მტირალას ეროვნული პარკი - mtiralas erovnuli parki

მტირალას ეროვნული პარკი

  1. სანახაობები

მტირალას ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმით გატაცებული ადამიანებისთვის თავგადასავლებისა და სანახაობების ნამდვილი ატრაქციონია. ეგზოტიკური ბუნება, იშვიათი ფლორა და ფაუნა, ჩანჩქერები, ტბები და სხვადასხვა გასართობები მტირალას პარკში მოგზაურობისას შთაბეჭფილებებით აგავსებს.

მტირალას ეროვნული პარკის შესახებ

მტირალას ეროვნული პარკი აჭარაში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს.  ადმინისტრაციული შენობა განთავსებულია დაბა ჩაქვში. 

მტირალას მთა შავი ზღვიდან წამოსულ ტენიან ჰაერს აკავებს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. ეს ადგილი ქვეყნის ყველაზე ნალექიანი ზონაა. სახელწოდება “მტირალაც“ სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

15 ჰექტარზე გაშენებული პარკი სამ ზონადაა დაყოფილი: მკაცრი დაცვის ზონა, სადაც ადამიანების ჩარევა აკრძალულია (გარდა მეცნიერული დაკვირვებებისა, ისიც მხოლოდ შეთანხმებით); ვიზიტორთა ზონა, სადაც ვიზიტორს შეუძლია ბილიკზე გასვლა, ცეცხლის დანთება გამოყოფილ ადგილებში, კარვის გაშლა და პიკნიკის მოწყობა, გასეირნება ველურ ბუნებაში; ტრადიციული გამოყენების ზონა – აქ 12 ოჯახი ცხოვრობს და ეწევა სოფლის მეურნეობას.

პარკის ბიომრავალფეროვნება

პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია მცენარეების 284 სახეობა. მასში თავმოყრილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი, რელიქტური და ენდემური მცენარეები. 

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია კოლხური ტიპის შერეული ტყის საფარი, მარადმწვანე შქერის ბუჩქები, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, კოლხური ჭყორი, კოლხური ბზა და სხვადასხვა ტიპის ლიანები. 

მტირალას ეროვნული პარკისთვის დამახასიათებელია ცხოველთა მრავალფეროვანი სამყარო, რომელიც წარმოდგენილია 95 სახეობით. აღსანიშნავია, რომ პარკში გავრცელებული ცხოველების 23 სახეობა შეტანილია საქართველოს “წითელ ნუსხაში“, ხოლო 9 გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები IUCN-ის “წითელ ნუსხაში“.

ეროვნული პარკში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა, შველი, უფრო იშვიათად – გარეული ღორი. ამფიბიებიდან პარკში კავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები გვხვდება. აქ სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა: ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა ბინადრობს.

მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობს ჩია არწივი, ქორი, მიმინო. სხვა ფრინველებიდან ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი და სხვა. 

ისტორია

მტირალას ეროვნული პარკი დაარსდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2006 წელს.

მტირალას ეროვნული პარკის შექმნის მიზანი იყო კოლხური ტყე-პარკის ხელუხლებლად შენარჩუნება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკო-ტურიზმის განვითარება. 

ტურები

მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს 1 და 2 დღიანი ტურები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. გამოყოფილია საპიკნიკე, საკემპინგე და კოცონის დასანთები ადგილები. ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეგიძლიათ დაგეგმოთ სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურები. 

სანახაობები

მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობისას შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობებით დაკავდეთ – დაეშვათ ზიპ-ლაინით, მოაწყოთ ფრინველებზე დაკვირვება ან ესტუმროთ თოკების პარკს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, სადაც დროს მხიარულად და საინტერესოდ გაატარებთ.

ზიპ-ლაინი

მათთვის, ვისაც ესტრემალური სპორტული გასართობები იზიდავს, მტირალას პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, რომლითაც უმშვენიერეს ბუნებაში, ხეებს შორის დაეშვებით. 

ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები არიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). ადგილზე კვალიფიციური გიდები გაგიწევენ მომსახურებას.

ფასი: 15 ₾

საერთო სიგრძე: 220 მეტრი

საკონტაქტო ტელეფონი: 577 10 18 89

სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ფრინველებზე დაკვირვება

მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთერთ მთავარ კორიდორად ითვლება.ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა მდებარეობს სოფელ ყოროლისთავში, ქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ში, გადასახვევი: თამარის დასახლება (ე.წ ბენზე).

საკონტაქტო ტელეფონი: 577 10 18 89

სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

თოკების პარკი

მტირალას ეროვნულ პარკში მოწყობილია “თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზრდილებისთვის.

საოჯახო ზონა 7 დაბრკოლებისგან შედგება, ხოლო მოზდრილების ზონა -10-ისგან. 

თოკების პარკი ხეებზე – წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს თოკებისგან, ხიდებისგან, ხის მორებისგან, ბადეებისგან და სხვა უჩვეულო საგნებისგან, რომლებიც დამონტაჟებულია მიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე. 

პარკი შედგება ორი მარშრუტისგან, მოზარდთათვის და საოჯახო, რომლებზეც განთავსებულია 17 წინაღობა, მთლიანი სიგრძით 209 მეტრი (67 და 142 მეტრი).

1) მარშრუტი “მოზარდთათვის“ – შედგება უბრალო, საინტერესო გავლის და პარკში გადაადგილების ტექნიკასთან გაცნობის 6 ელემენტისაგან. ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე ნაკლები სიმაღლის ბავშვების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის. მთლიანი სიგრძე 67 მ.

2) მარშრუტი “საოჯახო“ – შედგება 11 საინტერესო ელემენტისგან, რომლებიც ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე მეტი სიმაღლის მონაწილეებისათვის. მარშრუტის სიგრძე 142 მეტრი.

საოჯახო ზონა: 15 ლარი

მოზრდილთათვის: 20 ლარი

საკონტაქტო ტელეფონი: 577 10 18 89

სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

პრაქტიკული ინფორმაცია

ტურისტულ ზონაში არის ორი კერძო სასტუმრო და ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ერთდროულად რვა ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი. ცენტრშივეა კაფეტერია, ვერანდა და საგამოფენო დარბაზი. პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილ კონკრეტულ საკარვე ადგილებში განთავსება ფასიანია.

სერვისებიღირებულება
საკარვე ადგილი 5 ლარი (დღე)
საპიკნიკე ადგილი – ხუთ ადგილიანი10 ლარი
საპიკნიკე ადგილი – ათ ადგილიანი15 ლარი
კარავი და საძილე ტომარა15 ლარი

გასვლაზე საჭირო აუცილებელი აღჭურვილობა:

• საძილე ტომარა;

• საგებელი;

• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;

• სამსეზონიანი სალაშქრო კარავი;

• სალაშქრო ზურგჩანთა;

• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;

• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;

• ფანარი;

• პირადი აფთიაქი;

• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;

სასურველი:

• სალაშქრო ჯოხები;

• გასაბერი საგებელი;

• სალაშქრო გაზქურა;

კვება:

თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.

წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვხვდეთ მტირალას ეროვნულ პარკში?

თბილისიდან მტირალას ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 377 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 5-6 საათი.
ბათუმიდან ჩაქვამდე 10 კმ (15 წთ ავტომობილით); ჩაქვიდან ვიზიტორთა ცენტრამდე 15 კმ (45 წთ ავტომობილით).