ufliscixe - უფლიციხე

უფლისციხე

  1. სანახაობები

შუა საუკუნეების ყოფითი ცხოვრება, დიდებულ ისტორიასთან და უნიკალურ კულტურასთან ერთად, იდეალურად არის წარმოჩენილი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – უფლისციხეში. შთაბეჭდილებები, რომლებსაც ეს ქალაქი დაგიტოვებთ განუმეორებელია. უძველესი ეკლესიები, სხვადასხვა დანიშნულების ოთახები და უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები, უფლისციხეს საქართველოს ისტორიის სავიზიტო ბარათად აქცევს.

უფლისციხის შესახებ

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც კავკასიის ერთ–ერთ უძველეს დასახლებას და სამოქალაქო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი გორიდან 10 კილომეტრში მდებარე ქალაქი, აღიარებულია როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი. 

ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის აშენდა ქალაქი უცნობია, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალების მიხედვით, ქალაქი ბრინჯაოს ხანაშია აგებული. შუა საუკუნეებში კი აქტიურ სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდა, რასაც უფლისციხის მთავარი ეკლესია მოწმობს. კონკრეტულად, ნავარაუდებია რომ ქალაქი ძვ.წ პირველი ათასწლეულიდან იქმნებოდა. თუმცა შენობების ნაწილი მე–6 და მე–7 საუკუნეებსაც განეკუთვნება.

ქალაქი ქვიშაქვების მასივზეა აგებული. თავდაცვისთვის კლდეში გაჭრილია დიდი თხრილი რომელსაც გალავანი მიუყვება. რაც შეეხება გამოყენებულ მასალას, ქვაში კვეთასთან ერთად, გვხვდება ალიზის აგურები და რუსტებიანი ქვათლილები. უფლისციხისთვის დამახასიათებელია, როგორც ვიწრო, ასევე მაგისტრალური ქუჩები. ქალაქში აღსანიშნავია, რამდენიმე ცენტრალური შენობა, მათ შორის დიდი, ნახევარწრიული დარბაზი და სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მე–10 საუკუნეშია აგებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

ქალაქი უფლისციხე ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნიკალური არქიტექტურისა და ისტორიის მატარებელი კულტურული ძეგლი, ბევრ საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ საქართველოს შესახებ. 

სამუშაო საათები

უფლისციხის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. უმჯობესია აირჩიოთ მზიანი ამიდი, რადგან წვიმის დროს კლდეში ნაკვეთ ქალაქში ფეხით გადაადგილება რეკომენდებული არაა. 

კვირის დღეებისამუშაო საათები
სამშაბათი–კვირა 10:00-17:00

ბილეთის ფასები

უფლისციხის მუზეუმ–ნაკრძალის მონახულების ფასები ვიზიტორთა კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. აქ მოქმედებს ფასდაკლებები ბავშვებისთვის და დამატებითი საჭიროების მქონე პირებისთვის. მონახულებასთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქართულენოვანი და უცხოენოვანი გიდის მომსახურებით. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვირტუალური ტურით, აუდიო გიდისა და მიკროავტობუსის სერვისებით.

ბილეთის კატეგორიაბილეთის ფასი
მოზრდილები15 ლარი
სტუდენტები/მოსწავლეები1 ლარი
პენსიონერები1 ლარი
ქართულენოვანი გიდი25 ლარი
უცხოენოვანი გიდი45 ლარი
აუდიო გიდი15 ლარი
ვირტუალური ტური5 ლარი
მიკროავტობუსის მომსახურება2 ლარი

უფლისციხის მდებარეობა

უფლისციხე ქალაქ გორთან ახლოს, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ეს არის 5 ჰექტრზე გაშენებული ქვაში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც ქვიშაქვებზეა აშენებული. ტერიტორია ადმინისტრაციულად სოფელ ქვახვრელს განეკუთვნება. 

სასტუმროები

უფლისციხესთან უახლოესი დასახლებული პუნქტი ქალაქი გორია, სადაც შეგიძლიათ დასასვენებლად აირჩიოთ, როგორც ცნობილი სასტუმროები, მრავალფეროვანი სერვისებით, ასევე მცირე ტიპის საოჯახო სასტუმროები. შედარებით ბიუჯეტური ფასებისთვის და მშვიდი გარემოსთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ სასტუმრო “ლიდერს” და “House Old Gori–ს” სადაც სიმყუდროვე და ყველა საჭირო პირობა დაგხვდებათ, მშვიდი დასვენებისთვის. 

თუ უფრო მრავალფეროვანი სერვისები და კომფორტული დასვენება გსურთ, შეგიძლიათ ესტუმროთ ცნობილ სასტუმროებს “ინტურისტი გორი,” და “როიალ ჰაუსი.” გორში ყველაზე ცნობილი სასტუმრო კი “გორი ინნია,” სადაც დაგხვდებათ დახვეწილი გარემო, მრავალფეროვანი სერვისები და ულამაზესი ხედები. 

რესტორნები

უფლისციხესთან ყველაზე ახლოს მდებარე რესტორანი შატო უფლისციხეა, რომელიც არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული, ასევე ევროპული სამზარეულოს კერძები. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბარით და ტერასით. 

