თბილისი
- საქართველოს კუთხეები
-
თბილისი
თბილისი ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია მსოფლიოში. ქალაქის სავიზიტო ბარათი ძველი თბილისის პეიზაჟები, გოგირდის აბანოები და ისტორიული ნარიყალაა. თბილისური ესთეტიკა მის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ქალაქის თანამედროვე იდენტობას ერთნაირად ირეკლავს.
ეთნიკური და კულტურული სიჭრელით გამორჩეულ ქალაქში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს აღმოსავლური და დასავლური გავლენები, წარსული და აწმყო, ძველი და თანამედროვე არქიტექტურა.
თბილისის შესახებ
თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ზღვის დონიდან 380-600 მეტრზე. ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია.
თანამედროვე თბილისი დაყოფილია 10 რაიონად, მოსახლეობის რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს.
ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დიდი ნაწილი დედაქალაქის შუაგულში, მის ცენტრალურ უბნებშია თავმოყრილი.
თბილისი ოდითგანვე ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო და აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობდა. სწორედ ამან განაპირობა ქალაქის მულტიკულტურულობა. თბილისმა კი ეს მრავალფეროვნება საკუთარ ხასიათში, ურთიერთობებში, არქიტექტურაში, ხელოვნებასა და სტუმარ-მასპინძლობაში ასახა.
მზიანი თბილისის ისტორიული ქუჩები, ქვაფენილები, ავთენტური არქიტექტურა და მათ ფონზე ქალაქის თანამედროვე ენერგეტიკა და ატმოსფერო საუცხოო კონტრასტს ქმნის. სწორედ ამაშია თბილისის მომხიბვლელობის საიდუმლო.
რა ვნახოთ თბილისში?
თბილისი ყოველთვის განსხვავებული კულტურებისა და რელიგიების თავშეყრის ადგილი იყო. ქალაქის მრავალფეროვნება და ეკლექტურობა რომ შეიგრძნოთ, დედაქალაქის ქუჩები ფეხით უნდა მოიაროთ. ძველი თბილისი და სოლოლაკი ქალაქის ავთენტურ სულსა და ატმოსფეროს ასხივებს. თუ გაგიმართლებთ, კვირა დილას ქუჩებში ქაშუეთის, სიონისა და ანჩისხატის ტაძრებიდან გამომავალ ქართულ მრავალხმიან გალობასაც მოისმენთ.
თბილისის არქიტექტურა აღმოსავლური და დასავლური გავლენების საუკეთესო ნაზავია. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის ქუჩაზე რენესანსისა და ბაროკოს სტილში აგებულ მარიოტის შენობისა და რუსთაველის თეატრის შენობებს იხილავთ. მავრიტანული სტილისთვის დამახასიათებელ არკადებს, გუმბათებსა და მდიდარი გეომეტრიული ორნამენტებით მორთულ ოპერის თეატრის ფასადებს გულგრილად ვერ ჩაუვლით.
თავი რომ ნამდვილ თბილისელად იგრძნოთ ქალაქის პარკებსა და კაფე-ბარებს უნდა ესტუმროთ. დედაენის პარკი, მზიური და ვაკის პარკი შაბათ-კვირას თბილისელების საყვარელი დასასვენებელი სივრცეებია.
ქალაქის რიტმი საღამოს აუცილებლად შეძლებს თქვენს აყოლიებას. თბილისი ქართული სამზარეულოსა და ღვინის გასტრონომიულ თავაგადასავალში ჩაგითრევთ. ყველაზე ცნობილი ქართული კერძების, ხინკლისა და ხაჭაპურის გარდა, აღმოსაჩენი კიდევ უამრავი კერძი გაქვთ. მიენდეთ ბედს, თბილისი თქვენთვის მხოლოდ საუკეთესოს ამზადებს.
ისტორია
თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს.
მისი, როგორც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა V საუკუნიდან იწყება და ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.
თბილისის დაარსებაზე არაერთი ლეგენდა არსებობს. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ის ადგილი, სადაც ახლა თბილისია, მანამდე ტყეს ეჭირა. მეფე ვახტანგი ერთხელ ამ ადგილებში ნადირობდა; მან თავისი მიმინო აფრენილ ხოხობს დაადევნა და ორივე ღრმა ხევში ჩაიკარგნენ. გორგასალი თავისი ამალით ჩავიდა ხევში და იქ ცხელი ნაკადული ნახა, რომელშიც მეფის მიმინო და ხოხობი მოხარშულიყვნენ.
