ყვარლის ტბა და მთები

ყვარლის ტბა

  1. სანახაობები

ყვარლის უმშვენიერესი მთებითა და ტყეებით გარშემორტყმული ტბა თბილისიდან 150 კილომეტრში მდებარეობს. ბუნებასთან სიახლოვისა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის გამო აქაურობა მალევე იქცა ტურისტების საყვარელ ადგილად, სადაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარება შეგიძლიათ.

ყვარლის ტბის შესახებ

ყვარლის ტბა ხელოვნურად შექმნილი წყალსაცავია ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე დურუჯის ხეობაში, რომელსაც არა მხოლოდ ეკოლოგიური, არამედ კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობაც გააჩნია. ტბას ილიას ტბასაც უწოდებენ, ყვარელში დაბადებული ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად. სწორედ ყვარელში მდებარეობს ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი. ერთი მხრიდან ტბას ფოთლოვანი ტყით შემოსილი მთები აკრავს, მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, სპორტული მოედნები, სასეირნო ბილიკები, ამფითეატრი, რესტორანი და სასტუმრო. ტბის თავზე ღამით განათებულ წარწერას დაინახავთ – “მე მიყვარს კახეთი”. ყვარელი მეღვინეობის კულტურის უძველესი კერაა, რომელიც ათასობით წლით თარიღდება. ტბა ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაშია მოქცეული და მის სიახლოვეს ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის ვენახებია გადაჭიმული. აქაურ შატოებში საუკეთესო ქართულ ღვინოებს აწარმოებენ. ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ დაათვალიერონ ადგილობრივი ღვინის ქარხნები, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და გაეცნონ მეღვინეობის ტრადიციულ ტექნიკას, რომელიც თაობებს გადაეცემა.

წყლის ველოსიპედები ყვარლის ტბაზე

რეკრეაცია

თუ თავგადასავლებისა და აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, ყვარლის ტბა მრავალფეროვან რეკრეაციულ აქტივობებს გთავაზობთ. ტბის წყალი შესანიშნავია მასზე ნავით გასასეირნებლად. თევზაობის მოყვარულებს შეუძლიათ ბედი ტბის თევზის დაჭერაში სცადონ, რომლებიც მის სიღრმეებში ბინადრობენ. მიმდებარე ტყეები და ბორცვები შესანიშნავია ლაშქრობისა და პიკნიკის მოსაწყობად. ყვარლის ტბის სანაპიროზე დაბანაკება პოპულარული არჩევანია მოგზაურთათვის, რომელთაც სურთ სრულად შეიგრძნონ აქაური ბუნება. წყლის ნაზი ხმის თანხლებით გაღვიძება და მთებზე ამომავალი მზის ხილვა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ბიომრავალფეროვნება

ტბას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობა, როგორიცაა კობრი, ქორჭილა და ლოქო. მიმდებარე ჭარბტენიანი ტერიტორიები მრავალი სახეობის ფრინველის გასამრავლებელია, რაც მას პოპულარულ ადგილად აქცევს ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის. ტბა და მისი უშუალო შემოგარენი გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებაში.

გრემის მონასტერი და მუზეუმი

ღირსშესანიშნაობები

ქალაქ ყვარლის ცენტრიდან ტბა 3 კილომეტრით არის დაშორებული და ავტომობილით სულ რაღაც 7 წუთი დაგჭირდებათ მისასვლელად. შესაბამისად, თუკი ტბას სტუმრობთ, აქვე შეგიძლიათ ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიეროთ. ქალაქში მოინახულებთ ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანს, ნეკრესისა და გრემის მონასტრებს და დოლოჭოპის ბაზილიკას. მუზეუმებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის საგვარეულო სახლები. ქალაქის ცენტრში ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მდებარეობს, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მონეტებია გამოფენილი. ყვარლის ღვინის გვირაბი აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიტანეთ. კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 26 000-მდე საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ადგილზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ რჩეული ქართული ღვინის სახეობები.

სასტუმროები ყვარელში

ყვარელში მდებარე სასტუმროების უპირატესობა მათი მდებარეობა და ბუნებასთან სიახლოვეა. აქ დასვენების გარდა, ტბებისა და მთების საოცარი ხედებით დატკბებით. ადგილზე დააგემოვნებთ კახურ ტრადიციულ კერძებს ქართული ღვინოების თანხლებით, დაესწრებით კულინარიულ მასტერკლასებს და სურვილის შემთხვევაში რთველშიც მიიღებთ მონაწილეობას.

სასტუმრო როიალ ბატონი და აუზი მთაზე

როიალ ბატონი

როიალ ბატონი ტბის პირას, ყვარლის მთებსა და მდინარე დურუჯს შორის მდებარეობს. სასტუმრო ტრადიციული არქიტექტურისა და თანამედროვე კომფორტის საუკეთესო შერწყმაა. სტუმრებს შეუძლიათ ითევზაონ, ისეირნონ ველოსიპედებით, ისარგებლონ ყვარლის ტბაზე არსებული ჩოგბურთის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით. სასტუმროს ღია აუზი აქაურობის სავიზიტო ბარათი და ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. აუზიდან ტბისა და გარშემო ამწვანებული პეიზაჟების ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმრო ვიზიტორებს სხვადასხვა ტიპის ტურებსაც სთავაზობს, მათ შორის, პარაპლანი, ზიპლაინი, ჯიპტური, თევზაობა, ჩიტებზე დაკვირვება, კვადროტური და ა.შ

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვხვდეთ ყვარლის ტბაზე?

თბილისიდან ყვარელამდე მანძილი დაახლოებით 145 კილომეტრია. მანქანის მის გასავლელად 2 საათი დაგჭირდებათ.
ყვარლის მიმართულებით თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ტრანსპორტის განრიგისა და ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილში.

მიმართულება გასვლის დრო ფასი
ყვარელი 8:00 8:45 9:45 13:00 14:00 15:00 16:00 17:00 17:50 18:00 8 ₾

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

ყვარელს ვიზიტორები მთელის წლის განმავლობაში სტუმრობენ, მაგრამ როგორც კახეთის სხვა ქალაქები, აქაურობაც განსაკუთრებული პოპულარობით შემოდგომასა და ზაფხულში სარგებლობს. შემოდგომით ტბის მიმდებარე ტყე გასაოცრად ლამაზია წითელ-ყვითელი ფოთლებისა და მათი ანარეკლის გამო წყალში.