ზუგდიდი

ზუგდიდი

  1. საქართველოს კუთხეები

ზუგდიდი სამეგრელოს მთავარი მშვენებაა. ევროპული სტილით გაშენებული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღია. ქუჩები და ეზოები ამწვანებული და მოვლილია, ყოველ კუთხეში მეგრული ესთეტიკა იგრძნობა. ზუგდიდის მონახულება წარმოუდგენელია მეგრულ სამზარეულოსთან ზიარების გარეშე.

ზუგდიდის შესახებ

ზუგდიდი სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრი და ყველაზე დიდი ქალაქია. თანამედროვე ზუგდიდი ვიზიტორებისთვის საინტერესო გამოცდილებას მისი ისტორიისა და კულტურის გავლენით ქმნის. ქალაქი დაგეგმარებულია ევროპული სტილით, რაც დადიანების საგვარეულოს ევროპასთან სიახლოვის დამსახურებაა. ქალაქის შუაგულში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე, მის გარშემო კი რამდენიმე სართულიანი სახლები და გამწვანებული ეზოებია გაშენებული.
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ზუგდიდში შეგიძლიათ გამოსცადოთ, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებაა. ტრადიციული მეგრული კერძებიდან აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ გებჟალია, ელარჯი, მეგრული ხარჩო და ხაჭაპური, აჯიკა და სხვა.

რა ვნახოთ ზუგდიდში?

ზუგდიდის ღირსშესანიშნაობები

ზუგდიდის მთავარი ღირსშესანიშნაობა დადიანების სასახლეა თავისი ბოტანიკური ბაღითა და უნიკალური ექსპონატებით. თქვენ თვალწინ სამეგრელოს მთავართა ცხოვრების ისტორია ცოცხლდება და თავი მისი მონაწილე გგონიათ. 

ბოტანიკური ბაღის გარდა, ადგილობრივთა საყვარელი რეკრეაციული ადგილია ზუგდიდის ბულვარი. 

ზუგდიდში სტუმრობისას აუცილებლად მოინახულეთ ეთნო სოფელი “სისატურა”, რუხის ციხე და რაც მთავარია – ენგურჰესი, შთამბეჭდავი კაშხალი მდინარე ენგურზე.

  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

    ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

    ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლესთანაა გაშენებული. პარკში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეებია დარგული. მოწყობილია ორანჟერეა, სასეირნო ბილიკები და წყლის აუზები. ვიზიტორებს შეუძლიათ ტბაში ნავით გასეირნებაც.

  • დადიანების სასახლე

    დადიანების სასახლე

    დადიანების სასახლეში ინახება დადიანების ოჯახის რელიკვიები: უნიკალური ავეჯი, მემორიალური ნივთები, ჭურჭელი, ნაპოლეონ ბონაპარტის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც პარიზში 1833 წელს ფრანჩესკო ანტომარკიმ ჩამოასხა და მსოფლიოში მხოლოდ სამია. სასახლეში დაცულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.

  • რუხის ციხე

    რუხის ციხე

    რუხის ციხე XVII საუკუნეში ლევან II დადიანმა ააგო. იგი ციტადელისა და ქვედა ეზოსგან შედგება. ეზოს ორივე ბოლოში კოშკებია აღმართული. ციხეს გარს უვლის გალავანი.

  • ზუგდიდის ბულვარი

    ზუგდიდის ბულვარი

    ზუგდიდის ბულვარის დაარსება რაფიელ ერისთავის სახელს უკავშირდება. ბულვარის გასწვრივ ჭადრებითა და ნაძვებით გაშენებული ხეივნებია, მრავლადაა ყვავილები და ბუჩქები. მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები.

  • ეთნო სოფელი სისატურა

    ეთნო სოფელი “სისატურა”

    ეთნო სოფელი “სისატურა” ზუგდიდიდან 11 კილომეტრში მდებაროებს. აქ ნამდვილი მეგრული ატმოსფერო დაგხვდებათ. სივრცის შუაგულში მეგრული ჯარგვალი დგას. აქვეა დამხმარე ნაგებობები – ფაცხები, საუკუნოვანი წისქვილი და ხელოვნური ტბა

სასტუმროები ზუდიდში

ზუგდიდში არაერთი კომფორტული სასტუმრო და გესთ ჰაუსია, სადაც ჩვეული მეგრული სტუმართმოყვარეობით გიმასპინძლებენ. 

ქალაქის ცენტრში მდებარეობს სასტუმრო “ლეთო” და “გარდენ პალასი”, სადაც დახვეწილი ინტერიერის გარდა არაჩვეულებრივი სამზარეულო, ბარი და ტერასა დაგხვდებათ. 

ნამდვილ მეგრულ ატმოსფეროს ქმნის საოჯახო სასტუმრო “კასა დე ხასია”. გამწვანებული ეზო, საზაფხულო ტერასა და ინტერიერის ტრადიციული ელემენტები ზუგდიდში მოგზაურობას დამატებით ხიბლს შესძენს. 

რესტორნები ზუგდიდში

ზუგდიდში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მეგრული ტრადიციული კერძები. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც მათ დაგემოვნებას შეძლებთ, რესტორანი დიარონია. რესტორანს აქვს როგორც შიდა სივრცე, ისე საზაფხულო ტერასაც. 

მეგრულ სამზარეულოსთან ერთად ადგილობრივ ფოლკლორსაც გაზიარებენ. “ფოლკლორის სახლის“ სამზარეულო კოშკურის სტილის სამ სართულიანი შენობის პირველ სართულზეა მოწყობილი და ამ სივრცეში ტარდება მასტერკლასებიც. გასტრონომიულ ტურს თავად მასპინძელი უძღვება მეგრული ფორლკლორის თანხლებით.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ზუგდიდში?

ავტომობილი

თბილისიდან ზუგდიდამდე საკუთარი ავტომობილით დაახლოებით ხუთი საათი დაგჭირდებათ. 

 

მატარებელი

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით ყოველდღიურად გადის #870 მატარებელი რკინიგზის სადგურიდან. 

 

მატარებლის # გასვლის დრო ჩასვლის დრო ვაგონის კლასი თანხა
870 08:40 14:40 I კლასი 28 ₾
870 08:40 14:40 II კლასი 16 ₾
870 08:40 14:40 ბიზნესკლასი 43 ₾

როდის არის საუკეთესო წასასვლელად?

ზუგდიდში ვიზიტი წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ. მათ შორის, ზამთარშიც არ შეგაწუხებთ სიცივე.
მიუხედავად ამისა, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები – ბოტანიკური ბაღი და ბულვარი, გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით მეტად ლამაზია.