მეფე მიხვდა ამ ცხელი წყლის მარგებლობას, ადგილის მდებარეობა მოხერხებულად მიიჩნია და ბრძანა, გაეკაფათ ტყე ციხე-ქალაქის ასაგებად.
ასე დააფუძნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ
თბილი წყლის პირას იდგა.
თბილისის ძველი ქალაქი
ვიწრო ქუჩები, მოკირწყლული ქვაფენილები, ფერადი სახლები ხის ჩუქურთმიანი აივნებით, ტაძრები, ღირსშესანიშნაობები – ძველი თბილისი ქალაქის ისტორიული უბანია. დღესდღეობით ტურისტებით გადაჭედილ ამ ადგილებს ძველად სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა.
მეიდანი ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დღეს მთავარი მოედანი და ტურისტული ცენტრია ქალაქში. წარსულში მეიდანი კავკასიაში ერთ-ერთი უძველეს სავაჭრო მოედანი იყო.
ხელოსნებისა და ვაჭრების საქმიანობიდან გამომდინარე ქუჩებიც სხვადასხვა სახელწოდებებს იღებდნენ, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი: ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და ა.შ.
მეიდნის გარშემო განლაგებულია რესტორნები, კაფეები, ტრადიციული სამოსის, სუვენირებისა და ტკბილეულობის მაღაზიები. მეიდნიდან ყველა მხარეს იშლება მშვენიერი ხედები – მტკვარი, მეტეხის ხიდი, მეტეხის ტაძარი – ამ ყველაფერს ზემოდან ნარიყალას ციხე-სიმაგრე გადაჰყურებს.
1 დღიანი ტური თბილისში
თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა მის ისტორიულ უბნებშია თავმოყრილი. თუკი ქალაქის დასათვალიერებლად მცირე დრო გაქვთ, ერთ დღიანი ტურის ფარგლებში ძველ თბილისს, აბანოთუბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ესტუმრეთ.
ტური მეიდნიდან შეგიძლიათ დაიწყოთ, მოინახულოთ შარდენის ქუჩა, სიონი და რეზო გაბრიაძის საათის კოშკი. აქედან მშვიდობის ხიდით გადაინაცვლებთ რიყის პარკში, რიყის პარკიდან კი საბაგირო გზით მოხვდებით ნარიყალას ციხეზე, დატკბებით ქალაქის პანორამული ხედებით. სანამ ნარიყალას ციხიდან აბანოთუბნისკენ დაეშვებით, გამოიყენეთ შანსი და საუკეთესო ქართული კერძების დასაგემოვნებლად ესტუმრეთ რესტორანს “144 საფეხური” და “View and More”. აქედან თბილისის ძველი უბნების უმშვენიერესი ხედი იშლება. სადილის შემდეგ აბანოთუბნისკენ გაემართებით და ცნობილ ჭრელ აბანოებს მოინახულებთ. აქედან გზა ლეღვთახევის ჩანჩქერისკენ მიდის.
დღის დასასრულს აუცილებლად დააგემოვნეთ ქართული ღვინო და უგემრიელესი კოქტეილები “შუშაბანდში” და “Coctail Factory”-ში, რომლითაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილზე გაგიმასპინძლდებიან.
3 დღიანი ტური თბილისში
თბილისის სამ დღიანი ტურის ფარგლებში აღმოაჩენთ ქალაქის ისტორიულ უბნებს, თანამედროვე თბილისსა და ახლოს მდებარე ქალაქ მცხეთას, თავისი ღირსშესანიშნაობებით.
დედაქალაქის დათვალიერება ძველი თბილისით დაიწყეთ. ფერადი სახლები, ხის მოჩუქურთმებული აივნებით ისეთივე ჭრელია, როგორც თვითონ ქალაქის კულტურა და ისტორია. ვიწრო ქუჩები, ქვაფენილიანი გზები და მათზე გადმოკიდებული თბილისური აივნები დედაქალაქის სავიზიტო ბარათია. მოგზაურობა რიყის პარკიდან ნარიყალას მიმართულებით საბაგირო გზით შეგიძლიათ გააგრძელოთ, საიდანაც ქალაქის ხედები თქვენს ხელის გულზე გადაიშლება. ნარიყალადან აბანოთუბანი და ლეღვთახევის ჩანჩქერი მოინახულეთ. დღის დასასრულს უგემრიელესი ღვინის, ლუდისა და კერძების დასაგემოვნებლად რესტორან “შავ ლომს” ეწვიეთ, სადაც არაჩვეულებრივი გარემო, შიდა და გარე სივრცეები და გამორჩეული ინტერიერი დაგხვდებათ.
