გონიოს ციხე - gonios cixe

გონიოს ციხე

  1. სანახაობები

გონიოს ციხე საქართველოს უძველესი და ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღირსშესანიშნაობაა. თანამედროვეობაში იდეალურადაა წარმოჩენილი, ათასწლეულების ისტორია. ციხე დღემდე აქტიურად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს. ის სრულიად რესტავრირებულია და იდეალურად აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი სახე.

გონიოს ციხის შესახებ – ისტორია

გონიოს ციხის ისტორია ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს უკავშირდება. ისტორიული ციხესიმაგრე გონიოში პირველ საუკუნეში აიგო და მისი მათავარი დანიშნულება მდინარეების, ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელების დაცვა იყო. გონიოს ციხეს ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა იმისთვის, რომ მტერს მანამდე შებრძოლებოდა, სანამ ის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ რეგიონებში შევიდოდა. შესაბამისად, გონიოს ციხემ ბევრჯერ ითამაშა გადამწყვეტი როლი, როდესაც ქვეყანაში ბიზანტიელთა და ოსმალთა ჯარი შემოვიდა. 

აღსანიშნავია, რომ გონიოს ციხის აშენებისას, კურორტ გონიოს სრულიად სხვა სახელწოდება ჰქონდა. გონიომ, ისევე როგორც ისტორიულმა ციხესიმაგრემ სახელწოდება შუა საუკუნეებში, დაახლოებით მე-12 საუკუნეში შეიცვალა, მანამდე კი ის იწოდებოდა, როგორც აფსარი. აფსარის სახელის ეტიმოლოგიის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა. მათ შორის პოპულარულია სახელის კავშირი არგონავტებისა და მედეას ისტორიასთან და კავშირი ქართულ დიალექტურ სახესხვაობასთან, სადაც აფსარი ან აფსარეა, წყლის ადგილსამყოფელს ანუ იმ ადგილს ნიშნავს, რომელიც წყლით მდიდარია. ეს მოსაზრება საკმაოდ რეალურია, რადგან გონიო საკმაოდ ჭაობიანი ადგილია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გინიოს ციხე იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გაიცნოთ საქართველოს უძველესი ისტორია და ამასთან ერთად, ისიამოვნოთ აჭარის ულამაზესი ბუნებით. სანამ ციხესიმაგრის მონახულებას გადაწყვეტთ, საჭიროა გარკვეული დეტალების ცოდნა, რომელიც თქვენს ვიზიტს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

მდებარეობა

გონიოს უძველესი ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმიდან 12 კმ-ის დაშორებით, გონიოს კურორტზე მდებარეობს. გეოგრაფიულად, ის აშენებულია ჭოროხის დამშრალ ნაპირთან ახლოს და ზღვის ნაპირიდან 800 მეტრის მანძილზე. სწორედ მდებარეობით და შავი ზღვის სანაპიროს ხშირი ცვლილებით ნავარაუდებია, რომ თავდაპირველად, ციხე სწორედ რომ ზღვის სანაპიროზე იყო აშენებული. 

ისტორიული მდებარეობით გონიოს ციხის ტერიტორია ლაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში შედის, რომელიც დღეს, მდინარე ჭოროხის შავი ზღვის შესართავთან, კურორტ გონიოს ტერიტორიას განეკუთვნება. 

მუშაობის საათები

ვიზიტორებს გონიოს ციხის მონახულება ნებისმიერ სეზონსა თუ ამინდში შეუძლიათ. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. გონიოს ციხის ადმინისტრაცია მნახველებს ყოველდღიურად იღებს. 

კვირის დღეებიმუშაობის საათები
ორშაბათი-კვირა10:00-18:00

ბილეთის ფასები

გონიოს ციხესიმაგრეში ვიზიტორებს შეუძლიათ განსხვავებული სერვისებით ისარგებლონ. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოენოვანი გიდის მომსახურება. გონიოში ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები და ექსკურსიები. ბილეთების შეძენა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შეგიძლიათ.

ბილეთის კატეგორიაბილეთის ფასი
ექსკურსია15 ლარი
აუდიოგიდი10 ლარი
საქორწინო მაყრიონის დაშვება60 ლარი
ხელმოწერის ცერემონია100 ლარი
სტანდარტული ბილეთი3 ლარი
მოსწავლეები/სტუდენტები1 ლარი
3 წლამდე ბავშვებიუფასო

საკონტაქტო ინფორმაცია

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის განყოფილებას, ნომერზე +995 577 591 901 ან მიწეროთ მეილზე info@ajaraheritage.ge

სასტუმროები

ციხესიმაგრე გონიო კურორტ გონიოში მდებარეობს, რომელიც ტურისტულად აქტიური ადგილია, განსაკუთრებით ივნისი-სექტემბრის პერიოდში. აქ ბევრი ცნობილი თუ საოჯახო ტიპის მცირე სასტუმროა. სასტუმროთა დიდი ნაწილი ზღვასთან ახლოს მდებარეობს და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუბტროპიკულ გონიოს მთებსა და შავი ზღვის სანაპიროებზე. 

გონიოში ცნობილი სასტუმროებია “მგზავრები გონიო,” “გონიო ინნ” და “White-room Guesthouse.” კეთილმოწყობილი ნომრები, აუზები და გამაჯანსაღებელი სერვისები თქვენს დასვენებას გონიოში კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. შედარებით ბიუჯეტური ფასებისთვის, კი შეგიძლიათ იქირაოთ საოჯახო ტიპის სასტუმროებში ნომრები, როგორიცაა “ნინი” და “ნირა.”

