გომისმთა - gomismta

გომისმთა

  1. საქართველოს კუთხეები

გომისმთა მაღალმთიანი კურორტია, რომლის განსაკუთრებული თვისება უნიკალურ კლიმატსა და ზღაპრულ ხედებშია. მას ნისლების სამეფოსაც უწოდებენ და ის ყველა ვიზიტორში დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის. მყუდრო კურორტი, მთა-გორიანი რელიეფი, ხის ძველებური კოტეჯები და სოჭის ტყეები საინტერესო თავგადასავალს ქმნის ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ გასაოცარი ადგილის შესახებ, არ გამოტოვოთ საჭირო ინფორმაცია ქვემოთ.

გომისმთის შესახებ

გომისმთა გურიაში, მესხეთის ქედზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2755 მეტრზე. ის ასევე მოიცავს მდინარე ბჟუჟის ხეობას. ბახმაროს მსგავსად, გომისმთის კურორტი, გამოირჩევა შერეული კლიმატით, რომელიც სამკურნალო თვისებების მქონეა. აქ ერთიანდება ზღვისა და მთის ჰავა, რომელიც დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, გომისმთას, ბახმაროს კურორტის მსგავსად, სამკურნალო დანიშნულება აქვს.

გომისმთის ღირსშესანიშნაობები

გომისმთა როგორც ბუნების ძეგლი, თვითონვე წარმოაგდგენს ღირსშესანიშნაობას, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ გასაოცარი სოჭის ტყეები, მინერალური წყაროები და ტრადიციული ხის კოტეჯები, რომელიც სპეციფიურ იმიჯს სძენს კურორტს და მეტად საინტერესოს ხდის მას. 

სტუმრობისას ასევე შეგიძლიათ დაესწროთ გომისმთობის დღესასწაულს, რომელიც აგვისტოში იმართება. თარიღი ცვალებადია და ღონისძიების მანძილზე იმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი და დოღი. საღამოობით გომისმთაზე კოცონს ანთებენ და ეს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. მთავარი ღირსშესანიშნაობა კი გომისმთის ხედია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ უნიკალური დაისით. ნისლში ჩამავალ მზესთან ერთად შავი ზღვის დანახვაც კი შეგიძლიათ, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

  • ჭინჭაოს ტბა

    გომისმთასთან ახლოს, 11 კმ-ში მდებარეობს ულამაზესი ჭინჭაოს ტბა. მცირე ზომის ტბა მთებს შორისაა მოქცეული და კრატერული წარმოშობისაა. ის გომისმთიდან ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და შესაბამისად, მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ. რელიეფის გამო, ის ხშირად მწვანე ფერს იღებს და სარკისებულ ეფექტს ქმნის, რაც გასაოცარ სანახაობას ქმნის.

სასტუმროები გომისმთაზე

გომისმთაზე ღამისთევისთვის ერთადერთი ალტერნატივა კერძო კოტეჯების ქირაობაა. კურორტზე ჯერ არაა ხელმისაწვდომი სასტუმროები, მაღაზიები, აფთიაქები და გასართობი ობიექტები. დამსვენებლები ქირაობენ კერძო კოტეჯებს ან საკუთარ კარვებში ბანაკდებიან. ჯერჯერობით გომისმთაზე კემპინგთან დაკავშირებით შეზღუდვა არ მოქმედებს და შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილზე დაბანაკდეთ. 

ბახმაროსთან შედარებით, ხის კოტეჯების ფასი დაბალია, თუმცა პირობები ნაკლებად კომფორტულია. გაითვალისწინეთ, რომ კოტეჯები არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი წერტილებით და სრული ელექტროენერგიით. თუ გრძელვადიან დასვენებას გეგმავთ, შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმროები ოზურგეთში

რესტორნები გომისმთაზე

უშუალოდ კურორტზე რესტორნები და კვების ობიექტები არაა განლაგებული. შესაბამისად, კვება ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყოთ. გაითვალისწინეთ, რომ აქ, სასურსათო მაღაზიები არაა ხელმისაწვდომი. უახლოესი რესტორანი სოფელ გომში, გომისმთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.  რესტორანი “გომი ვერდანდაში” შეგიძლიათ მდინარის გასაოცარი ხედებით და ქართული ტრადიციული კულინარიით ისიამოვნოთ. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ გომისმთაზე?

თბილისიდან გომისმთამდე მანძილი, 340 კმ-ია, ხოლო ოზურგეთიდან 33 კმ. შესაბამისად, გომისმთის მოსანახულებლად უნდა ეწვიოთ ოზურგეთს, შემდეგ კი დაახლოებით ერთ საათიან სამანქანო გზას გაივლით. თბილისიდან ოზურგეთის მიმართულებით ყოველდღიურად ინიშნება მატარებელი, რომლის მარშრუტი 7 საათს შეადგენს და ასევე მიკროავტობუსები, სადაც გურიაში მოსახვედრად 5 საათი დაგჭირდებათ. ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებითშეგიძლიათ სპეციალურად დანიშნული მიკროავტობუსებით ისარგებლოთ. მგზავრობისთვის მაქსიმუმ 1 საათია საჭირო. ინდივიდუალური მგზავრობისას კი გაითვალისწინეთ, რომ უპრობლემოდ გადაადგილებისთვის, მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო.

როდის არის საუკეთესო დრო გომისმთის სანახავად?

საუკეთესოა გომისმთა მოინახულოთ ზაფხულში. ამ დროს გომისმთა ბევრად ხმაურიანი და აქტიურია. ამ დროს ამინდებიც საუკეთესოა და ასევე შეგიძლიათ ადგილობრივ დღესასწაულს, გომისმთობას დაესწროთ.

რა განსხვავებაა გომისმთასა და ბახმაროს შორის?

გომისმთა, ისევე როგორც ბახმარო სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მთა-გორიანი კურორტია, გურიაში. გეოგრაფიულად ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. შესაბამისად, გომისმთიდან მარტივად შეგიძლიათ ბახმაროს მონახულებაც. მთავარი განსხვავება დასახლების სიმჭიდროვეშია. გომისმთის ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა მოწყობილი და დასახლებაც ნაკლებია. შესაბამისად, გომისმთა მეტად უფრო პოპულარულია ლაშქრობის მოყვარული ტურისტებისთვის.