ძალების აღდგენის შემდეგ, მეორე დღესვე თავისუფლების მოედნისკენ გაემართეთ. მოედნის მიმდებარედ გემრიელი ყავით, დესერტებითა და სენდვიჩებით “Gloria Jeans Coffees Liberty Square” გაგიმასპინძლდებათ და დღის დასაწყებად საჭირო ენერგიით აგავსებთ. აქედან განახლებულ ორბელიანის მოედანს ესტუმრეთ, იქიდან კი რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებთ, სადაც აუცილებლად ინახულეთ თბილისის სახელმწიფო მუზეუმი თავისი უნიკალური ექსპონატებით. რუსთაველის ღირსშესანიშნაობების ამოწურვის შემდეგ თბილისის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლეთ და ხელოვნების სასახლეს ეწვიეთ კარგარეთელის ქუჩაზე. აქვე ცნობილი სელფის მუზეუმი, სადაც ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებთ თქვენი სოციალური ქსელებისთვის. სელფის მუზეუმიდან ფეხით 15 წუთში აღმოჩნდებით რესტორანში “ბარბარესთან”, სადაც ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციებს დააგემოვნებთ.
მესამე დღე მცხეთას დაუთმეთ. აუცილებალად მოინახულეთ ჯვრის მონასტერი, საიდანაც მტკვრისა და არაგვის შეერთების ხედი იშლება. ჯვრის მონასტრის შემდეგ სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრებს ეწვიეთ. თბილისში დაბრუნებამდე აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან “ღვინის პალატას”, დააგემოვნეთ ცნობილი მცხეთური ღვეზელები და საუკეთესო ქართული ღვინო.
შოპინგი თბილისში
თუ შოპინგის მოყვარული ხართ, თბილისში მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს, მოლებსა და გასართობ ადგილებს აღმოაჩენთ.
დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან, გალერია თბილისში წარმოდგენილია უცხოური და ადგილობრივი ტანსაცმლის ბრენდები, კინო-თეატრი, საკვები ობიექტები და საბავშვო გასართობი სივრცე. მოლის ტერასიდან რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის ხედები იშლება.
სითი მოლი შოპინგის მოყვარულთა საყვარელი დანიშნულების ადგილია. სავაჭრო ცენტრი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მეტროსთან ახლოს მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორიცაა “Massimo Dutti”, “Mango” “Zara”, “Bershka”, “Pull&Bear” და სხვა. დღის დასასრულს შეგიძლიათ ესტუმროთ მოლის ფუდ კორტს, სადაც წარმოდგენილია აზიური, ამერიკული, ქართული და იტალიური რესტორნები. აქვეა კავეას კინო-თეატრი და ბავშვთა გასართობი პარკი.
თუ მაღალი ხარისხის ქართული (და არამხოლოდ) პროდუქტების დაგემოვნება გსურთ, ვაკის აგროჰაბს ესტუმრეთ აქსის თაუერსში, ჭავჭავაძის გამზირზე. აქ მოიმარაგებთ ყველა საჭირო ინგრედიენტს თქვენი კულინარიული საღამოსთვის.
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილი დეზერტირების ბაზარია, სადაც მიმდებარე სოფლებიდან ჩამოტანილ ნატურალურ ხილს, ბოსტნეულსა და სურსათ-სანოვაგეს შეიძენთ.
აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, თვალჭრელიძის ქუჩაზე შემოგხვდებათ ისთ ფოინთი, სადაც მაღაზიები ინდივიდუალურ შენობებშია განლაგებული და ერთგვარი სავაჭრო ქალაქის შთაბეჭდილებას ქმნის. თბილ ამინდში ისთ ფოინთი შოპინგისთვის საუკეთესო ადგილია.
თბილისი მოლი ქალაქის შემოსასვლელში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე მდებარეობს. თუკი თბილისიდან გასვლას დაგეგმავთ, თბილისი მოლში შეგიძლიათ მოიმარაგოთ ყველაფერი, რაც მოგზაურობისთვის დაგჭირდებათ.
ბარები და ღამის კლუბები
თბილისში გართობისა და ღამის ცხოვრების დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებთ. ქალაქი ღამით ღვინისა და კოქტეილების ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში იწყებს ცხოვრებას.
ძველი ქარხნებისა და ფაბრიკების შენობები თანამედროვე თავშეყრის სივრცეებადაა ქცეული, სადაც სასიამოვნო ატმოსფერო, მუსიკა, საკვები და სასმელი დაგხვდებათ.
ფაბრიკა და ღვინის ქარხანა სწორედ ასეთი ლოკაციებია, სადაც საღამოობით თბილისელი და უცხოელი ტურისტები იკრიბებიან და საღამოს სასიამოვნოდ ატარებენ. თუკი გართობის გაგრძელება გსურთ, თბილისში საუკეთესო ღამის კლუბები დაგხვდებათ, მათ შორის “ბასიანი”, “ხიდი”, “მტკვარზე” და ა.შ.
შედარებით მშვიდი და მყუდრო დასვენების მოყვარულთათვის ქალაქში უამრავი კაფეა ღია ტერასებითა და დახურული სივრცეებით. თუკი ადგილობრივი ღვინოებისა და უგემრიელესი დაფების დაგემოვნება გსურთ, “8000 მოსავალსა” და “Wine and Dine” -ს ესტუმრეთ.
გეოგრაფია და კლიმატი
დედაქალაქი თბილისის ქვაბულში მდებარეობს და მთაგორიანი რელიეფით გამოირჩევა. მდინარე მტკვარი მას ორ ნაწილად, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ჰყოფს. ჩრდილო-აღმოსავლეთით დედაქალაქს მცხეთა-მთიანეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ქვემო ქართლის რეგიონები ესაზღვრება.
თბილისში ზომიერად თბილი, სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C-ია. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი – იანვარი (20 მმ).
თბილისის ღირსშესანიშნაობები
თბილისის ღირსშესანიშნაობები ქალაქის 15 საუკუნოვან ისტორიას ყვება. დედაქალაქის კლდოვან ფერდობებზე აგებული ციხე-კოშკები, ტაძრები, ძველი თბილისის ისტორიული უბნები და სახლები ქალაქის უძველეს წარსულში გამოგზაურებთ.
თანამედროვე თბილისი თავისი მჩქეფარე ტემპით, კაფე-ბარებითა და კლუბებით, მუზეუმებით, პარკებითა და ურბანული არქტიტექტურით საუკეთესო კონტრასტულ გამოცდილებას ქმნის.
-
თბილისის სამების საკათედრო ტაძარი
თბილისის სამების საკათედრო ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ყველაზე მასშტაბური ნიმუშია. ტაძარი ელიას მთაზე დგას. გარედან მოპირკეთებულია ქართული ქვებით, ძირს დაგებულია ჩინური და ინდური გრანიტი, კედლებზე – იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოები.
-
მშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი რიყის პარკსა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთს აკავშირებს. ხიდის თანამედროვე დიზაინი უამრავ ტურისტსა და დამთვალიერებელს იზიდავს. ხიდი ღამით განათებულია და აქედან მტკვრის სანაპიროს მშვენიერი ხედები იშლება.
-
ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი მცხეთაში, შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ეკლესიის გალავნიდან ხელის გულივით მოსჩანს მცხეთა, სვეტიცხოველი და მდინარეების, მტკვრისა და არაგვის შეერთება.
-
გოგირდის აბანოები
თბილისის გულში ფუნქციონირებს გოგირდის აბანოები, რომლებსაც სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დანიშნულება აქვს. მათ შორის გამორჩეულია “ჭრელი აბანო”, აღმოსავლური დიზაინით, კეთილმოწყობილი აუზებით, სპა პროცედურებითა და თოვლის ოთახით.
-
ქართლის დედა
ქართლის დედის ქანდაკება სოლოლაკის გორაზე მდებარეობს და ქალაქს გადმოჰყურებს. ცალ ხელში ხმალი, ხოლო მეორეში თასი უჭირავს, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. ქანდაკების ძირში იშლება ხედი თბილისის ბოტანიკურ ბაღზე.
