გრემის მონასტერი - gremi monastery

გრემის მონასტერი

  1. სანახაობები

გრემის სამონასტრო კომპლექსი თელავისა და ყვარლის დამაკავშირებელი გზის მახლობლად, შემაღლებულ ადგილზეა აგებული, საიდანაც ალაზნის ველის ფერად-ფერადი პეიზაჟები იშლება. ულამაზესი სანახავია მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ტაძრის მოღერებული გუმბათის ყელი, კოშკები, გალავანი და კახეთის უძველესი დედაქალაქის ცხოვრების ამსახველი არტეფაქტები.

გრემის მონასტრის შესახებ

გრემის მონასტერი XVI საუკუნის არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც აერთიანებს ციხე-გალავანს, მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის გუმ­ბა­თო­ვა­ნ ეკ­ლე­სიას, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნ სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოსა და სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბებს. კომპლექსი კახთა მეფემ, ლევანმა, შემაღლებულ გორაზე ააგო და კახეთის მაშინდელი სატახტო ქალაქის, გრემის სიმბოლოს წარმოადგენდა. 

ეკლესია ალაზნის მწვანე ველებსა და ყვარლის სოფლებს გადმოჰყურებს. ციხე-სიმაგრის ძირში გახსნილია გრემის მუზეუმი, სადაც გრემისა და ნეკრესის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალაა წარმოდგენილი: ბრინჯაოს ხანის საომარი და შრომის იარაღები, სამკაულები, XV ს. კერამიკის ნიმუშები, მოჭიქული კრამიტი და აგური, XVI ს. ზარბაზანი და მშვილდ-ისარი. პალატ-სამრეკლოში ექსპონირებულია მხატვარ ლევან ჭოღოშვილის “მეფეთა პორტრეტების სერია” და რეკონსტრუირებული მეფეთა სამოსელი და საომარი აღჭურვილობა. 

ისტორია

გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია XV საუკუნიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც კახეთის პირველმა მეფემ – გიორგიმ გრემი კახეთის დედაქალაქად აქცია. სრულიად ქართლ-კახეთის მსგავსად, გრემისთვისაც ურთულესი აღმოჩნდა XVII საუკუნეში შაჰ-აბასის ლაშქრობები, რომლებმაც იგი ნანგრევებად აქცია.

ლევან ბაგრატიონის მეფობის პერიოდს უკავშირდება კახეთის სამეფოს გაძლიერება და ქალაქ გრემის დაწინაურება. 1565 წელს ლევან მეფემ გრემის მთავარანგელოზთა ჯვარ-გუმბათოავანი ტაძარი ააგო.

არქიტექტურა

გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსში შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3 სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობები – საწნახელიანი მარანი და ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა. შემოსაზღვრულია გალავნით, რომელშიც ჩაშენებულია კოშკები. გალავნის შიგნით ძირითადი ნაგებობაა მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ლეონ მეფის ბრძანებითაა აგებული. მეფე აქვე, ეკლესიაშია დაკრძალული. ტაძრის დასავლეთის კედელზე გამოხატულია ლეონ მეფე, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ზედა მხარეს ასომთავრული წარწერით: “მეფე ლეონ აღმშენებელი“.

პრაქტიკული ინფორმაცია

მდებარეობა

გრემის მთავარანგელოზის კომპლექსი ყვარლიდან 15 კმ-ში, სოფელ გრემში,  კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე მდებარეობს. ტაძრამდე მიდის სამანქანო გზა. მონასტრიდან ყვარლის სოფლების ულამაზესი ხედები იშლება. 

ტურები

ერთ დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ ესტუმროთ გრემს, ყვარელს, ბოდბის მონასტერსა და სიღნაღს. ჯგუფური ტურის დაგეგმვა წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ტურების ღირებულებაში ძირითადად შედის ტრანსპორტირება და გიდის მომსახურება. 

სასურველი ტურის დასაჯავშნად დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

საინტერესო ფაქტები

გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. ერთ-ერთი ცნობით XVII საუკუნეში ალექსანდრე II შვილის, გამაჰმადიანებული კონსტანტინეს, რომელმაც გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა და მოკლა მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი, წინააღმდეგ აჯანყებულმა კახელებმა გრემში იზეიმეს გამარჯვება.

არსებობს ვარაუდი, რომ ტაძრის ადგილზე ადრეული ეკლესია უნდა მდგარიყო და მისი

ნაშთები უფრო ღრმად არის მიწაში ჩამალული.

ჩვენი რჩევები

თუკი გრემის საგამოფენო დარბაზის დათვალიერებაც გსურთ, გაითვალისწინეთ რომ სამუშაო საათებია ყოველდღე, 10:00-17:00, ორშაბათის გარდა. 

კომპლექსის ტერიტორიაზე აუცილებლად ესტუმრეთ აღდგენილ და განახლებულ სამეფო კოშკს. სამ სართულიანი კოშკის პირველ სართულზე მოწყობილია მუზეუმი. 

საინტერესო ადგილები გრემთან

გრემის ტურის ფარგლებში ყვარლისა და კახეთის რეგიონის სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავი ისტორიული ძეგლების მონახულება შეგიძლიათ. მის გარშემო, მცირე რადიუსში თავმოყრილია ალავერდის, იყალთოსა და ნეკრესის მონასტრები

გრემიდან ავტომობილით ნახევარი საათის სავალ გზაზე მდებარეობს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც თავისი მასშტაბებით უდიდესი სამონასტრო ძეგლია კახეთის რეგიონში. გრემიდან 30 კილომეტრში იყალთოს ტაძარი და მისი ისტორიული აკადემიის ნანგრევები მდებარეობს. გადმოცემის თანახმად სწორედ აქ სწავლობდა შოთა რუსთაველი.  გრემიდან სულ რაღაც 15 წთ-ის სავალ გზაზე ნეკრესის ტაძარი მდებარეობს. ნეკრესის კომპლექსში შემავალი IV ს-ის მინიატურული ბაზილიკა, ერთი ყველაზე ძველი ეკლესიაა საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ გრემში?

თბილისიდან გრემის მონასტრამდე მანძილი დაახლოებით 115 კილომეტრია. გზის გასავლელად ავტომობილით ორსაათ-ნახევარი დაგჭირდებათ. მონასტრის ტერიტორიამდე დაგებულია სამანქანო გზა.

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

გრემისა და მის მიმდებარედ არსებული ეკლესია-მონასტრებისა და საინტერესო ტურისტული ლოკაციების დათვალიერება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. მიუხადავ ამისა, კახეთის პეიზაჟები გამორჩეულად ფერადი და შთამბეჭდავია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით.