ახალციხე - რაბათი

რაბათის ციხე

  1. სანახაობები

თუ საქართველოს უძველესი ისტორიის თანამედროვეობაში ხილვა გსურთ, რაბათის ციხე ამისთვის იდეალური ადგილია. ისტორიული ციხე უახლესი, რესტავრირებული ძეგლია, სადაც შენარჩუნებულია სამხრეთ საქართველოს შუა საუკუნეების ყველა კულტურული და არქიტექტურული ელემენტი. სამცხის უძველესი ძეგლი, დღეს ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

რაბათის ციხის შესახებ – ისტორია

რაბათის ციხე ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს და წარმოადგენს უძველესი ციხე-კომპლექსის რეაბილიტირებულ ვერსიას, სადაც გათვალისწინებულია ისტორიული ციხის ყველა არქიტექტურული მახასიათებელი. ისტორიულად, რაბათის ციხე თავდაცვითი ნაგებობა იყო, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. ის ასევე წარმოადგენდა ათაბაგეების რეზიდენციას, რომლებიც ახალციხის მთავრები იყვნენ.  რაბათის ციხე მე-9 საუკუნეში აშენდა და თავიდან მოიხსენიებოდა როგორც “ლომსია,” ხოლო მე-12 საუკუნეში, ჯაყელების რეზიდენციად გამოცხადების შემდეგ, რომლებმაც ციხე-კომპლექსი აღადგინეს, ადგილს, რაბათი ეწოდა. ასევე ჯაყელების მიერ, ქალაქს ეწოდა ახალციხე

საუკუნეების მანძილზე, რაბათის ციხემ მტრის არაერთი შემოსევა გადაიტანა, მათ შორის ლეკი აბრაგების, რუსებისა და ოსმალების. რაბათის ციხის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ 2011-2012 წლებში მოხერხდა, რომლის დროსაც განახლდა გალავანი, ციდატელი, მე-9 საუკუნეში აგებული ტაძარი, ახმედ-ფაშა ჯაყელის მეჩეთი, მინარეთი და ჯაყელების სასახლე. რაბათის ციხეში დამატებით განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, სადაც მნახველებს დეტალურად შეუძლიათ გაეცნონ ამ ისტორიული კუთხის წარსულს. 

პრაქტიკული ინფორმაცია

რაბათის ციხე ნებისმიერ სეზონზე უამრავ ქართველ თუ უცხოელ ტურისტს იზიდავს. თანამედროვეობაში გადმოტანილი უძველესი ისტორია გასაოცარ შთაბეჭდილებებს ტოვებს ნებისმიერ მნახველში. იმისთვის, რომ რაბათის ციხეში მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.

მდებარეობა

რაბათის ციხე სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. ციხე-კომპლექსი იმეორებს ძველ, ისტორიულ ადგილმდებარეობას და აგებულია მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირზე, ისტორიულ უბან რაბათში. რაბათის რეზიდენციიდან ულამაზესი ხედები იშლება ახალციხის მთებსა და დასახლებებზე, რომელიც ზაფხულობით განსაკუთრებით ლამაზია. 

მუშაობის საათები

რაბათის ციხე და მუზეუმი ვიზიტორებს ნებისმიერ სეზონსა და ამინდში მასპინძლობს. შესაბამისად, ამ ულამაზესი ღირსშესანიშნაობის მონახულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. 

კვირის დღეებიმუშაობის საათები
სამშაბათი–კვირა10:00–19:00

ბილეთის ფასები

რაბათის კომპლექსი ორი დონისგან შედგება. პირველი დონე შესასვლელ ტერიტორიას მოიცავს, სადაც მდებარეობს ისტორიული ეზო, ბაღი, რესტორანი, მაღაზია და კომპლექსის სხვა ნაწილები. ამ ტერიტორიის მონახულება უფასოა. თუ მინარეთის, ტაძრისა და სხვა შენობების დათვალიერება გსურთ, ამისთვის უნდა შეიძინოთ ბილეთი. ციხის ამ ნაწილის, მეორე დონის ტერიტორია ეწოდება.

ბილეთის კატეგორიაბილეთის ფასი
პირველი დონეუფასო
მეორე დონე7 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ დამატებითი ინფორმაცია და დეტალების დაზუსტება გსურთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ რაბათის, იგივე ახალციხის ციხის ოფიციალურ გვერდს, ან ადმინისტრაციას ნომრებზე: +995 365 200 500, +995 568 70 73 03, +995 598 88 82 60. ან მიწეროთ მეილზე: info@rabati.ge

სასტუმროები

თუ რაბათის მონახულებას გეგმავთ, დასასვენებლად შეგიძლიათ ქალაქ ახალციხეში მდებარე სასტუმროები შეარჩიოთ. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით ცნობილია სასტუმროები “Gino Wellness Rabath” და  “Light House Old City, სადაც დაგხვდებათ დახვეწილი გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ორივე სასტუმროს ინტერიერი იმეორებს რაბათის ციხის არქიტექტურულ დიზაინს, რაც გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. 