-
მთაწმინდის პარკი
მთაწმინდის პარკამდე მისვლა შესაძლებელია მანქანით, ან ფუნიკულიორით. პარკში მდებარე ატრაქციონები დაყოფილია საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურ ზონებად. მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს რესტორნები და კაფეები, დაბადების დღის ცენტრი, ქორწინების სახლი და ა.შ.
-
შოთა რუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი ქალაქის მთავარი პროსპექტი და პოპულარული ტურისტული ლოკაციაა. მის გასწვრივ ჩაყოლებულია უხვი დეკორით შემკული ისტორიული შენობები, თანამედროვე სავაჭრო ცენტრები და გასართობი ადგილები, მუზეუმები, თეატრები და ეკლესიები.
-
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. მუზეუმში დაცულია ქართული ოქრომჭედლობის მდიდარი მასალა, ხატწერის ნიმუშები და სხვა. აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, რომელიც ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ უძველეს ნიმუშს წარმოადგენს.
-
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ასზე მეტი ხელოვანის მიერ შექმნილი 3500-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მუზეუმის დათვალიერების დაწყება სასურველია ბოლო სართულიდან. მე-5, მე-4 და მე-3 სართულებზე ქრონოლოგიური განვითარების პრინციპით განლაგებულია სკულპტურული, ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ნახატი-ობიექტები.
-
რუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი საქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრია. შენობა გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს ორნამენტიკითაა გაფორმებული. ამჟამად თეატრს უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამი დარბაზი აქვს.
-
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს. თეატრის რეპერტუარში მსოფლიო საოპერო და საბალეტო კლასიკასთან ერთად წარმოდგენილია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
-
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. მუზეუმი ხშირად მასპინძლობს საინტერესო პროექტებსა და გამოფენებს. ხშირად ეწყობა ქართველი არტისტების პერსონალური გამოფენები.
-
თბილისის საკონცერტო დარბაზი – ფილარმონია
თბილისის საკონცერტო დარბაზი მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობს. შენობის ფასადი დაკიდულია და მინის კონსტრუქციითაა აგებული. მის წინ კი ფილარმონიის სავიზიტო ბარათი – უმშვენიერესი “მუზის” მონუმენტური ქანდაკებაა.
-
ვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი მეტეხის კლედეზეა აღმართული. თბილისის ეს ძველი უბანი წარმოუდგენელია ელგუჯა ამაშუკელის ცნობილი ქანდაკების გარეშე, რომელიც მალევე იქცა ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოდ.
-
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. სწორედ ამ ეკლესიის ეზოშია ცხენზე ამხედრებული ვახტანგ გორგასლის მონუმენტური ძეგლი. მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირზე აღმართული ეკლესია თბილისის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.
-
დარეჯან დედოფლის სასახლე
დარეჯანის სასახლე აშენდა 1776 წელს ერეკლე მეფის მეუღლის, დარეჯანისათვის. მეტეხის პლატოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრისკენ მიმართულ შემაღლებულ ადგილზე აღმართულია წრიული ფორმის კოშკი ხის ფართო აივნით.
-
რიყის პარკი
რიყის პარკში შეგიძლიათ ითამაშოთ გიგანტური ჭადრაკი, აცოცდეთ ხელოვნურად შექმნილ კლდეზე, ან უბრალოდ ისეირნოთ და დაისვენოთ. პარკი საბაგირო გზით უკავშირდება ნარიყალას ციხე-სიმაგრეს. საბაგიროდან მტკვრისა და ძველი თბილისის ულამაზესი ხედი იშლება.
-
საათის კოშკურა
საათის კოშკურა თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. კოშკის საათის თავზე ლამაზად მოხატული კარია. ის საათში ერთხელ იღება, სიღრმიდან ანგელოზი გამოდის და ზარს შემოჰკრავს. საათის ქვეშ თოჯინების პაწაწინა თეატრია და დღეში ორჯერ, 12:00-სა და 19:00 საათზე მინი-სპექტაკლი “ცხოვრების წრებრუნვა” იმართება.
-
ილუზიების მუზეუმი
ილუზიების მუზეუმი ძველ თბილისში, ბეთლემის #10-ში მდებარეობს. აქ ნახავთ ანტიგრავიტაციულ და ეიმსის ოთახებს, უსასრულობის ოთახს, დაჯდები მაგიდასთან საკუთარ გამოსახულებებთან ერთად. ასევე მოწყობილია საგანმანათლებლო თამაშებისა და გონების სავარჯიშოების სივრცე.
