ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი

  1. სანახაობები

ბაგრატის ტაძარი ქართული ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც თანამედროვეობაშიც ინარჩუნებს დიდებულებას და კვლავ საინტერესო ადგილს წარმოადგენს, ქართველი თუ უცხოელი ტურისტებისთვის. ისტორიულ ქალაქში აშენებული ულამაზესი ტაძარი, უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა.

ბაგრატის ტაძრის შესახებ

ბაგრატის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია, რომელიც ქუთაისში, 1003 წელს აიგო. ტაძრის სახელწოდება მეფე ბაგრატ მესამეს უკავშირდება, რომლის ინიციატივითაც მოხდა ამ გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა. 

დახვეწილი არქიტექტურის მქონე მასიური ტაძარი, ქუთაისის ერთ–ერთი სავიზიტო ბარათია. განუმეორებელი ფრესკები, უმნიშვნელოვანესი ისტორიული დანიშნულება და გასაოცარი ხედები ქუთაისზე, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. ტაძარი მიჩნეულია, როგორც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო, რომელმაც აშენების პერიოდში გააერთიანა საქართველოს კუთხის სასულიერო თუ საქალაქო მოღვაწეები. სწორედ ამავე მიზეზით, საუკუნეებია ბაგრატის ტაძარს, ზოგადეროვნული ძეგლის მნიშვნელობა მიენიჭა. 

ისტორია

თუ ფიქრობთ, რომ ბაგრატის ტაძრის ისტორია მე–11 საუკუნიდან იწყება, ცდებით, რადგან უქიმერიონის ბორცვზე აგებული ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენებით ნაპოვნი ნივთები, ჯერ კიდევ ენეოლით–ადრებრინჯაოს ხანას ეკუთვნის. არქეოლოგებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ამ ტერიტორიაზე, ბაგრატის ტაძარი არ იყო ერთადერთი ისტორიული ნაგებობა და მეტიც, ის რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული. დადასტურებით, უძველესი შენობა ჯერ კიდევ წინარეანტიკურ პერიოდს უკავშირდება. ამის შემდეგ, მე–6 საუკუნეში, შენდება უზარმაზარი ბაზილიკა, მე–8 საუკუნეში კი ქუთაისის უდიდესი ტაძარი “ქუთათისის საყდარი,” და სწორედ ამის შემდეგ შენდება ბაგრატის ტაძარი, მეფე ბაგრატ მესამის ინიციატივით. ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. შენობის კედლებზე შემორჩენილი წარწერები კი გვამცნობს, რომ კურთხევა საზეიმო ვითარებაში მოხდა და მას საქართველოს კუთხეებიდან კათალიკოსები, მღვდელმთავრები და დიდებულები ესწრებოდნენ. ტაძრის ოსტატის ვინაობა უცნობია. 

საუკუნეების მანძილზე, ბაგრატის ტაძარს ბევრჯერ მოუწია მტერთან გამკლავება. მიუხედავად ბევრი რესტავრაციისა და აღორძინებისა, საბედისწერო აღმოჩნდა, მე–18 საუკუნეში ოსმალებისგან და რუსებისგან მიღებული ზიანი. ნანგრევებად შემორჩენილი ტაძრის რეაბილიტაცია და არქეოლოგიური ექსპედიციების ჩატარება მე–19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო. მე–20 საუკუნეში მოხდა საბჯენი კედლების რესტავრაცია. 2000 წლიდან კი დაიწყო ტაძრის სრული რეკონსტრუქცია. 2009 წელს გადაწყდა ტაძარზე გუმბათის დადგმა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვინაიდან ტაძრის ისტორიული ავთენტურობა დაირღვა, ის ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაშია, 2012 წლის მსოფლიო კრების გადაწყვეტილებით. 

ბაგრატის ტაძრის არქიტექტურა

ისტორიასთან ერთად, ბაგრატი არიქტექტურული მნიშვნელობითაც გამოირჩევა. უნიკალური აგებულება, ელემენტები, ფრესკები და კიდევ უფრო გასაოცარი არქეოლოგიური აღმოჩენები, ტაძრის კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. 

ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მთავარი საყრდენი ოთხი ბურჯია, საიდანაც გამომდინარეობს სწორკუთხა შვერილი მკლავები და ნახევარწრიული აფსიდები. დასავლეთის მხარეს, კი მდებარეობს ე.წ პატრონიკე, რომელიც ის ადგილია, სადაც ლოცვის დროს მხოლოდ მეფე–დედოფალსა და დიდებულებს შეეძლოთ დგომა. მოგვიანებით ტაძარს მიშენებული აქვს მდიდრულად მოჩოქურთმებული კარიბჭეები. ასევე მოგვიანებითაა აშენებული სამრეკლო. გარე არქიტექტურასთან ერთად, აღსანიშნავია ულამაზესი შიდა მოხატულობა, დახვეწილი მოზაიკური ნამუშევრები და ქვაზე ნაკვეთი ფრაგმენტები. 

