ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი

  1. სანახაობები

ჯვრის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია, რომლის ისტორიაც 1300 წელს ითვლის. შემაღლებულ კლდეზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართული ტაძარი ქალაქ მცხეთასა და სვეტიცხოველს დაჰყურებს თავს. ჯვრის მონასტერი თავისი დაუვიწყარი ხედებით ისტორიული ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო და ხალხმრავალი ტურისტული ლოკაციაა.

ჯვრის მონასტრის შესახებ

ჯვრის მონასტერი აუცილებლად მოგხვდებათ თვალში თბილისისკენ მიმავალ გზაზე. მონასტერი მცხეთის აღმოსავლეთით, შემაღლებულ მთაზეა აგებული და გადმოჰყურებს ქალაქს. გარდა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობისა, ეს ადგილი მნახველთა დაინტერესებას მისი შთამბეჭდავი ხედების გამო იწვევს. მონასტრის გალავნიდან ხელის გულივით მოსჩანს მცხეთისა და სვეტიცხოვლის პეიზაჟები, მტკვრისა და არაგვის ხეობები და მათი შეერთების ადგილი, არმაზის მთა და ქალაქს შემოვლებული ტყეები. 

ხუროთმოძღვის არაჩვეულებრივი ჩანაფიქრის წყალობით, ჯვრის მონასტერი ბრწყინვალედ ერწყმის ბუნებას და კლდოვანი მთის რელიეფს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოეს ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა, თითქოს ტაძარი მთასთან ერთადაა ამოზრდილი მიწიდან.

ისტორია 

ჯვრის მონასტერი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აიგო. ამ დროს ირანსა და ბიზანტიას შორის ბრძოლა მიდის ქართლის სამეფოზე გავლენის მოსაპოვებლად. ამ ბრძოლაში მძვლავრობს ირანი და ჩვენს ქვეყანაში მეფობას აუქმებს. პარალელურად, ქართლში ამ დროს ორი დომინანტი რელიგიაა – მაზდიანობა და ქრისტიანობა. სწორედ ამავე პერიოდში, მთავარი სტეფანოზი ჯვრის მონასტრის მშენებლობას იწყებს. მონასტრის კედელზე ქართლის მთავრის, სტეფანოზ პირველის რელიეფური გამოსახულებაა შემორჩენილი. 

ტაძრის შუაგულში დგას კვარცხლბეკი, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, სასწაულმოქმედი ხისგან დამზადებული ჯვარი აღუმართავს მეფე მირიან III-ს. სწორედ ამ ჯვარს უკავშირდება მონასტრის სახელი, ვინაიდან სტეფანოზის აღმართული ტაძარი მას გადაეხურა. 

კვარცხლბეკზე ამჟამად კვიპაროსის ხისგან დამზადებული 4 მ. სიმაღლისა და 400 კგ. წონის ჯვარია აღმართული, რომელზეც სახარების 13 სცენაა გამოსახული და შემკულია ვერცხლის ფირფიტებითა და ბუნებრივი ქვებით. 

არქიტექტურა

ჯვრის მონასტრის კომლექსი მთავარი ტაძრის, მცირე ეკლესიის, გალავნის, კოშკის ნანგრევებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებისგან შედგება. მთავარი ტაძრის არქიტექტურა სრულიად ქართული ხუროთმოძღვრების მოტივებზეა დაფუძნებული. იგი არ გაქვს არც ბიზანტიურს არც სომხურს, არამედ ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ეკლესიის გეგმის საფუძველი კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქია. მცხეთის ჯვრის არქიტექტურამ საქართველოში “ჯვრის ტიპის” ტაძრების მშენებლობას დაუდო სათავე. 

ჯვრის მონასტერის გეგმა

ჯვრის მონასტერის გეგმა

პრაქტიკული ინფორმაცია

მდებარეობა

ჯვრის მონასტერი მცხეთაში, თბილისიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. ტაძარი აშენებულია შემაღლებულ გორაზე, თუმცა მისასვლელი გზა სრულად კეთილმოწყობილია ავტომობილებისთვის. 