-
თავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრალური მოედანია, რომლის ცენტრშიც წმინდა გიორგის ქანდაკებაა აღმართული. მოედანი ქვაფენილითაა მოპირკეთებული. მოედნის გარშემო მდებარეობს საკრებულოს შენობა, რესტორნები და სასტუმროები. აქვეა მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი.
-
თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფლორა, მოწყობილია ტროპიკული ორანჟერეა. ბაღი მდინარე წავკისისწყლის ხეობაში მდებარეობს. აქვეა ულამაზესი ჩანჩქერები. მდინარეზე გადასასვლელად მოწყობილია ხიდები, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება.
-
ლეღვთახევის ჩანჩქერი
ლეღვთახევის ჩანჩქერისკენ გზას აბანოთუბნიდან მიუყვებით. ჩანჩქერი 22 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და პატარა აუზს ქმნის. ქალაქის შუაგულში მსგავსი სანახაობა მართლაც რომ იშვიათია. ამ ადგილს მუდმივად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს.
-
ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერი
მდინარე წავკისისწყალი ბოტანიკურ ბაღში 26 მეტრის სიმაღლის კლდიდან ეშვება და ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. ჩანჩქერზე აგებულია ხიდი, რომელიც ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს. ხიდი და ჩანჩქერი ერთად ულამაზეს სანახაობას ქმნის.
-
თბილისის სიონის საყდარი
თბილისის სიონის საყდრის დღევანდელი ნაგებობა XVII საუკუნით თარიღდება. ტაძრის თექვსმეტწახნაგა გუმბათი ვიწრო სარკმელებით, ინტერიერის მოხატულობის საოცარი ფერთა გამა და შეხამება მნახველს აოცებს.
-
დიდი სინაგოგა
თბილისის ებრაული თემის მთავარი სინაგოგა 1904-1913 წლებში აშენდა. სინაგოგა ტრადიციული ქართული წითელი აგურით არის ნაგები, ამიტომ ქუჩიდან ადვილად ჩანს. მთავარ ფასადს ამშვენებს დავითის დიდი ვარსკვლავი.
-
საქართველოს მატიანე
“საქართველოს მატიანე” თემქაზე, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს. მონუმენტი 35 მეტრის სიმაღლის 16 სვეტისგან შედგება. სვეტები სხვადასხვა ისტორიულ-რელიგიური მოვლენების ამსახველი სცენებითაა დატვირთული.
-
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ფერდობზე მდებარეობს. წარმოდგენილია 14 ეთნოგრაფიული ზონა: ქართლი, კახეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, აჭარა, აფხაზეთი, და სხვა. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა სახის ქსოვილის (ხალიჩები, ხალხური სამოსელის ნიმუშები),ხის, კერამიკის, ტყავის ნაკეთობანი.
-
კუს ტბა
კუს ტბა წლის ნებისმიერ სეზონზე თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ტერიტორია კეთილმოწყობილია. კუს ტბის ტერიტორიაზე მოქმედებს კაფე-ბარები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურულ-დასასვენებელი კომპლექსი.
-
ვაკის პარკი
ვაკის პარკში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საბავშვო ქალაქი, ღია ამფითეატრი, ჩოგბურთის კორტები და კაფე-ბარები. სავალი ბილიკები მოპირკეთებულია წითელი ქვიშით, ხეებქვეშ მოწყობილია დასასვენებელი სივრცეები.
-
მზიურის პარკი
მზიურის პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით, მდინარე ვერეს ხეობაში. პარკი თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. გამწვანებულ მინდორზე ხშირად აწყობენ პიკნიკებს, მოწყობილია სასეირნო და ველო ბილიკები.
-
ანჩისხატის ტაძარი
ანჩისხატის ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობას მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული მისი ისტორიული იერსახე. ძველად მას “ზარის საყდარსაც” უწოდებდნენ, რადგან არაბთა ბატონობის დროს მხოლოდ ანჩისხატს ჰქონდა ზარების რეკვის უფლება.
-
ლისის ტბა
ლისის ტბა განტვირთვისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა. ტბის გარშემო მოწყობილია საფეხმავლო და ველო ბილიკები. გახსნილია ღია კაფეები და რესტორანი. ტბის ნაპირას გაშენებულ ტყეში შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი.
