სამცხე-ჯავახეთი
- საქართველოს კუთხეები
-
სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა თავისი კონტრასტული ლანდშაფტებით, კურორტებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, კულტურითა და სამზარეულოთი. რეგიონში 170-ზე მეტი ტურისტული ლოკაციაა. თუკი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების მაძიებელი ხართ, სამცხე-ჯავახეთი თქვენს ცნობისმოყვარეობას ნამდვილად დააკმაყოფილებს.
სამცხე-ჯავახეთის შესახებ
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს სამხრეთით მდებარეობს, სწორედ ამიტომ მას საქართველოს სამხრეთ კარიბჭესაც უწოდებდნენ. რეგიონში 5 ქალაქია – ახალქალაქი, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა და ახალციხე. ეს უკანასკნელი სამცხე-ჯაავხეთის ადმინისტრაციული ცენტრია.
ისტორიული მხარის ტერიტორიაზე შემორჩენილია უძველესი ნასახლარები, ციხე-სიმაგრეები, ქრისტიანული ტაძრები და წინარექრისტიანული ნაგებობები, ხეობები და ბუნების ძეგლები.
გასტრო-ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის რეგიონი აღმოჩენებისა და ავთენტური გემოების ნამდვილი საბადოა. მესხური სამზარეულო ყველასგან განსხვავებული და ინდივიდუალური კერძებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით უნიკალურ პროდუქტებსა და ყველის დამზადების ტექნოლოგიას, რომელიც საოცრად უხდება მესხურ ღვინოს.
რა ვნახოთ სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთი, განსაკუთრებით კი ჯავახეთის ვულკანური პლატო, მდიდარია ტბებით. ფარავნის ტბა ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 2070 მეტრზე მდებარეობს. აღსანიშნავია ასევე ტაბაწყურის, საღამოსა და კარწახის ტბები.
რეგიონის ტერიტორიაზე ორი ეროვნული პარკია – ბორჯომ-ხარაგაულისა და ჯავახეთის ეროვნული პარკები.
მხარის კურორტები როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს. მათ შორის გამორჩეულია აბასთუმანი, ბაკურიანი და ბორჯომი.
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ხერთვისის ციხე, საფარის მონასტერი და განახლებული რაბათის კომპლექსი.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას პრეისტორიული ხანიდან ოტომანთა დინასტიის მმართველობამდე, მხარის ისტორიულ მუზეუმში გაეცნობით, რომელიც რაბათის ციხეში მდებარეობს.
ისტორია
სამცხე და ჯავახეთი როგორც ისტორიული, ისე ეთნოგრაფიული თვალსაზრისით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მხარეებია. მათ ერთად იმიტომ მოიხსენიებენ, რომ ძველად ეს ტერიტორიები ზემო ქართლად იწოდებოდა. სახელწოდება “სამცხე” და “ჯავახეთი” მიღებულია სიტყვა “სამი ციხისა” და “ჯავახისაგან”. პირველი უკავშირდება სამი ციხის – ლომსიას (იგივე ახალციხის), ოძრხესა (იგივე აბასთუმნის) და
ჯვარისციხის (იგივე ციხისჯვრის) სახელებს. მეორე კი ეთნონიმური წარმოშობისაა და ჯავახების საცხოვრებელს, სამყოფელს ნიშნავს.
სამცხეცა და ჯავახეთიც ოდითგანვე ქართული სახელმწიფოს ქვეშ ერთიანდებოდნენ, მაგრამ მუდმივი თავდასხმებისა და შემოსევების გადატანა მოუწიათ.
VIII საუკუნეში ტერიტორია არაბებმა დაიპყრეს. IX-X საუკუნეებიდან სამცხეზე გავლენის მოპოვებას ჯერ ბიზანტია ცდილობდა, შემდეგ – თურქეთი. XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმა მესხეთი და მასში შემავალი სამცხე-ჯავახეთი შემოიერთა. 1124-1213 წლებში, თამარის მეფობის პერიოდში, ეს მხარე საქართველოს კულტურული ცხოვრების მთავარ კერად გადაიქცა. საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ეს ორი მხარეც აღმავლობის გზას დაადგა; აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები და სამეფო რეზიდენციები.
XVI საუკუნეში სამცხე-ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთის იმპერიამ მიიტაცა. XIX საუკუნის 20-იან წლებში სამცხის ერთი ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილი კი თურქეთის ფარგლებში დარჩა.
ტრადიციები და კულტურა
სამცხე-ჯავახეთის ტრადიციებისა და კუტურის ჩამოყალიბება მხარის ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ, საცხოვრებელმა პირობებმა და მრავალეთნიკურობამ განაპირობა. კუთხეს დამახასიათებელი არქიტექტურა, დღესასწაულები, წეს-ჩვეულებები და სამზარეულო აქვს.