რაც შეეხება სხვა ალტერნატივებს, შეგიძლიათ ეწვით ქალაქ გორში არსებულ რესტორნებს, როგორიცააა “ერისიონი” და “ტერასა გორი.” აქ დაგხვდებათ მშვიდი, ქართულ კულტურულ ელემენტებზე შექმნილი გარემო და უგემრიელესი კერძები ქართული სამზარეულოდან.

საუკეთესო დრო სანახავად

უფლისციხის მონახულება ნებისმიერ დროსა და სეზონზე შეგიძლიათ. გამომდინარე იქედან, რომ ქალაქის მონახულება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე სპეციალური მიკროავტობუსით, ავდარშიც კი არ გაგირთულდებათ კულტურული ძეგლის დათვალიერება. თუმცა უფრო კომფორტული იქნება, თუ კლდეში ნაკვეთ ქალაქს მაისი–ოქტომბრის პერიოდში ესტუმრებით. ამ დროს ამინდები მშრალი და მზიანია, რაც ქალაქის დეტალურად მონახულებას ბევრად სასიამოვნოს გახდის.

საინტერესო ფაქტები

  • უფლისციხეში ერთ–ერთ დარბაზს თამარის დარბაზს უწოდებენ, თუმცა აქ მეფეს არასდროს უცხოვრია.
  • უფლისციხის სამთავიანი ბაზილიკა საძირკვლის გარეშე, პირდაპირ კდლოვან ზედაპირზეა აგებული და გაუძლო ბევრ მიწისძვრას.
  • გადმოცემის თანახმად, უფლისციხის კედლების სიმტკიცისთვის გამოყენებულია კვერცხის გული, რომელიც კედლებს სიმტკიცეს ანიჭებდა.
  • უფლისციხეში ბევრი საიდუმლო გვირაბია.
  • ქალაქი მოიცავდა ისეთ უბნებსა და შენობებს, როგორიცაა სამსხვერპლო, საწნეხელო, მიუწვდომელი გამოქვაბულები და სარიტუალო ჭები.

საინტერესო ადგილები უფლისციხესთან

უფლისციხე განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ, თუმცა უფრო მრავალფეროვანი მოგზაურობისთვის, შეგიძლიათ მასთან ახლოს მდებარე სხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობებსაც ესტუმროთ. მათ შორისაა გორი, პატარა და მშვიდი ქალაქი, უძველესი ისტორიულ ძეგლებითა და ცნობილი სტალინის მუზეუმით, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ საბჭოთა კავშირის ლიდერის შესახებ. გორში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული მნიშვნელობის მქონე გორის ციხე. იმავე დღესვე შეგიძლიათ ესტუმოთ ლაშქრობისთვის იდეალურ ატენის ხეობას. მდინარე ატენის აუზში მდებარე ხეობა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული დანიშნულებით გამოირჩევა. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ატენის სიონი, რომელიც მეათე საუკუნეში აიგო და დახვეწილი არქიტექტურითა და ულამაზესი ფრესკებით გამოირჩევა.

ჩვენი რჩევები

უფლისციხის სრულად მოსანახულებლად ერთ საათზე მეტი დაგჭირდებათ. აქ ბევრი საინტერესო ოთახი და შენობაა, რომელიც ისტორიისა და მისტიური კულტურის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. ასე რომ ჩაიცვით კომფორტულად, რადგან აქ ფეხით მოსანახულებელი ბევრია.

უფლისციხე იმდენად ვრცელ ვაკეზეა აშენებული, რომ ქართული ბუნების სილამაზის აღმოჩენა ნაკლებადაა შესაძლებელი. ამიტომ გირჩევთ გამონახოთ დრო და ეწვიოთ ახლოს მდებარე ატენის ხეობას, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. თქვენ გეძლევათ შანსი, ერთდროულად მოინახულოთ კლდოვანი ველი და სუბალპური ფოთლოვანი ტყეები.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს უფლისციხე?

ქალაქის სახელთან ასოცირდება როგორც უფლის, ასევე უფლისწულის სახელები, რომლის სახელობის ეკლესიაც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აიგო. უფლისწულის სამთავიანი ბაზილიკა, უფლის სიმბოლოს მნიშვნელობა და ქალაქის თავდაცვითი არქიტექტურული მახასიათებლები ისაა, რასაც სახელი – უფლისციხე უკავშირდება.

როგორ მივიდეთ უფლისციხეში?

უფლისციხეში მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს. ქალაქი გორიდან სოფელ ქვახვრელამდე, სადაც უფლისციხე მდებარეობს დაახლოეიბთ ათი კილომეტრია. თბილისიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი–გორის მიკროავტობუსებით, ხოლო გორის ავტოსადგურიდან გორი–ქვახვრელის სამარშრუტო ტაქსებით. ქვახვრელიდან კი 2 კილომეტრის გავლის შემდეგ, თქვენ უფლისციხეში ხართ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მატარებელი. თბილისი–ბორჯომის მატარებელი სოფელ ქვახვრელის სადგურსაც მოიცავს, საიდანაც 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს უფლისციხე.