-
თბილისის ზღვა
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოწყობილია თბილისის ზღვის კლუბი – ბუნგალოებით, აუზით, მზის აბაზანის მისაღებად მოწყობილი ტერასებითა და ჩამოსასრიალებელი ატრაქციონით. ასევე “ჯინო ფერედაისი” – საუნით, სპა ზონითა და კაფეებით.
-
თბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი 300-მდე სახეობის ცხოველსა და ფრინველს აერთიანებს, როგორც ენდემურ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილ ჯიშებს. ტერიტორიაზე მოწყობილია ეგზოტარიუმი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.
-
ჯინო ფერედაისი
ჯინო ფერედაისი წელიწადის ნებისმიერ დროს საზაფხულო განწყობას შეგიქმნით. სარელაქსაციო აუზები, ბავშვთა წყლის პარკი ჩანჩქერით, 31 მეტრიანი ტობოგანი არასდროს მოგაწყენთ, ექსტრემის მოყვარულებს განსაკუთრებით! შეგიძლიათ ისიამოვნოთ სპა და ველნეს პროცედურებით.
-
თბილისის ეროვნული პარკი
თბილისის ეროვნული პარკი იდეალური ვარიანტია, თუკი ბუნებაში განტვირთვა ქალაქთან ახლოს გსურთ. პარკში მოწყობილია საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. პარკის ტერიტორიაზე მრავლადაა უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები.
-
მეიდნის ბაზარი
ძველი თბილისის შუაგულში, გორგასლის მოედანზე, გვირაბში განთავსებულია მეიდან-ბაზარი. აქ მოწყობილია ქართული ხალხური ნაკეთობების, სამუზეუმო ასლების, სუვენირების, სამოსელის, მინანქრის, თიხის, ანტიკვარის გამოფენა-გაყიდვა. ბაზარში განთავსებულია ქართული ღვინის, ყველის და სხვა ქართული ნაწარმის სადეგუსტაციო დარბაზი.
-
დედაენის პარკი
დედაენის პარკი ქალაქის საყვარელი რეკრეაციული სივრცეა სკეიტპარკით, განსხვავებული გამწვანებით, მოსასვენებელი სკამებით, შადრევნებით, კაფეებითა და კლუბებით, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაისვენებს და გაერთობა.
-
9 აპრილის პარკი
9 აპრილის პარკი მწვანეში ჩაფლული ზონაა ქალაქის ცენტრში. პარკის ტერიტორიაზე არაერთი გამორჩეული ქართველის ძეგლია აღმართული. დღეს ბაღის ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე გამავალი ორი შენობა დგას – ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია და ეროვნული გალერეა.
-
ზედაზნის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი ამავე სახელობის მთაზე, მცხეთის მახლობლად მდებარეობს. მონასტრიდან მცხეთის საოცარი ხედები იშლება. ლეგენდის თანახმად, სწორედ აქ იდგა ზადენის კერპი IV საუკუნის პირველ ნახევრამდე, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო.
-
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში, იალნოს ქედზე VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ანტონ მარტყოფელმა. კომპლექსი რამდენიმე ტაძარს, სამრეკლოებსა და საბერეებს მოიცავს. ხეებში ჩაფლული კომპლექსიდან მარტყოფის ტყეების უმშვენიერესი ხედი იშლება.
სასტუმროები თბილისში
თბილისში ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ვიზიტორისთვის მოიძებნება კომფორტული სასტუმრო. მათი უმრავლესობა თბილისის ცენტრში, ისტორიულ უბნებში, ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს.
საუკეთესო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები: Radisson, Biltmore, Stamba, Monograph, Pullman Tbilisi Axis Towers, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
საუკეთესო 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები: Hotel Tbilisi Tower, Folk Boutique Hotel, Glarros Oldtown, Tbilisee Hotel, Communal Hotel Plekhanovi, Graf Hotel, Timber Boutique Hotel, Redrum Boutique Hotel, BG Palace Hotel, Zemeli Boutique Hotel, Hotel Zeg, Hotel 21, Rooms, Hotel Avlabari Terrace, Ramada, Sandali Metekhi Boutique Hotel.