სამცხე-ჯავახეთში არაერთ სახალხო და რელიგიური დანიშნულების დღესასწაულს აღნიშნავენ: ვარძიობა, თავკვეთილობა, შოთაობა და სხვა.
ახალ წელს განსაკუთრებულად ხვდებოდნენ. აცხობდნენ სხვადასხვა გამოსახულების პურებსა და “ბედის პურს”, რომელშიც აბაზიანს ატანდნენ. შენარჩუნებულია მეკვლეობის ტრადიცია. ოჯახი წინასწარ არჩევდა მეკვლეს, რომელსაც ოჯახში ტკბილეული უნდა მიეტანა და კერა დაელოცა.
მესხურ სოფლებში მთელი წლის განმავლობაში გამოკეტილი ფურნეები წინასაახალწლოდ ხურდება. აქ მესხური პური, სომინი ცხვება. ეს ძველი ტრადიციაა. თუმცა ბოლო დროს სომინთან ერთად ფურნეში ქადას, ხაჭაპურსა და ლავაშსაც აცხობენ.
უნიკალურია მესხური ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგია, რომელსაც 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ალკოჰოლური სასმელებიდან სამცხე-ჯავახეთში სხვადასხვა ხილის არაყს აყენებენ. ყველაზე პოპულარულია თუთის, პანტის, თაფლისა და შინდის არომატით.
მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება. მესხური მევენახეობა პირველ რიგში ტერასებზე გაშენებულ ბაღ-ვენახებს გულისხმობს.
სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი კუთხეა საქართველოში, სადაც ლოკოკინებს საკვებად იყენებენ. მისი სეზონი დეკემბრის პირველ ნახევარში იხსნება და თებერვალში სრულდება. ლოკოკინები ამ დროს მიწაში, სპეციალურად შერჩეულ ადგილას იზამთრებენ. მათი მოგროვება მთელ რიტუალს წარმოადგენს. მოხარშულ ლოკოკინებს ნიჟარებიდან იღებენ და ხახვთან და ერბოსთან ერთად შუშავენ.
გეოგრაფია და კლიმატი
სამცხე-ჯავახეთი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, თურქეთისა და სომხეთის მოსაზღვრე ზოლში. მოიცავს საქართველოს სამ ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას: თორს, სამცხესა და ჯავახეთს. იგი 6 მუნიციპალიტეტისაგან შედგება: ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ბორჯომი და ნინოწმინდა. ადიგენი, ახალციხე და ასპინძა ისტორიულ სამცხეს ეკუთვნის; ახალქალაქი და ნინოწმინდა ჯავახეთს;
ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტი ისტორიული თორის მემკვიდრეა. დასავლეთით ის აჭარას ესაზღვრება, რომლისგანაც არსიანის მთები ყოფს, ჩრდილოეთით – გურიასა და იმერეთს, სამხრეთით კი თურქეთს.
სამცხე-ჯავახეთის დიდ ნაწილზე ჰავა კონტინენტური ხასიათისაა, რეგიონი შე მოსაზღვ რულია მაღალი ქედებით, რაც განაპირობებს ჰავის კონტინენ ტურობას. ჯავახეთში დამახასიათებელია ცივი შედარებით მშრალი ზამთრი და გრილი ხანგრძლივი ზაფხული, სამცხის კლიმატი კი ხასიათდება ზომიერად ნოტიო, ცივი და შედარებით მშრალი ზამთრით.
კურორტები და ქალაქები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთი მდიდარია კურორტებითა და სააგარაკო ადგილებით, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლეზე, დაწყებული ზ.დ. 800-900 მ-დან (ბორჯომი) 1800 მ-მდე (ბაკურიანი). აქ მდებარეობს ბალნეოკლიმატური და კლიმატური კურორტები: აბასთუმანი, ბაკურიანი, ბორჯომი, ცემი, ლიკანი და სხვა.
სამცხე ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები
-
ვანის ქვაბები
ვანის, იგივე ვაჰანის ქვაბები გამოქვაბულების კომპლექსი და უდაბნო-მონასტერია აქ 200-მდე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული და სხვადასხვა დროის ეკლესიებია. კედლებზე წარწერებია, მათ შორის არის “ვეფხისტყაოსნის” ორი სტროფი – პოემის ხელნაწერის ყველაზე ადრეული ნიმუში.
-
ხერთვისის ციხე
ხერთვისის ციხე საქართველოში შემორჩენილ ციხეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია. შემორჩენილია ციხიდან მდინარისპირას ჩამავალი გვირაბი, 20 მ სიმაღლის კოშკი ციხესიმაგრის ცენტრში. ლეგენდის თანახმად, ხერთვისის ციხე ალექსანდრე მაკედონელს მოუნახულებია.
-
რაბათის ციხე
რაბათის არქიტექტურაში, აშკარად შეიმჩნევა ქართული, მუსულმანური და რუსული არქიტექტურის გავლენა. ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს მეჩეთი, მედრესე, მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი, თურქული აბანოები და მუზეუმი. თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სასტუმრო, კაფე, ღვინისა და სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.