რესტორნები

თუ გონიოს ციხესიმაგრის მონახულებას გადაწყვეტთ, იქვე მდებარე რესტორნებში შეგიძლიათ დაუვიწყარი გასტრონომიული ტური მოაწყოთ და დააგემვნოთ განთქმული აჭარული ტრადიციული სამზარეულო. გონიოში რესტორანთა დიდი ნაწილი გთავაზობთ, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ რესტორნები “აიდერი,” “დედანი” და “ერა.” თუ გონიოს ზაფხულის პერიოდში ესტუმრებით, ასევე შეგიძლიათ საზღვაო კაფეებს ეწვიოთ, რომლებიც სეზონურად არის განთავსებული კურორტზე. 

საინტერესო ფაქტები

  • გონიოს გალავანი 18 კოშკს მოიცავს და ციხესიმაგრე სწორკუთხა ფორმისაა.
  • გონიოს ციხესიმაგრე რამდენჯერმეა რესტავრირებული. ვიზიტისას მარტივად შეამჩნევთ მშენებლობის რამდენიმე ფენას, რომელთაგან უძველესი პირველი საუკუნით თარიღდება, ხოლო უახლესი მე-16 საუკუნით. ისტორიული ცნობების მიხედვით, ბოლო რესტავრაცია ოსმალების მიერ იყო ჩატარებული.
  • თავდაპირველი გონიოს ციხის შენობა თლილი ლოდებით არის ნაშენი, რომელთა ზომა სიმაღლეში დაახლოებით 1 მეტრი იყო. 
  • თქმულების მიხედვით, გონიოს კედლების ასაშენებლად გამოყენებულ ქვებს კვარიათიდან გონიომდე ხალხის ჯაჭვი ხელიდან ხელში გადასცემდა ერთმანეთს.
  • გონიოს ციხის ერთ-ერთი რესტავრაცია გენუელების მიერ ჩატარდა დაახლოებით მე-12 საუკუნეში. ნავარაუდებია, რომ სწორედ მათ უკავშირდებათ სახელწოდება გონიოს ჩამოყალიბება, რომელმაც აფსარი ჩაანაცვლა.
  • გონიო რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმის როლს ასრულებდა, რომელსაც იტალიაში არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად ნაპოვნი წარწერა მოწმობს. 
  • გონიოს ციხესიმაგრეში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული მატათა.

საინტერესო ადგილები გონიოს ციხესთან

გონიოს ციხესიმაგრესთან ახლოს ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო დაუვიწყარი და მრავალფეროვანი გახადოთ. გონიოსთან ახლოს შეგიძლიათ ესტუმროთ სარფს, რომელიც საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე მდებარეობს. სარფი ცნობილია სანაპიროებითა და დაივინგისთვის იდეალური ზღვის რელიეფით. თუ სიმაღლიდან წყალში ხტომა მოგწონთ, ამისთვის სარფის სანაპირო იდეალურია. 

გონიოს ციხიდან დაახლოებით 12 კილომეტრში კი მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბათუმი, რომელიც ცნობილია როგორც იდეალური ტურისტული დანიშნულება ზაფხულის გასატარებლად. ქალაქის თანამედროვე არქიტექტურა, ძველი ბათუმის ქუჩები, ბულვარი, დელფინარიუმი და ქვიანი სანაპიროები გასართობად თუ მშვიდი დასვენებისთვის, ბათუმს იდეალურ ადგილად აქცევს. 

თუ უფრო მშვიდი დასვენება გიზიდავთ, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კვარიათს. ტროპიკული თავგადასავლებისთვის კი შეგიძლიათ გონიოს ციხესთან ახლოს მდებარე ანდრიას ჩანჩქერი მოინახულოთ, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა და გონიო-სარფის გზაზე მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ გზით შემოვიდა მოციქული საქართველოში, რის საპატივცემულოდაც, ჩანჩქერს ანდრიას ჩანჩქერი ეწოდა. 

ჩვენი რჩევები

გონიოს ციხის მონახულებისას გირჩევთ იქვე ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებულ მცირე მუზეუმს ეწვიოთ, სადაც საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენებს ნახავთ დ გაიგებთ ბევრ უცნობ ინფორმაციას. თუ კომფორტულად ჩაიცვამთ, შეძლებთ უძველესი ციხესიმაგრის კოშკებზეც ახვიდეთ.

ასევე გირჩევთ რომ უფრო მეტი საინტერესო თავგადასავლისთვის, გონიოს ციხესთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტითა თუ კერძო ავტომობილით მოკლე დროში შეძლებთ ბევრი გასაოცარი ადგილის მონახულებას. 

ხშირად დასმული კითხვები

როდის აშენდა გონიოს ციხე?

გონიოს ციხე პირველ საუკუნეში აშენდა, თუმცა მისი რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად მოხდა.

როგორ მივიდეთ გონიოს ციხეში?

გონიოს ციხე ბათუმიდან დაახლოებით 12 კილომეტრითაა დაშორებული. ბათუმის ავტოსადგურებიდან ყოველ 30 წუთში ინიშნება მიკროავტობუსები და ავტობუსები გონიოს ციხის მიმართულებით. კონკრეტულად, შეგიძლიათ ისარგებლოთ N16, N33, N88 სამარშრუტო ტაქსებით.