საუკეთესო ჰოსტელები: Fabrika, Elia Boutique Hostel, Gallery Hostel Tbilisi, Envoy Hostel, Hostel At Funicular, Namaste Hostel Tbilisi
საუკეთესო გესთჰაუსები: Boutique Fantaisie, Terrace House Near Opera, Guesthouse Hillside, Vincent, Babilina, Urban 1861
რესტორნები თბილისში
თბილისში სტუმრობისას, ქალაქის ბოლომდე შესაცნობად აუცილებლად უნდა მოაწყოთ გასტრო ტური. გაეცანით ქალაქის 10 საუკეთესო რესტორანს ქვემოთ:
- ბარბარესთან – ქართული ტრადიციული კერძების ახალი სიცოცხლე და გამორჩეული ატმოსფერო.
- რესპუბლიკა გრილ ბარი – რესტორნის კონცეფცია შექმნილია ესპანური, დახურული ნახშირის გრილის გარშემო, რომელიც მასში მომზადებულ კერძებს, განუმეორებელ გემოს და არომატს ანიჭებს.
- ამო რამე – საუკეთესო ხინკალი ქალაქში.
- კახელები – გამორჩეულად გემრიელი ქართული სამზარეულო და ქართული ორნამენტებით ინსპირირებული ინტერიერი.
- სოლთი – დახვეწილი კერძები და გამორჩეული გარემო.
- ASADO Steakhouse – საუკეთესო სტეიკ ჰაუსი ქალაქში.
- უმამი – საუკეთესო თევზისა და აზიური რესტორანი.
- სოფიკო – უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძები ქალაქის უმშვენიერესი ხედით.
- Wine Buffet – ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი და უგემრიელესი დაფები.
- შავი ლომი – საუკეთესო ლუდი და კერძები.
ხშირად დასმული კითხვები
ტრანსპორტი თბილისში
თბილისის ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ერთმანეთთან ახლოს, ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს.
თუ ქალაქში დიდი ხნით დარჩენას და მისი მიმდებარე ტერიტორიების (კახეთი, მცხეთა) დათვალიერებას ფიქრობთ, შეგიძლიათ იქირაოთ ავტომობილი.
ქალაქში გადასაადგილებლად, განსაკუთრებით გარეუბნებში, ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტი მეტროა. თბილისში მეტროს ორი ხაზი მოქმედებს.
ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული “Bolt”-ის აპლიკაციაა.
ქალაქს განახლებული ავტოპარკი აქვს. ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების განრიგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე – http://transfer.ttc.com.ge/?setLng=ka
როგორ მივიდეთ თბილისის აეროპორტიდან ქალაქში?
თბილისის აეროპორტიდან ქალაქამდე #337 ავტობუსი მოძრაობს. მგზავრობის ღირებულების გადახდას ნებისმიერი ქართული ბანკის პლასტიკური ბარათით შეძლებთ. ასევე შეგიძლიათ ტაქსით გადაადგილება. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსის აყვანის ნაცვლად, გირჩევთ ისარგებლოთ ტაქსის გამოძახების სერვისით.
ტაქსით ქალაქში ტრანსფერი შეგიძლიათ დაჯავშნოთ წინასწარ და ისარგებლოთ ფიქსირებული ტარიფებით. კომპანია “აეროპორტის ტაქსი” კომფორტული მანქანებით მოგემსახურებათ. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია კომპანიის საიტიდან – shorturl.at/nxyO6 ან ტელეფონის მეშვეობით.
მგზავრობის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.
ფასები
ზონა 1 | ავლაბარი, ისანი, ორთაჭალა, ვარკეთილი, ვაზისუბანი | 40.00 ლარი |
ზონა 2 | თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, ვაკე, საბურთალო, მარჯანიშვილი, წერეთელი, დიდუბე | 60.00 ლარი |
ზონა 3 | თემქა, სანზონა, დიდი დიღომი, გლდანი, ბაგები, წყნეთი | 60.00 ლარი |
რეგიონები | 1კმ / 1.60 ლარი |
როდის დაარსდა თბილისი?
თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს.
მისი, როგორც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა V საუკუნიდან იწყება და ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.
თბილისის უბნების ჩამონათვალი
ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ათ რაიონად:
გლდანის რაიონი
დიდუბის რაიონი
ვაკის რაიონი
ისნის რაიონი
კრწანისის რაიონი
მთაწმინდის რაიონი
ნაძალადევის რაიონი
საბურთალოს რაიონი
სამგორის რაიონი
ჩუღურეთის რაიონი