ოკაცეს კანიონი

  1. სანახაობები

ოკაცეს კანიონი მრავალფეროვანი ბუნებრივი ძეგლების ერთობლიობაა. წყალუხვი ჩანჩქერები, მღვიმეები, პანორამული ხედები და კიდული ბილიკები თავმყოყრილია 2 კმ-ის სიგრძის კანიონის ტერიტორიაზე. თუკი ექსტრემალური სანახაობის მოყვარული ხართ, აქაური ლანდშაფტი წარუშლელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. მარშრუტის, დროის, ბილეთებისა და ვიზიტისთვის იდეალური დროის შესახებ ინფორმაციას ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.

ოკაცეს კანიონის შესახებ

ოკაცეს ულამაზეს კანიონს ასხის მთიდან მომავალი მდინარე ოკაცე ქმნის. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში არსებული ეს უძველესი ბუნებრივი ძეგლი უკვე მილიონ წელზე მეტს ითვლის. კანიონის სიგრძე 2 კმ-ია, სიგანე 3-დან 20 მეტრამდე, ხოლო სიღრმე 20-დან 100 მეტრამდე აღწევს. 

კანიონში რამდენიმე წყალუხვ ჩანჩქერს ვხვდებით, მათ შორის ყველაზე შთაბმბეჭდავია კინჩხის ჩანჩქერი. 

ოკაცე მრავალ წყალვარდნილსა და ტბას ქმნის, რომელთა გამჭვირვალე მოლურჯო-მომწვანო წყლის ქვემოთ თეთრი ფსკერი აირეკლება. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია.

კანიონში მოგზაურობა დადიანების ტყე-პარკის გავლით იწყება, მიუყვება კანიონის თავზე დაკიდებულ 780 მ სიგრძის ხიდს და უმშვენიერესი პანორამული გადასახედით სრულდება. კანიონზე დაგებულია გამჭვირვალე იატაკი, რაც სანახაობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. ვიზიტორებს შეუძლიათ აქ დამონტაჟებული კამერით სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღონ.

სამუშაო საათები

კანიონი მნახველელებს წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს. ვიზიტორების უსაფრთხოების მიზნით მისი მონახულება წვიმიან და თოვლიან ამინდში დაუშვებელია. 

კანიონის სრული ტურისტული მარშრუტის გასავლელად 2-3 საათი დაგჭირდებათ.

სამუშაო საათები

ორშაბათი – კვირა, 

10:00-18:00 საათი 

ბილეთების ფასები

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ოკაცეს კანიონზე მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ტურისტული ცენტრი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ. თუკი არ გსურთ ვიზიტორთა ცენტრში ბილეთების რიგში დგომა, შეგიძლიათ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნოთ ონლაინ. 

ბილეთის ონლაინ შეძენა: https://guru.ge/ka/afisha/ticket

ფასები განსხვავებულია ვიზიტორთა კატეგორიების მიხედვით

მომსახურების სახეებიფასი
მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6დან– 18მდე)5.5₾
ბილეთი სრულწლოვანებისთვის9.2₾
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის17.25
შემნახველი საკანი (1ცალი)2₾
სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი100₾

მდებარეობა

თბილისიდან ოკაცეს კანიონამდე მანძილი 280 კმ-ია. გზის ხანგრძლივობა დაახლოებით 4-4.5 საათია. 

კანიონამდე მისასვლელად ტყის მასივის 4 კმ-იანი მონაკვეთის გავლა მოგიწევთ. გზა საკმაოდ უსწორმასწოროა. შეგიძლიათ მიხვიდეთ ფეხით, ან იქირაოთ იქვე არსებული ტრანსპორტი, რომელიც დაკიდებულ ხიდამდე მიგიყვანთ. მანქანის დაქირავების ღირებულება 50₾-ია. 

სერვისები

კანიონის მიმდებარედ რამდენიმე რესტორანია, სადაც ტურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეისვენოთ. ყველაზე ახლოს მდებარე რესტორანი “ხიდი” და “ბატონოს დუქანია”, სადაც ტრადიციული ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებიან. გაითვალისწინეთ, რომ თან იქონიოთ თანხა, რადგან გადახდა შესაძლოა ნაღდი ფულით მოგიწიოთ. 

სასტუმროებიდან გამორჩეულია “შატო ჩიქოვანი”. ეს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კანიონთან ახლოს, ზედა გორდში მდებარეობს. მწვანეში ჩაფლული კომპლექსი, გამწვანებული ეზოთი, აუზით და ქართული არქიტექტურის ელემენტებით იდეალურად გადმოსცემს ამ მხარის ისტორიულ და კულტურულ განწყობებს. 