ნახვა -
მესხური დარბაზები
მესხური დარბაზი წარმოადგენს ოთხკუთხა ძელებით კონუსურად ამოყვანილი გვირგვინის გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში ღიობია (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული ცეცხლის კვამლი გადის. ყველაზე დიდი და უკეთ შემორჩენილი დარბაზი საროში მდებარეობს.
-
ბორჯომის ეროვნული პარკი
ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. წარმოდგენილია მეტად მრავალფეროვანი ეკოსისტემები, შენახული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით. უხვადაა ისტორიული ძეგლები. შექმნილია ტურისტული ბილიკები.
-
ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სარკის ფართობით იგი ქვეყნის ყველაზე დიდი ტბაა. გაზაფხულზე და ზაფხულში ტბის გარშემო ულამაზესი ალპური ყვავილები ხარობს. ზამთარში ტბის ზედაპირი გაყინულია და საოცრად ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის.
-
ტაბაწყურის ტბა
ტბა ტაბაწყური წყლის მოცულობით უდიდესია საქართველოში. ზამთარში ტბა სამი თვე გაყინულია. მის გარშემო სოფელი ტაბაწყური და მოლითია გაშენებული. სოფელი ტაბაწყური ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.
-
მთა დიდი აბული
დიდი აბულის მთის ფერდობები აპური მდელოებითაა შემოსილი. აქედან ჯავახეთის თვალისმომჭრელი ხედები იშლება. მთა და მისი საფარი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულზე, როცა მინდვრები დამახასიათებელი მცენარეებით იფარება.
-
შაორის ზედა ციხე
შაორის, იგივე ქოროღლის ციხე ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. ციხე ქოროღლის მთის წვერზე მდებარეობს. აქედან მოსჩანს სამსარისა და ჯავახეთის ქედები და ტბა ფარავანი მის მთელ პერიმეტრზე.
-
მთა სამსარი
მთა სამსარი ჩამქრალი ვულკანია. ვულკანური კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ დიამეტრის მქონე კალდერა, რომლის ფსკერზეც მოქცეულია პატარ-პატარა ტბები. მთა თითქმის მთლიანად მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს.
სასტუმროები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთის სასტუმროები ისეთივე მრავალფეროვანი და კონტრასტული დასვენების გამოცდილებას შემოგთავაზებთ, როგორიც თავად მხარეა. ევროპული ინტერიერი თუ აღმოსავლური აივნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თუ ხის კოტეჯები ტყეში – დასვენება აქაურ სასტუმროებში ბუნებასა და ვიზიტორთა განწყობებს ერთნაირად პასუხობს.
სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ქრაუნ პლაზა და Golden Tulip Borjomi თქვენს სამცხე-ჯავახეთური ტურის დასაწყისს საუკეთესოდ უმასპინძლებს. თუკი ხის ეკო კოტეჯებს ეძებთ, ჯოტეჯი ბორჯომში და ტყის განწყობა ხეებით გარშემოტყმულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს.
თუკი ისტორიული ციხის ტერიტორიაზე გსურთ გაიღვიძოთ, სასტუმრო ჯინო ველნეს რაბათს ესტუმრეთ. სასტუმროს ინტერიერი, ხედები აივნიდან, ვახშამი განათებული რაბათის ციხის ფონზე და ველნეს ცენტრი ისტორიული ახალციხის შორეულ წარსულში გამოგზაურებთ.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის სამცხე-ჯავახეთში?
სამცხე-ჯავახეთს წლის ნებისმიერი სეზონის შესაბამისი დასვენების, გართობისა და სანახაობების შემოთავაზება შეუძლია. ზამთარი მთის კურორტებზე სრიალში შეგიძლიათ გაატაროთ. გაზაფხულზე ფიჭვის ყვავილობას ჩამოუსწროთ. ზაფხულში და შემოდგომით კი ესტუმროთ აქაურ პარკებს, ტბებს, ალპურ მინდვრებსა და ციხეებს.
როგორ მივიდეთ სამცხე-ჯავახეთში?
თბილისიდან სამცხე-ჯავახეთში ორი მარშრუტით შეგიძლიათ. პირველი მარშრუტი თბილისიდან ავტობანს მიუყვება და მისი სიგრძე დაახლოების 200 კმ-ია. მანძილის დასაფარად 2.5-3 საათი დაგჭირდებათ.
ბორჯომი–ახალციხე–ასპინძა–ახალქალაქის გავლით თბილისიდან ნინოწმინდამდე 295 კილომეტრია და ზამთარში ამ მანძილის დაფარვას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ფარავნის უღელტეხილის გავლით კი თბილისიდან ნინოწმინდამდე მანძილი 115 კილომეტრით მცირდება და შესაბამისად, ამ მანძილის გასავლელად მაქსიმუმ 4 საათია საჭირო.