ომალო
ომალო თუშეთის მთებში ჩაფლული თვალისმომჭრელი სოფელია. აქაურობა ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, ფიქლით ნაგები კოშკებითა და სახლებით. დღესდღეობით ომალო ლაშქრობებისა და ექსტრემალური ტურისტული გამოცდილების მაძიებელთა საყვარელი ადგილია, რომლის მთაგრეხილებიდანაც კავკასიონის მთების, მინდვრებისა და მათ შორის ჩაწოლილი ნისლის მდინარეების ხედი იშლება. სოფელში ადგილობრივები საკუთარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობასა და კულინარიას გაზიარებენ.
ომალოს შესახებ
ომალო თუშეთის ყველაზე დიდი სოფელი და ადმინისტრაციული ცენტრია. აქ მოსახვედრად საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლა მოგიწევთ. სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე, XVIII ს-ის ძეგლია. 3-4 სართულიანი კოშკები უმეტესად ფიქლით, უდუღაბოდ არის ნაგები და გადახურული. ადრე მთელი სოფელი ციხის ირგვლივ ყოფილა გაშენებული. შემდეგ კი მოსახლეობა თანდათანობით დაბლა ჩასულა, იქ სადაც დღეს ახალი ომალოა.
რა ვნახოთ ომალოში?
ომალოს ღირსშესანიშნაობები
ომალოში ყოველი კუთხე, ყოველი ხედი და პეიზაჟი ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. იგი თუშეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. შემორჩენილია ტრადიციული არქტიტექტურით ნაგები დიკლოს და კესელოს ციხე-სიმაგრეები. მოინახულებთ მიმდებარე სოფლებს, დართლოსა და ფარსმას. ასევე ადგილობრივ კურორტს, თორღვას აბანოს.
სასტუმროები ომალოში
ომალოში რამდენიმე გესთ ჰაუსი და სასტუმრო ფუნქციონირებს. სასტუმრო სამზეო ჩვეულ თუშურ სტილში ძველი ფიქალით აგებული შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი. თანამედროვე ესთეტიკით მოწყობილი სასტუმროს დიზაინი ჰარმონიულად ითავსებს ეროვნულ მოტივებს. ხის ელემენტები და თბილი ფაქტურის ტექსტილი მშვიდ და კომფორტულ გარემოს ქმნის. აქ დააგემოვნებთ ტრადიციულ ქართულ კერძებს, ასევე გაგიმასპინძლდებიან სასმელების ბარით.
გესთ ჰაუსებიდან “კესელო”, “თუშეთი” და “ცასნე” გიმასპინძლებთ, კეთილგანწყობილი მანპინძლებითა და თუშური კერძებით.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ ომალომდე თბილისიდან?
თბილისიდან ომალომდე დაახლოებით 200 კილომეტრია. გზის გასავლელად 7 საათი დაგჭირდებათ. ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი აბანოს უღელტეხილია. 72 კილომეტრიანი გზის გასავლელად 4 საათია საჭირო. მის გადალახვას მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ.
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
ომალოში მოგზაურობა მაისიდან ოქტომბრამდე შეგიძლიათ. სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი ომალომდე მისასვლელი ერთადერთი დამაკავშირებელი გზის გავლა. წლის სხვა მონაკვეთში გზა ჩაკეტილია.
რა სიმაღლეზეა ომალო ზღვის დონიდან?
ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის.