ონი

ონი

  1. საქართველოს კუთხეები

ონი მაღალმთიანი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით, დაისვენოთ სუფთა ჰაერზე და მოინახულოთ სხვადასხვა ისტორიული და ბუნების ძეგლები. ონში სტუმრობით ასევე კარგად გაიცნობთ რაჭულ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას.

ონის შესახებ

ონი დასავლეთ საქართველოში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ისტორიულ მხარეში მდებარეობს. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ონია, რომელიც მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული.

ონის ღირსშესანიშნაობები

პატარა, თუმცა მრავალფეროვანი ონი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს გულგრილად არ დატოვებს. ონში ბევრი კულტურული ღირსშესანიშნაობა და გასაოცარი ბუნების ძეგლია, რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

  • ონის სინაგოგა

    ონის სინაგოგა

    ონის სინაგოგა მე–19 საუკუნის ულამაზესი კულტურული ძეგლია, რომელიც საქართველოში მდებარე ერთ–ერთი უდიდესი სინაგოგაა, ორიგინალური ფასადით, თეთრი კირქვის ჩუქურთმებითა და მრავალქიმიანი დავითის ვარსკვლავიანი გუმბათით. სინაგოგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

  • უძირო ტბა

    უძირო ტბა

    უძირო ტბა კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ მოგზაურს იზიდავს. ულამაზესი პატარა ტბა, მთებს შორისაა მოქცეული და გამოირჩევა სარკისებული ეფექტითა და გასაოცარი ხედებით. ტბასთან ახლოს ტურისტები ხშირად ბანაკდებიან.

  • სასვანოს ტბები

    სასვანოს ტბები

    სასვანოს ტბები ონში, რიონის ხეობაში მდებარე გასაოცარი ბუნების ძეგლია, რომელიც იდეალურად აერთიანებს ფერადი ყვავილებით დაფარულ მდელოებსა და თოვლიან მყინბარებს. სარკისებული ეფექტი კი ტბებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

  • მყინვარი ბუბა

    მყინვარი ბუბა

    მიუხედავად იმისა, რომ მყინვარი ბუბა რთული ხეობის ტიპის მყინვარს წარმოადგენს, ის მოლაშქრეებისთვის საკმაოდ მიმზიდველი მარშრუტია. გასაოცარი სილამაზის მქონე მყინვარი მდინარე ბუბისწყალს ასაზრდოებს.

  • ჭიორა გლოლა

    ჭიორა და გლოლა

    ჭიორა და გლოლა ონის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია. მთა–გორიანი და ფერადი ფოთლოვანი ტყით დაფარული სოფლები მოლაშქრეების ერთ–ერთი საყვარელი მარშრუტია, რომელსაც უმეტესწილად, ტყის სიფერადის გამო, შემოდგომობით სტუმრობენ.

  • შქმერი

    შქმერი

    ლაშქრობის მოყვარულებისთვის სოფელი შქმერი მორიგი თავგადასავალია. ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი გამოირჩევა სუბალპური მცენარეული საფარით და კლდოვანი ხეობის კანიონით, რომელშიც მდინარე ხეორი მიედინება.

  • ონის მუზეუმი

    ონის მუზეუმი

    ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ონის უძველეს კულტურას გაეცნოთ. აქ ნახავთ გვიანფეოდალური ხანის არქეოლოგიურ აღმოჩენებს, მათ შორის სამკაულებს, საბრძოლო იარაღებსა და სხვადასხვა ეთნოგრაფიულ მასალებს. მუზეუმში დაცულია 15,500–მდე ექსპონანტი.

  • მრავალძალის ეკლესია

    მრავალძალის ეკლესია

    მრავალძალის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც მე–11 საუკუნეში ააგეს. ეკლესია ულამაზესი ჩუქურთმებითა და ფრესკებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ 1934 წლამდე, ეკლესიაში შაჰ–აბასის ხმალი და ჯალალ–ედ–დინის მუზარადი ინახებოდა. ტურისტებში მრავალძალის ეკლესიის პოპულარობა კი უფრო მეტად, უნიკალური ხედებითაა განპირობებული. ეკლესიიდან ულამაზესი მთის ხედები იშლება, სვანეთისა და რაჭის მთებზე.

  • უწერა

    უწერა

    ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარე სოფელი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ, ასევე შემორჩენილია ფეოდალურ პერიოდში აგებული ეკლესიებისა და ციხე–სიმაგრეების ნანგრევები. უწერას ოფიციალურად მინიჭებული აქვს მთის კლიმატურ–ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი.

სასტუმროები ონში

ონში სასტუმროების არც ისე დიდი არჩევანია. აქ შეგიძლიათ მცირე ზომის, საოჯახო ტიპის სასტუმროებში მოისვენოთ, სადაც დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ტრადიციული რაჭული ვენახები და სტუმართმოყვარე მასპინძლები.

ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი საოჯახო სასტუმროები როგორიცაა “ნანა,” “რაჭა,” “მხატვრის სახლი,” და “Guesthouse G.T.” მყუდრო და მშვიდ გარემოსთან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ გასაოცრი ხედებით.

ასევე, შეგიძლიათ ონის ცენტრალურ სასტუმროში, “ორიონში” დაისვენოთ, სადაც დაგხვდებათ უმაღლესი დონის მომსახურება და კომფორტული ნომრები.

რესტორნები ონში

ონში რესტორნების არც ისე დიდი არჩევანია, თუმცა ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში შეძლებთ ქართული კერძების დაგემოვნებას, რაჭულ ღვინოსთან ერთად. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რესტორნები “მთის რაჭა,” “ქვე ჭამე და ქვე წადი” და კაფე “გვირილა.”

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ონში?

თბილისიდან მანძილი 230 კილომეტრია და მარშრუტის გასავლელად სამ საათზე მეტი დაგჭირდებათ. თბილისის ავტოსადგურიდან ინიშნება კერძო მიკროავტობუსები ონის მიმართულებით, რაც არაჩვეულებრივი გზაა, თუ ბიუჯეტური მგზავრობა გსურთ.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით და შემდგომში ამბროლაურიდან სამარშრუტო ტაქსით იმგზავროთ ონის მიმართულებით. ამბროლაურიდან ონი დაახლოებით 30 კმ–ით არის დაშორებული.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ნატახტარი–ონის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავით და შემდეგ გამოიყენოთ სამარშრუტო ტაქსი ონში მისასვლელად. ეს ბევრად სწრაფი მარშრუტია და დახარჯავთ ერთ საათზე მეტს. ამბროლაური–ნატახტარის ფრენების განრიგი არარეგულარულია და ისინი შეგიძლიათ აეროპორტების გვერდებზე იხილოთ.

როდის არის საუკეთესო დრო ონის მოსანახულებლად?

ამინდებისა და ფლორის თავისებურებების გათვალისწინებით, საუკეთესო დრო ონის მოსანახულებლად მაისი–ოქტომბრის პერიოდია.