საოჯახო სასტუმროებიდან “გორდი საოჯახო სახლი” და “დავითია” ხელმისაწვდომი. 

ოკაცედან 1 საათის მანძილზე მდებარეობს სასტუმრო “წყალტუბო პლაზა” და “წყალტუბოს სამკურნალო სანატორიმი’’, სადაც დასვენების გარდა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებითაც გაინებივრებთ თავს.   

საკონტაკტო ინფორმაცია

ოკაცეს კანიონის ტურისტულ ცენტრთან დაკავშირება რამდენიმე არხით შეგიძლიათ: 

ტელეფონი: 595 03 60 47

საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალური გვერდი: https://nationalparks.ge/ka/site/okatsecanyon

ელექტრონული ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com

საუკეთესო დრო სანახავად

კანიონი ვიზიტორებს წელიწადის ნებისმიერ დროს მასპინძლობს. გამონაკლისი თოვლიანი ან წვიმიანი ამინდია, როდესაც ბილიკები სველია და მათზე გადაადგილება საფრთხის შემცველი. ამიტომ ვიზიტამდე აუცილებლად დაუკავშირდით კანიონის ადმინისტრაციას და დააზუსტეთ მეტეოროლოგიური პირობები. 

საუკეთესო პერიოდი კანიონის მოსანახულებლად ადრეული გაზაფხულიდან ოქტომბრის ბოლომდეა. შემოდგომით აქ საოცარი ფერების პალიტრა იშლება. 

საინტერესო ფაქტები

კანიონის წარმოშობა

კანიონი დაახლოებით 400 000 წლის წინ, მდინარე ოკაცეს ეროზიული მოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.  

უძველესი ტბიური ნალექი

კანიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ტბიური ნალექის 27 მეტრიანი ფენა, რომელიც დაახლოებით მილიონი წლით თარიღდება. 

დადიანთა საზაფხულო რეზიდენცია

1841 წელს გორდის მიდამოებში დავით დადიანის მიერ აშენდა ულამაზესი საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც სასახლესა და მის გარშემო გაშენებულ ბაღებს მოიცავდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სასახლე გაიძარცვა და განადგურდა. ამჟამად დადიანთა საზაფხულო რეზიდენციის რესტავრაცია ხდება.

უნიკალური წყარო

ოკაცეს მახლობლად, სოფელ კინჩხაში გამოდის პატარა წყარო, “სინგური”, რომლის შემადგენლობა იმდენად უნიკალურია, ფერს არ იცვლის! (შინდისფერთან დაახლოებული). ამ სითხეს ოდითგან მოსახატად ხმარობდნენ.

ჩვენი რჩევა

გაითვალისწინეთ ამინდი

ოკაცეს კანიონში სტუმრობა მზიან და უნალექო ამინდში დაგეგმეთ, ვინაიდან წვიმიან ამინდში ადმინისტრაცია ვიზიტორებს არ იღებს. 

დაჯავშნეთ ვიზიტი დისტანციურად

იმისათვის, რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე თავიდან აიცილოთ ტურისტულ ცენტრში ბილეთების რიგში დგომა, შეიძინეთ ბილეთები ონლაინ. ვიზიტისას აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 

შეარჩიეთ შესაბამისი ტანისამოსი

თუკი მანქანის დაქირავებას არ პირებთ, კანიონის დაკიდებულ ბილიკამდე მისასვლელად შესაძლოა ფეხით ტყის მასივის გარკვეული მონაკვეთის გავლა მოგიწიოთ. ამიტომ შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი.

ხშირად დასმული კითხვები

რა დრო დამჭირდება დედაქალაქიდან კანიონამდე მისასვლელად?

მგზავრობის სავარაუდო დრო თბილისიდან ოკაცეს კანიონამდე 4-4.5 საათია.

რა დროა საჭირო კანიონის სრული ტურისთვის?

კანიონის დასათვალიერებლად დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ.

რა შეიძლება ვნახო ახლოს?

ოკაცეს კანიონის სტუმრობის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ მარტვილის კანიონი 28 კილომეტრში. კანიონი 700 მეტრის სალაშქრო ბილიკსა და 300 მეტრის სანაოსნო გზას მოიცავს.
თუკი ქუთაისში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებს. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების საოცარი სანახაობა თავს ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ.
ოკაცედან 1 საათის სავალზე ქალაქი წყალტუბო მდებარეობს. წყალტუბოს სანატორიუმის ძველი შენობა და აღდგენილი ძეგლები განსაკუთრებით იზიდავს არქიტექტულური ძეგლებით გატაცებულ ტურისტებს.