მარტვილი
მარტვილი ცნობილია თავისი უმშვენიერესი პეიზაჟებითა და ლანდშაფტით. ქალაქი დამთვალიერებლებს ბუნების არაერთ სანახაობასა და ტურისტულ აქტივობას სთავაზობს. მარტვილში სტუმრობისას ოკაცესა და მარტვილის ცნობილი კანიონები უნდა აღმოაჩინოთ, კრისტალურად სუფთა წყლებითა და ჩანჩქერებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამეგრელოს მთავრების ცნობილი საზაფხულო რეზიდენცია მდებარეობს – სალხინო, რომლის თვალწარმტაცი ბუნება ნამდვილად ამართლებს სახელს.
მარტვილის შესახებ
მარტვილი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს და მარტვილის მუნიციპალილეტის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი ოდიშის ვაკეზე, მდინარეების, ნოღელასა და აბაშას შორისაა მოქცეული.
ძველად ქალაქი ცნობილი იყო მისი საგანმანათლებლო, სასულიერო და კულტურული დანიშნულების ძეგლებით, რომელთა ნაწილი დღესაც შემორჩენილია და ვიზიტორთა შორის დიდი ინტერესით სარგებლობს.
თანამედროვე მარტვილის ტურისტული პოტენციალი მისი უნიკალური ბუნების ძეგლებითა და სანახაობებითაა განპირობებული. სწორედ აქ მდებარეობს საქართველოს ცნობილი კანიონები და უმაღლესი ჩანჩქერები, რომელთა მსგავსსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
მარტვილის ღირსშესანიშნაობები
მარტვილი შთამბეჭდავი ბუნების ძეგლებით, კანიონებით, ჩანჩქერებითა და ტბებით მოგხიბლავთ. მარტვილისა და ბალდის კანიონებს მდინარე აბაშის ხეობაში ნავებით მოინახულებთ. ჩანჩქერებიდან აღსანიშნავია კინჩხას, ტობის და ონიორეს ჩანჩქერები, რომლებიც ქარაფებიდან ხმაურიანად ეშვება. მარტვილში დადიანთა ცნობილი სალხინოს სასახლის და მისი უმშვენიერესი ბაღის მონახულებაც შეგიძლიათ.
სასტუმროები მარტვილში
მარტვილის საოჯახო სასტუმროებში ნამდვილი მეგრული სტუმართმოყვარეობა და გამორჩეული სამზარეულო დაგხვდებათ.
ქალაქ მარტვილში “Novel House”-ში კომფორტული და სუფთა ნომრები დაგხვდებათ. სასტუმროს გამწვანებული ეზო და პატარა ბოსტანი აქვს, სადაც ადგილობრივი სეზონური პროდუქტების დაგემოვნებას შეძლებთ.
მარტვილიდან მანქანით 15 წუთის სავალზე სოფელ ბანძაში ულამაზესი ხის კოტეჯები დაგხვდებათ – “Tinyhouses Genacvale”. ეზოში მოწყობილია სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები. აქაური მასპინძლები საკუთარი მეურნეობის რძის პროდუქტებითა და ხილ-ბოსტნეულით გაგიმასპინძლდებიან.
ქალაქის ცენტრში მდებარეობს სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო “Resort Martvili”. სასტუმროს დიდი და ნათელი ოთახებიდან ქალაქის ხედები იშლება. სასტუმროს საკუთარი რესტორანი აქვს, სადაც ადგილობრივი მეგრული ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ.
რესტორნები მარტვილში
მარტვილში და მის მიმდებარედ რესტორნებში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მეგრული ტრადიციული კერძები – ელარჯი, გებჟალია, ხარჩო, ფუჩხოლია, მეგრული ხაჭაპური და სხვა.
რესტორან კათხაში ქართული სამზარეულოთი და ადგილობრივი ღვინის ჯიშებით გაგიმასპინძლდებიან.
რესტორანი ოდა მეგრული საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დეტალებს იმეორებს და სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლდება.
რესტორანი სანაპირო მდინარე აბაშის ნაპირზე მდებარეობს. რესტორანს გამწვანებული და კეთილმოწყობილი ეზო აქვს.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ მარტვილში?
მარტვილი თბილისიდან 278 კილომეტრითაა დაშორებული. მანქანით მარტვილამდე ჩასასვლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.
დიდუბის ავტოსადგურიდან მარტვილის მიმართულებით გადის სამარშრუტო ტაქსი დილის 08:30 საათზე. მგზავრობის ღირებულებაა 18 ₾.
მატარებლის სადგური მარტვილში არ არის. უახლოესი სადგური აბაშაში მდებარეობს, საიდანაც მარტვილამდე 36 კილომეტრის გავლა მოგიწევთ.
აბაშის მიმართულებით მოძრაობს შემდეგი მატარებლები:
მატარებლის # | გასვლის დრო | ჩასვლის დრო | ვაგონის კლასი | თანხა |
870 | 18.04.2023 08:25 | 18.04.2023 12:48 | I კლასი(მოდრნ) | 28 ₾ |
870 | 18.04.2023 08:25 | 18.04.2023 12:48 | II კლასი(მოდრნ) | 16 ₾ |
870 | 18.04.2023 08:25 | 18.04.2023 12:48 | ბიზნესკლასი | 43 ₾ |
874 | 18.04.2023 17:30 | 18.04.2023 21:49 | I კლასი(მოდრნ) | 28 ₾ |
874 | 18.04.2023 17:30 | 18.04.2023 21:49 | II კლასი(მოდრნ) | 16 ₾ |
874 | 18.04.2023 17:30 | 18.04.2023 21:49 | ბიზნესკლასი | 43 ₾ |
872 | 18.04.2023 08:45 | 18.04.2023 13:08 | I კლასი(მოდრნ) | 28 ₾ |
872 | 18.04.2023 08:45 | 18.04.2023 13:08 | II კლასი(მოდრნ) | 16 ₾ |
როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?
მარტვილის ღირსშესანიშნაობები წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს დამთვალიერებელს. თუმცა მისი კანიონები და ჩანჩქერები ყველაზე საოცარი სანახავია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით.
მარტვილის მოსანახულებლად ეცადეთ შეარჩიოთ მშრალი ამინდი. წვიმიან ამინდში შესაძლოა ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა ვერ მოინახულოთ, მაგალითად ოკაცეს კანიონი.
რას ნიშნავს მარტვილი?
“მარტვირი”; “მარტვილი” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “წამებულს”. სხვადასხვა პერიოდის წყაროებში ამ ტერიტორიას სხვადასხვა სახელით იხსენიებენ. მათ შორისაა ასევე “ჭყონდიდი”, რაც კოლხურ “დიდ მუხას” ნიშნავს.
მარტვილის კანიონი ფასები
მარტვილის კანიონი წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს. გაზაფხულსა და ზაფხულში სამუშაო საათებია 10:00 – 18:00, შემოდგომითა და ზამთრით 10:00 – 17:00.
ფასიანი სერვისები
ბილეთი | ნავით გასეირნება | |
ზრდასრული | 10. 35 ₾ | 15 ₾ |
სტუდენტი და მოსწავლე | 5.5 ₾ | 15 ₾ |
უცხოეთის მოქალაქე | 17. 25 ₾ | 15 ₾ |