შედარებით ბიუჯეტური დასვენებისთვის, კი შეგიძლიათ ეწვიოთ ისეთ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, როგორიცაა “ჩემი სახლი,” “ფიესტა” და “გარდენ ჰაუსი.” მშვიდ და მყუდრო გარემოსთან ერთად, ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული სამზარეულო.

რესტორნები

რაბათთან ახლოს და ასევე ახალციხეში ბევრი რესტორანია, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ, როგორც ქართული და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული სამზარეულო. რესტორნების დიდი ნაწილი შთაგონებულია ქართული არქიტექტურული ელემენტებით, რაც გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მყუდროს ხდის. 

ახალციხეში დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორანი “რაბათი.” უძველესი ციხის ინტერიერი, დახვეწილი გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ახალციხის პოპულარული რესტორნებია “რომანტიკა,” “ივერია” და “ალავერდი.” ეს რესტორნები ქართულ სამზარეულს უგემრიელეს კერძებსა და მეგობრულ გარემოს გთავაზობენ,

საინტერესო ფაქტები

  • საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რაბათის ციხე-კომპლექსი მე-9 საუკუნით თარიღდება, ხოლო მაროკოს დედაქალაქის სახელწოდება რაბატი, მე-12 საუკუნიდან ჩნდება.
  • რაბათი ერთდროულად აერთიანებს აზიურ, ქართულ და რუსულ არქიტექტურულ ელემენტებს.
  • რაბათის ციხე-კომპლექსი ასევე მოიცავს აზიურ აბანოებს.

საინტერესო ადგილები რაბათის ციხესთან

რაბათის ციხესთან ახლოს, ქალაქ ახალციხეში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბევრი საინტერესო ისტორიული ძეგლია. ასეთია ვარძიის სამონასტრო ანსამბლი, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტურისტულად პოპულარული დანიშნულება ორიგინალური არქიტექტურით, განლაგებითა და დიდებული ისტორიით გამოირჩევა. 

იმავე დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ საფარის მონასტერს, რომელიც რაბათის მსგავსად, ჯაყელების რეზიდენციას წარმოადგენდა. 

რაბათის დათვალიერებასთან ერთად, შეგიძლიათ ახალციხის ბალნეოლოგიურ კურორტზე დაისვენოთ. მშვიდ და პატარა ქალაქში შეგიძლიათ დააგემოვნოთ სამკურნალო წყლები და ეწვიოთ ტრადიციულ აბანოებს. თუ უძველესი ისტორიული ძეგლები გიზიდავთ შეგიძლიათ ხერთვისს ეწვიოთ. დახვეწილი არქიტექტურა, გალავნისა და კოშკების დიდებულებასთან ერთად, ხერთვისის ციხეს განუმეორებელ ღირსშესანიშნაობად აქცევს. ასეთივე ძეგლია აწყურის ციხე – ფეოდალურ პერიოდში აგებული ბორჯომის ხეობის მთავარი თავდაცვითი შენობის იერსახე დღეს მეტ წილად შენარჩუნებულია. 

ჩვენი რჩევები

რაბათის ციხე ერთდროულად აერთიანებს უძველეს ისტორიას და თანამედროვე კლასიკურობას. გირჩევთ მოინახულოთ ციხე-კომპლექსში მდებარე მცირე მუზეუმი, სადაც ბევრ საინტერესო ნივთსა და არქეოლოგიურ აღმოჩენას ნახავთ. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რაბათში ხშირად ტარდება სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, როგორიცაა 26 მაისისა და ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. თუ თქვენს ვიზიტს სწორედ დღესასწაულების პერიოდში დაგეგმავთ, რაბათში ბევრად სასიამოვნო მოგონებებს შეიძენთ.  მეტად კომფორტული ტურისთვის კი შეგიძლიათ მცირე დროში ბორჯომიდან მოინახულოთ ხერთვისის ციხე და ვარძია.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენია მანძილი თბილისიდან რაბათის ციხემდე?

თბილისიდან რაბათის ციხე-კომპლექსამდე მანძილი 207 კილომეტრია და მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. საკმარისია ჩახვიდეთ ქალაქ ახალციხეში, შემდეგ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მარტივად მოხვდებით რაბათის ციხესთან. თბილისი-ახალციხის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ყოველდღიურად ინიშნება თბილისის ავტოსადგურებიდან.

რას ნიშნავს რაბათი?

რაბათის სახელწოდება ებრაული წარმოშობისაა და ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრს ნიშნავს.