ტურები

მცხეთის ერთ დღიანი ტურის ფარგლებში მოინახულებთ ქალაქ მცხეთის ისტორიულ ნაწილს, ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს, სამთავროსა და შიომღვიმის მონასტრებს. ტურის დასასრულს შეგიძლიათ ესტუმროთ ადგილობრივ ქართულ რესტორნებს და მტკვრის ხეობის ფონზე დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული ღვინო და კერძები. 

სასურველი ტურის დასაჯავშნად დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

საინტერესო ფაქტები

ჯვრის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის ფასადის რელიეფებზე. 

ჩვენი რჩევები

თუკი გსურთ უძველესი ქალაქ მცხეთის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც მოასწროთ, უმჯობესია თუ მოგზაურობას დილით ადრე დაგეგმავთ. 

არ დაგავიწყეთ ამინდის შემოწმება, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო იყოს და უამინდობამ ხელი არ შეგიშალოთ სხვადასხვა ადგილების მონახულებაში ან თუნდაც პიკნიკის მოწყობაში. ასევე თან იქონიოთ ამინდის შესაბამისი აღჭურვილობა/ტანისამოსი. 

საინტერესო ადგილები ჯვრის მონასტერთან

ჯვრის მონასტრის სიახლოვეს მცხეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს. ჯვრიდან სულ რაღაც 20 წუთში მცხეთის ისტორიულ ნაწილში აღმოჩნდებით. ქვაფენილით დაფარული ქუჩები, ქვის ღობეები, აგურისა და ხის მასალით ნაშენები სახლები და აივნები ქმნის ამ ისტორიული ქალაქის იერსახეს. მის ცენტრში კი ყველაზე შთამბეჭდავი ტაძარი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დგას. 

სამთავროს მონასტერი სვეტიცხოვლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ გზა ფეხით შეგიძლიათ განაგრძნოთ. მონასტერი და მის გარშემო გაშენებული ბაღი ნამდვილ წალკოტს მოგაგონებთ. მონასტერში დაკრძალულნი არიან ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ასევე აქ განისვენებს ჩვენი თანამედროვე წმინდანი, ბერი მამა გაბრიელი. 

ჯვრის მონასტრიდან 23 კილომეტრში მდებარეობს შიომღვიმის მონასტერი,  სადაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, შიო ცხოვრობდა. მამა შიოს 12 მ სიღრმის მღვიმეში გაუტარებია და სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელი – „შიოს მღვიმე“. იგი დაკრძალულია მონასტრის ტერიტორიაზე.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ჯვრის მონასტერში?

ჯვრის მონასტრის მოსანახულებლად უმჯობესია საკუთარი მანქანით გაემართოთ. თბილისიდან მანძილი 9 კილომეტრია.
მანძილის სიმცირის გამო, მონასტერს თბილისიდან ხშირად სტუმრობენ ველოსიპედებითაც.

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

ჯვრის მონასტრისა და მცხეთის ტურის მოწყობა ყველა სეზონზე შეგიძლიათ. ქალაქის ღირსშესანიშნაობები წლის ნებისმიერ პერიოდში ღიაა დამთვალიერებელთათვის.

როდის აშენდა ჯვრის მონასტერი?

ჯვრის მონასტერი VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აიგო. ტაძარს თარიღიანი წარწერა არ აქვს, მაგრამ წარწერებში მოხსენიებულ პირთა მიხედვით და სხვა ისტორიული საბუთების შეჯერებით მოხერხდა ტაძრის აგების თარიღის დადგენა 584-585 – 604-605 წ.წ.

ვინ ააგო ჯვრის მონასტერი?

ჯვრის მონასტრის მშენებლობა ქართლის მთავრის, სტეფანოზ I-ის სახელს უკავშირდება. მანამდე აქ პატარა ეკლესია იყო, რომელიც სტეფანოზის მამამ, გუარამმა ააგო, მოგვიანებით კი მისმა ძემ პატარა ეკლესიის გვერდით უფრო მოზრდილი ტაძრის აგება გადაწყვიტა.