გვერდზე – https://www.railway.ge/

ქობულეთი ბათუმი ავტობუსი

ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსი ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან გადის. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრია. 

გასვლა – ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან

  •         09:00 საათზე
  •         13:00 საათზე
  •         17:00 საათზე

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სამარშრუტო ტაქსებით. მგზავრობის ღირებულება – 3₾

გასვლა – ქობულეთის რკინიგზის სადგურიდან

  •         08:10 საათზე
  •         08:20 საათზე
  •         09:30 საათზე
  •         15:05 საათზე
  •         15:30 საათზე