ძამას ხეობა - Dzama valley

ძამას ხეობა

  1. სანახაობები

ძამას ხეობა ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ და ბუნების ძეგლს აერთიანებს. ეს არის გასაოცარი ადგილი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ და გაგაცნობთ საქართველოს ისტორიას და განახებთ მის უნიკალურ ბუნებას. თუ რა თავგადასავლებს გიმზადებთ ძამას ხეობის ღირსშესანიშნაობები, გაიგებთ ქვემოთ.

ძამას ხეობის შესახებ

ძამას ხეობა შიდა ქართლში მდებარეობს და აერთიანებს 50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი მონასტრები, ციხე–სიმაგრეები და ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით. 

ხეობას სახელი მდინარე ძამას გამო დაერქვა, რომელიც 42 კმ–ზე მიედინება. ხეობა, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სპეციფიური ლანდშაფტით, სადაც იდეალურადაა გაერთიანებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ფლორა. 

თრიალეთის ქედზე მდებარე ეს ხეობა აქტიური ტურისტული ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა და ექსტრემალური ტურიზმი. ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ორთუბანში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა ქოზიფას მამათა მონასტერი, ორთუბნის დედათა მონასტერი, ძამას ციხე და სხვა. მოლაშქრეებს კი მეტად დაინტერესებთ ბატეთის ტბა და შანოს მთა. აქვეა ულამაზესი ჩანჩქერები და უძველესი ციხე–სიმაგრე. 

პრაქტიკული ინფორმაცია

გამომდინარე იქიდან, რომ ხეობაში უნიკალური ბუნების ძეგლებთან ერთად, ათეულობით მონასტერი  მდებარეობს, ადგილი მიმზიდველია მათთვის,  ვისაც უყვარს ლაშქრობა და ასევე მათთვის, ვისაც შედარებით პასიური და სანახაობრივი ტურიზმი იზიდავს. თუმცა, სანამ ძამას ხეობის მონახულებას გადაწყვეტთ, საჭიროა გარკვეული დეტალების ცოდნა, რათა თავიდან აირიდოთ არასასიამოვნო მოვლენები.  

სამუშაო საათები

ძამას ხეობა 58 ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. მათი დიდი ნაწილი ტურისტებისთვის ნებისმიერ დროს არის ღია. ვინაიდან, უმეტესი ღირსშესანიშნაობა მონასტერია, ტურისტებს ვიზიტი დღის ნებისმიერ მონაკვეთში საღამოს 18:00–მდე შეუძლიათ. ამ პერიოდში სასულიერო პირები და ტაძრებში მომუშავე პერსონალი გიდობასაც გაგიწევენ და გაგაცნობენ ტაძრების ისტორიას. 

იგივე მუშაობის საათი მოქმედებს ძამის ციხე–სიმაგრისთვის, სადაც ასევე განთავსებულია მზოვრეთის მამათა მონასტერი. რაც შეეხება ბუნების ძეგლებს, ბატეთის ტბას, შანოს მთასა და აბუხალოს ჩანჩქერს, მათი მონახულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. 

ვინაიდან ხეობაში ბევრი ღირსშესანიშნაობაა, მათი სრული მონახულებისთვის დაახლოებით 2 სრული დღე დაგჭირდებათ. ძეგლების დიდი ნაწილი ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული, თუმცა რამდენიმე მონასტერი საკმაოდ შორ მანძილზე მდებარეობს. მაგალითად ტბეთის ეკლესია, ყინწვისის მონასტრისგან 20 კმ–ითაა დაშორებული. ყინწვისიდან ორთუბნის დედათა მონასტერი კი 20 წუთის მანძილზეა დაშორებული. 

ძეგლებიმუშაობის საათები
მონასტრები და ძამას ციხე–სიმაგრეყოველდღე 09:00 – 18:00

მდებარეობა

ძამას ხეობა, თრიალეთის ქედზე, შიდა ქართლში მდებარეობს. თბილისიდან მანძილი 170 კმ–ია. უახლოესი დასახლებული პუნქტი ქარელია. ის ხეობიდან სულ რაღაც 2 კმ–ის მოშორებით მდებარეობს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ხეობაში მდებარე ნებისმიერ ძეგლს ეწვიოთ, აუცილებელია ჩახვიდეთ ქარელში, შემდეგ კი ძამას ხეობამდე 5 წუთიანი სამანქანო გზა გაიაროთ. 

ძეგლები მეტ წილად ახლოსაა განლაგებული. მაგალითად, ყინწვისის ტაძართან ახლოს, რომელიც ქარელიდან 8 კმ–შია, მდებარეობს, ბანასა და შატბერდის ტაძრები. შუანოს მონასტერი კი ერთ–ერთი ბოლო დანიშნულება იქნება ძამას ხეობაში, რადგან ის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, მდინარე გუჯარეთის წყალთან მდებარეობს.  აქვეა ქოზიფას მამათა მონასტერი, რომელიც სოფელი ტყემლოვანიდან 3 კმ–ში მდებარეობს და მოიცავს 5 მონასტერს, მათ შორის შიო მღვიმელის და წმ. გიორგის სახელობის ტაძრებს. შედარებით მოშორებით, კი ბატეთის ტბა მდებარეობს. იქ, სამანქანო გზა არ არის. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კმ–ია. ტბის მსგავსად, საფეხმავლო გზით უნდა ისარგებლოთ აბუხალოს ჩანჩქერის მოსანახულებლად. 

