სვეტიცხოვლის-საკათედრო-ტაძარი

სვეტიცხოველი

  1. სანახაობები

სვეტიცხოველი ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მთავარი სიმბოლო და საქართველოს ისტორიის განუმეორებელი ტაძარია, რომელიც დღევანდელ თანამედროვეობაშიც დიდებულად წარმოაჩენს საამაყო წარსულს და ადგილობრივ თუ უცხოელ მნახველს, მუდმივად აკვირვებს. უძველესი ქალაქის, უძველესი ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოში გამოგზაურებთ.

სვეტიცხოვლის შესახებ

სვეტიცხოველი არა მარტო უდიდესი მნიშვნელობის მქონე ძეგლია ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, არამედ წარმოადგენს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ძეგლს, როგორც დასაწყისს, ქართული მართმადიდებელი სახელმწიფოსი. ისტორიულ როლთან ერთად, ტაძარი ულამაზესი და განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა. ის წარმოადგენს ქართული ეკლესიის მთავარ საპატრიარქო საკათედრო ტაძარს, რომელსაც ასევე,  ქვეყნის დედა ტაძარს უწოდებენ. აქ დაკრძალულია მრავალი მეფე, გამოჩენილი სასულიერო პირი და ქვეყნის პატრიარქი. ტაძარი ასევე ერთ–ერთი უდიდესი ხუროთმოძღვრების ძეგლია საქართველოში. 

ღირსშესანიშნაობის დათვალიერებისას ბევრ მნიშვნელოვან დაცულ ნივთსა და ნამუშევარს ნახავთ, თუმცა მათგან გამორჩეული და უდიდეს განძად წოდებულია უფლის კვართი. იქვე ასევე დასვენებულია წმინდა ელია წინასწარმატყველის მოსასხამი. ტაძარი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარი მე–11 საუკუნეშია აშენებული, მისი ისტორია, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იწყება. პირველი ეკლესია, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია, აიგო მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას ინიციატივით, რომლებმაც გამოაცხადეს ქრისტიანობა ქართლის ოფიციალურ რელიგიად, წმინდა ნინოს შემოსვლის შემდეგ. ცნობების მიხედვით, თავდაპირველი ეკლესია ბაზილიკის ტიპის იყო და კურთხეული იყო წმინდა ნინოს სახელზე. ამ ბაზილიკის საძირკველის ნიშნები, 1970–იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. 

მომდევნო ეკლესია ვახტანგ გორგასალს აუშენებია, მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში. მე–11 საუკუნეში, კი მელქისედეკ კათალიკოსმა, დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე, ააგო საქართველოს უდიდესი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელსაც სვეტიცხოველი ეწოდა. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და დასრულდა 1029 წელს. 1283 წლის მიწისძვრის შედეგად, ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა და მე–14 საუკუნეში, მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა, გიორგი ბრწყინვალის მიერ. მტრის ხშირი შემოსევების გამო, ტაძრის რეაბილიტაცია ასევე მოხდა მე–15 საუკუნეში, ალექსანდრე დიდის ინიციატივით და მე–17 საუკუნეში, როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით. 

რუსეთთან შეერთების შემდეგ, ტაძარს ყურადღებას არავინ აქცევდა. 1826 წელს, ამავე მიზეზის გამო, დაზიანდა და ჩამოიქცა გალავანში არსებული სამრეკლო, რასაც ბავშვის სიცოცხლეც კი ემსხვერპლა. მოთხოვნის გაგზავნის მიუხედავად, რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ 1845 წელს, ხეჩო დარჩილოვმა, პირადი პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ფინანსებით გამოესწორებინა არასათანადო რეაბილიტაციის შედეგები. ეს რესტავრაცია 10 წელი მიმდინარეობდა, თუმცა ამან ეფექტური შედეგი ვერ გამოიღო. რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც უშედეგო აღმოჩნდა. პრობლემა გუმბათში იყო, სადაც წყალი ჩაედინებოდა და ზიანდებოდა ტაძრის შიდა ფასადი. სვეტიცხოვლის თლილი ქვის გუმბათით გადახურვა, მხოლოდ 1900–იან წლებში მოხდა. 

სვეტიცხოვლის არქიტექტურა

ტაძრის არქიტექტურა კომპლექსური და განსხვავებულია. მასიური ტაძარი დღემდე წარმოადგენს ქვეყნის ერთ–ერთ უდიდეს ხუროთმოძღვრულ ნაგებობას. მისი აგებულება ჯვრის მონახაზს იმეორებს. ტაძრის სამი მხარე, სწრორკუთხედია, განსხვავებით აღმოსავლეთ მკლავისა, რომელიც აფსიდით ბოლოვდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში განლაგებულია ორსართულიანი სათავსოები. გუმბათი კი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა და მოიცავს 16 სარკმელს. 

რაც შეეხება შიდა ინტერიერს, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია თუმცა მიუხედავად ამისა, ბიბლიური მოვლენების ამსახველი ულამაზესი მოზაიკური ფრესკები, ჯერ კიდევ შემორჩენილია. 

პრაქტიკული ინფორმაცია

თქვენი ყოველი ვიზიტისას სვეტიცხოველში, ახალ და ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ. აქ უამრავი საინტერესო დეტალია, რომელიც გასაოცრად წარმოაჩენს საქართველოს დიდებულ წარსულს. უფრო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის, გასათვალისწინებელია კონკრეტული დეტალების ცოდნა. 