პრაქტიკული ინფორმაცია

ტაძრის ისტორიის უკან, ბევრი საინტერესო დეტალი იმალება, რომელიც ერთიანად ზრდის ტაძრის მიმზიდველობას, ქართველი თუ უცხოელი მოგზაურებისთვის. ბაგრატის მონახულება არა მარტო რელიგიური ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას მოიცავს, არამედ კიდევ უფრო საინტერესო და გასაოცარი არქიტექტურული ელემენტებისა და არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობას.

მდებარეობა

ბაგრატის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ქუთაისში მდებარეობს. შუა საუკუნეების ძეგლი, ე.წ უქიმერიონის გორაზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროსთანაა აშენებული. აგების პერიოდში, ქალაქი ქუთაისი ორ ნაწილად, ზედა და ქვედა ნაწილებად იყოფოდა და ბაგრატის ტაძარი, ზედა ნაწილში ერთიანდებოდა. ქალაქის ამ ნაწილში, მეტ წილად საფორტიფიკაციო ნაგებობები იყო განთავსებული. დღეს უქიმერიონის გორაზე ტაძრის დიდებულებასთან ერთად, მნახველებს ქუთაისის პანორამული ხედებით სიამოვნებაც შეუძლიათ.

საუკეთესო დრო სანახავად

ბაგრატის ტაძრის მონახულება ნებისმიერ სეზონსა და ამინდში შეგიძლიათ. თუმცა იმისთვის, რომ კომფორტულად შეძლოთ ტაძრის არქიტექტურის დეტალურად დათვალიერება და ამასთან, ისიამოვნოთ ქუთაისის სილამაზით, უკეთესია თუ ტაძარს მაისი–ოქტომბრის პერიოდში ესტუმრებით. 

საინტერესო ფაქტები

  • ბაგრატის ტაძრის ოფიციალური სახელწოდება ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარია.
  • ტაძარი რამდენიმე შენობის ადგილზეა აგებული, საიდანაც უძველესი ადრეული ანტიკური პერიოდის შენობას განეკუთვნება.
  • ტაძრის კედელზე აღმოჩენილი არაბული წარწერები, საქართველოში აღმოჩენილი უძველესი არაბული წარწერაა.
  • ტაძრის კედლებზე აღწერილია მისი კურთხევის დღის დეტალები.
  • ამ ტაძარში საქართველოს რამდენიმე მეფე აკურთხეს, მათ შორის ალექსანდრე პირველი და რუსუდანის ძე, დავით ნარინი.

საინტერესო ადგილები ბაგრატის ტაძართან

იმერეთის გულად წოდებული ქუთაისი, რომელიც უნიკალურ კულტურას ინახავს, გამოირჩევა ისტორიული ძეგლების სიმრავლით. მათგან ერთ–ერთია გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დავით აღმაშენებლის ინიციატივით, ქუთაისთან ახლოს აშენდა. დახვეწილი არქიტექტურის ძეგლი, უდიდესი ისტორიით გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ საქართველოს მეფეთა საფლავები, ცნობილი მზის საათი და გელათის აკადემია. 

ბაგრატის ტაძართან ახლოს, ასევე მდებარეობს მოწამეთას ეკლესია, რომელიც ისტორიასთან ერთად, ულამაზესი მდებარეობითაც გამოირჩევა. მთისა და ხეობის პანორამულ ხედებთან ერთად, ეკლესიაში შეგიძლიათ მოწამე ძმების, კონსტანტინე და დავით მხეიძეების ღია საფლავიც მოინახულოთ. 

ჩვენი რჩევები

ტაძრის მონახულებისას აუცილებლად მოაწყვეთ ტური ქუთაისში, რადგან ასე უფრო კარგად შეიგრძნობთ ტაძრისა და ქალაქის დიდებულ ისტორიას და ამასთანავე, შეძლებთ გაეცნოთ იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს კულტურას, უფრო ახლოს. ქუთაისის დახვეწილი არქიტექტურა და იმერული სტუმართმოყვარეობა ნამდილად ფერად შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. 

ტაძრის მდებარეობა მართლაც რომ გამორჩეულია. უქიმერიონის ბორცვიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. ასე რომ მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები და გადაიღეთ გასაოცარი ფოტოები, ხედით ქუთაისზე. 

ხშირად დასმული კითხვები

როდის აშენდა ბაგრატის ტაძარი?

ბაგრატის ტაძრის მშენებლობა 1003 წელს ოფიციალურად დასრულდა.

თბილისიდან, რა მანძილზე მდებარეობს ბაგრატის ტაძარი?

ტაძარი თბილისიდან 259 კილომეტრში მდებარეობს, რაც მანქანით მგზავრობისას, დაახლოებით 4 საათის სავალი მანძილია.