მწვანე კონცხი და შავი ზღვის სანაპირო

მწვანე კონცხი

  1. სანახაობები

მწვანე კონცხი ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. თვალწარმტაცი სიმწვანე ჰარმონიულად ერწყმის შავი ზღვის ცისფერ ფერებს. მისი ულამაზესი ფერდობებიდან ზღვის სანაპიროს თვალუწვდენელი ჰორიზონტები იშლება. აქვეა პლაჟი, სადაც სიმშვიდე, სუფთა და კამკამა წყალი დაგხვდებათ საბანაოდ.

მწვანე კონცხის შესახებ

მწვანე კონცხი მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით ბუნებაში დასვენებისა და განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილია მთელს აჭარის რეგიონში. სახელწოდება “მწვანე კონცხი”, მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას დამსვენებლებმა. მის ფერდობებზე გაშენებულია ევროპის ერთ-ერთი მდიდარი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი იშვიათი მცეენარეების კოლექციას ფლობს. ბაღის გადმოსახედებიდან კონცხის სანაპიროების ხედები იშლება და ზემოდან დაჰყურებთ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფართო ვიზუალებს. მწვანე კონცხიდან 7 კილომეტრში მდებარეობს შავი ზღვის კიდევ ერთი კურორტი, მახინჯაური. მახინჯაური ცნობილია თავისი “გოგირდის აბანოებით“, რომელსაც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს. უნიკალური მიკროკლიმატი, ზღვისა და მთების სიახლოვე შესანიშნავ საშუალებას იძლევა დასვენებისა და გაჯანსაღებისთვის. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც. მაღალი კვიპაროსის ხეები, მაგნოლიები და დაფნის ბუჩქები ქმნიან კონცხის მწვანე საფარს. ყვავილების ტკბილი სურნელის შერწყმა ზღვის ნოტიო ნიავთან გამამხნევებელ და დამამშვიდებელ შეგრძნებას ქმნის. გარდა მრავალფეროვანი ფლორისა, მწვანე კონცხის მიმდებარე წყლები მდიდარია წყლის ბინადრებით. თევზის სახეობების მრავალფეროვნება იზიდავს თევზაობის მოყვარულებს, ხოლო ფრინველებზე დაკვირვების მსურველთათვის აქ თოლიებისა და კორმორანების ხილვა შეიძლება. მწვანე კონცხის მიმდებარე სანაპიროს, პირსსა და ინფრასტრუქტურას უახლოეს წარსულში რესტავრაცია ჩაუტარდა და ტურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. ველური ბუნებისა და ზღვის სიახლოვე, ქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრში განტვირთვისა და ეგზოტიკური შთაბეჭდილებების მიღების არაჩვეულებრივი შანსია.

მწვანე კონცხის სანაპირო და ბარი

მწვანე კონცხის სანაპირო

მწვანე კონცხის სანაპიროზე გასეირნებისას ზღვის გასაოცარ ხედებსა და ამწვანებულ ფერდობებს შორის მოექცევით. კლდოვანი ფერდობები მთლიანად დაფარულია ლიანებითა და ველური ვაზის ფოთლებით. სანაპირო ზოლი ზოგიერთ ადგილას შედარებით განიერია, ზოგგან კი კლდოვანი ნაპირი პირდაპირ ზღვაშია შეჭრილი და მის შემოსავლელად წყლის გადაცურვა მოგიწევთ. მწვანე კონცხზე ულამაზეს სიმწვანესთან ერთად ბევრ სხვა რამესაც აღმოაჩენთ. მაგალითად, მიტოვებულ დაჟანგულ და ბუნებასთან შერწყმულ საბაგირო გზას. საბაგირო მწვანე კონცხის სარკინიგზო სადგურს, ბოტანიკური ბაღის ზედა ნაწილთან აკავშირებდა და ტურისტებს ბაღში ასვლას უადვილებდა. სანაპირო შედარებით მშვიდი და მყუდროა. შემორჩენილია ზღვაში შეჭრილი პირსის ნაგებობები, რომლებსაც ახლა მეთევზეები ან სიმაღლიდან ხტომის მოყვარულები იყენებენ. სანაპიროზე რამდენიმე კაფე-ბარია, სადაც ცივი სასმელებისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. აქვე შეგიძლიათ იქირაოთ მზის ქოლგები და დასაწოლები. მწვანე კონცხის სანაპიროზე მოწყობილია ფასიანი სანაპირო ზოლი. პლაჟი ორივე მხრიდან კდლოვანი ფერდობებითაა შემოსაზღვრული. ზღვაში შეჭრილ კლდეზე მოწყობილია გადასასვლელი ხიდი. 08:00 – 19:00 საათის მონაკვეთში პლაჟზე შესვლის ღირებულებაა 10 ლარი. ღირებულებაში შედის შეზლონგი, ქოლგა, wc, შხაპი, გამოსაცვლელი, wi-fi, ერთი ნალექიანი ყავა ან წყალი, დასუფთავებული სანაპირო და გემოვნებიანი მუსიკა. შესვლა უფასოა დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათთვის, ვინც აქაური კაფის კერძებსა და სასმელებს დააგემოვნებს.

ხშირად დასმული კითხვები

როდის არის საუკეთესო დრო წასავლელად?

მწვანე კონცხისა და ბოტანიკური ბაღის დასათვალიერებლად საუკეთესო დროა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა.
თუ ზღვაში ბანაობაც გსურთ, მაშინ აქაურ სანაპიროს ივნისი-სექტემბრის პერიოდში უნდა ესტუმროთ.

როგორ მივიდეთ მწვანე კონცხზე?

ბათუმიდან მწვანე კონცხამდე ავტომობილით დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მიმავალი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გაივლიან მწვანე კონცთან ახლოს.

რა სამკურნალო ფაქტორებით გამოირჩევა მწვანე კონცხის კლიმატი?

ზღვაზე მკურნალობის საუკეთესო ფაქტორად ჰელიოთერაპია ითვლება. მზის სხივებისა და ტროპიკული მცენარეების არომატით გაჯერებული ჰაერი დადებითად მოქმედებს დამსვენებლების ჯანმრთელობაზე, სასუნთქ სისტემებზე და D ვიტამინით ორგანიზმის მომარაგებაზე.

მწვანე კონცხი და შავი ზღვის სანაპირო

მწვანე კონცხი