სერვისები 

გამომდინარე იქიდან, რომ ძამას ხეობის თითოეულ ისტორიულ ძეგლთან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტი ქარელია, ხელმისაწვდომი სასტუმროები და კვების ობიექტებიც ქარელში მდებარეობს. სპეციალურად მოწყობილი ადგილები არ შეგხვდებათ, თუმცა ხეობაში ბევრი შესაბამისი ადგილია რათა დაბანაკდეთ. 

სასტუმროები

რაც შეეხება ქარელში მდებარე სასტუმროებს, მათი დიდი ნაწილი საოჯახო ტიპის სასტუმროა. მათ შორის ერთ–ერთი პოპულარულია “სასტუმრო ქარელში,” სადაც დაგხვდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო, მოსასვენებელი სივრცეებითა და სამაგიდო თამაშების დარბაზით. ასევე პოპულარულია საოჯახო სასტუმრო “ნათია,” და “იმერხევი,” სადაც დაგხვდებათ ქართული კულტურით შთაგონებული ინტერიერი და მყუდრო გარემო. 

რესტორნები

ქარელში შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორან “ჟოზეფს,” სადაც დაგხვდებათ კლასიკური მუსიკა, ქართული და ევროპული სამზარეულო. რესტორან “ბატეთში” კი უფრო დეტალურად გაეცნობით ქართულ ტრადიციულ კულტურასა და კერძებს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

როგორც უკვე ნახეთ, ძამას ხეობა საკმაოდ ვრცელია და ბევრ ისტორიულ ძეგლს მოიცავს. მონასტრების სიმრავლის გამო, არსებობს მონასტერთა გაერთიანება, რომლებსაც შეგიძლიათ მათი ოფიციალური Facebook გვერდით დაუკავშირდეთ და გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო დეტალებს. 

საუკეთესო დრო სანახავად

ძამას ხეობა გეოლოგიურად საკმაოდ მთა–გორიანი ბუნების ძეგლია. შესაბამისად, ხეობაში მდებარე ნებისმიერი კულტურული თუ ბუნების ძეგლის სანახავად, მხოლოდ გარკვეული სეზონებია რეკომენდებული

ხეობა ადრეულ გაზაფხულსა და ზამთარში წვიმიანია და ვინაიდან, ზოგ შემთხვევაში სამანქანო გზა არაა ხელმისაწვდომი, მონახულება რეკომენდებული არაა. შესაბამისად გირჩევთ, ძამას ხეობას ზაფხულის, ან ადრეული შემოდგომის დროს ეწვიოთ. 

საინტერესო ფაქტები

  • მდინარე ძამა მტკვრის მარჯვენა შენაკადია და მას რამდენიმე მდინარე უერთდება.
  • ძამას ხეობაში მდებარე ტაძრების უმეტესობა, დედათა და მამათა მონასტერია. იქ 300–მდე სასულიერო პირი ცხოვრობს.
  • ბატეთის ტბა მეწყერული წარმოშობისაა.

ჩვენი რჩევა

გამომდინარე იქიდან რომ ძამას ხეობა ათეულობით ძეგლს აერთიანებს, გირჩევთ ვიზიტისთვის ერთ დღეზე მეტი გამოყოთ. ისეთი ძეგლებისთვის, როგორიცაა ყინწვისის მონასტერი, აბუხალოს ჩანჩქერი, ციციშვილების შუასაკუნეების აბანო და ბატეთის ტბა, შედარებით მეტი დროის დათმობა მოგიწევთ, ვიდრე დანარჩენი სამონასტრო კომპლექსების მოსანახულებლად.

ასევე გირჩევთ, მონასტრებს დღის ნაწილში ესტუმროთ, ვინაიდან სასულიერო პირები უკეთ გაგიწევენ გიდობას და მოგიყვებიან ტაძრების შესახებ. ასევე, თუ ბატეთის ტბის მონახულებას გადაწყვეტთ, ჩაიცვით კომფორტულად, რადგან რამდენიმე კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლა მოგიწევთ.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად შორს მდებარეობს ძამას ხეობა თბილისიდან?

თბილისიდან მანძილი 170 კმ–ია და ხეობაში მისასვლელად ჯერ უნდა ეწვიოთ ქალაქ ქარელს. ქარელიდან კი, რამდენიმე წუთიანი სამანქანო გზით, თქვენ ძამას ხეობას ეწვევით.

რა დრო დამჭირდება ძამას ხეობაში ისტორიული ძეგლების მონახულებისთვის?

თუ ყველა ძეგლის მონახულებას გეგმავთ, დაახლოებით ორი დღე დაგჭირდებათ, რადგან ხეობა აერთიანებს 58 მონასტერსა და სამ ბუნების ძეგლს. ყველაზე რთულად მიღწევადი აბუხალოს ჩანჩქერი, ბატეთის ტბა, და ყინწვისის მონასტერია.

არის თუ არა სასტუმრო ძამას ხეობაში?

უშუალოდ ძამას ხეობაში სასტუმრო არ არის. რესტორნები, კაფეები და სასტუმროები ქარელში მდებარეობს.