მდებარეობა

ღირსშესანიშნაობის დიდებულებას ერთი ორად ზრდის მისი მდებარეობა. საქართველოს ძველ დედაქალაქში – ისტორიულ მცხეთაში მდებარე ტაძარი, იდეალურად ერწყმის ქალაქის ბუნებასა და უძველეს არქიტექტურას. მცხეთის ზოგიერთი ქუჩიდან სვეტიცხოვლისა და ჯვრის ტაძრების ერთდროულად დანახავაც კი არის შესაძლებელი, რაც უნიკალური კადრების შექმნის შანსს იძლევა. 

ლეგენდა სვეტიცხოველზე

ტაძრის სახელი ქრისტეს კვართს უკავშირდება. ცნობების მიხედვით, მცხეთელი ლონგინოზები დასწრებიან ქრისტეს წამებას და მისი კვართით დაბრუნებულან მცხეთაში, სადაც ძმებს მათი და – სიდონია დახვდათ. სიდონიამ კვართი გულში ჩაიკრა და იქვე განუტევა სული. ის სამეფო ბაღში დაუსვენებიათ და მის საფლავზე მოგვიანებით ლიბანის კედარი ამოსულა. ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით, ხე მოუჭრიათ და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ, რომლითაც ეკლესია უნდა აეშენებინათ. ერთ–ერთი სვეტი, კი სასწაულმოქმედი ყოფილა. 

სვეტი ჰაერში აიჭრა და მანამ არ დაეშვა ძირს, სანამ წმინდა ნინომ მთელი ღამე ლოცვაში არ გაატარა. სვეტიდან მირონი დიოდა, რომელმაც უამრავი დასნეულებული განკურნა. სწორედ აქედან წამოვიდა სვეტი ცხოველის, იგივე ცოცხალი სვეტის სახელწოდება, რომელიც მოგვიანებით იმ სვეტით, სიდონიას საფლავზე აგებულ ტაძარს დაერქვა. 

საუკეთესო დრო სანახავად

სვეტიცხოვლის მონახულება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ძეგლი ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა დარსა თუ ავდარში. ტაძარი ასევე პოპულარული ადგილია წყვილებისთვის. შესაბამისად, აქ ხშირად იხილავთ საქორწინო მაყრიონს. მცხეთა განსაკუთრებით ლამაზი გაზაფხულზეა. აყვავებული ხეები და ქართული ტრადიცული სახლები, კიდევ უფრო ალამაზებს სვეტიცხოველს. ასე რომ უმჯობესია თუ ტაძარს მაისი–ოქტომბრის პერიოდში მოინახულებთ. 

საინტერესო ფაქტები

  • ტაძარი მე–11 საუკუნეში აშენდა, თუმცა მანამდე ტერიტორიაზე განთავსებული იყო რამდენიმე ეკლესია, უძველესი დათარიღებული მე–4 საუკუნით.
  • სვეტიცხოველში დასვენებულია უფლის კვართი.
  • ტაძარში ასევე დასვენებულია წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.
  • სვეტიცხოვლის საძვალე ბოლომდე არ არის იდენტიფიცირებული. პირველი ოფიციალური ცნობა კი, ვახტანგ გორგასლის საფლავს უკავშირდება.
  • მე–13 საუკუნიდან, ტაძარი ბაგრატიონთა საძვალე გახდა.
  • ტაძრის ეზოში ასევე მდებარეობს მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე, რომლის სახელსაც უკავშირდება დღევანდელი სვეტიცხოვლის აშენების ინიციატივა.
  • ტაძრის გალავანი საკმაოდ გვიან, ერეკლე მეფის ინიციატივით, მე–18 საუკუნეში აშენდა.

საინტერესო ადგილები სვეტიცხოველთან

სვეტიცხოველი ისტორიულ ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. აქ კი მოსანახულებელი ნამდვილად ბევრია. ქალაქი უნიკალური არქიტექტურით, კლასიკური ქვაფენილიანი ქუჩებითა და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. სვეტიცხოველთან ახლოს ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ მცხეთის მორიგი სიმბოლო – ჯვრის მონასტერი, რომელიც უნიკალური, სპეციფიური არქიტექტურით და გასაოცარი მდებარეობით გამოირჩევა. ჯვრის მონასტრიდან გასაოცარი ხედი იშლება მცხეთაზე. 

აქვე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ხედით მტკვრისა და არაგვის შესართავზე, რომელიც განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ტაძართან ახლოს, ქალაქის ჩრდილოეთით  მდებარეობს ბებრის ციხე, შუა საუკუნეების ულამაზესი ციხესიმაგრე, რომელთანაც ბევრი ლეგენდაა დაკაშირებული. 

ჩვენი რჩევები

თუ სვეტიცხოველს ეწვევით, გირჩევთ მოაწყოთ ტური მცხეთაში, რაც თქვენს მოგზაურობას საოცრად გაამრავალფეროვნებს. მცხეთის დათვალიერებით შეიგრძნობთ და უკეთ გაიცნობთ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ქალაქის უნიკალური ხედები, კი გასაოცარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ.

სვეტიცხოვლის საძვალე კი გაძლევთ შანსს მოინახულოთ ბევრი ცნობილი ქართველი მეფის საფლავი. ეს უნიკალური გამოცდილებაა და განსხვავებულ მოგონებებს დაგიტოვებთ. ტაძართან ახლოს ულამაზესი ბაზრობაა, სადაც ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ, მათ შორის ქართული ქუდები, ნაბდები და ბევრი სხვა ჭედური ხელოვნების ნიმუში. ხელს გაიყოლეთ სუვენირი და სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ შთაბეჭდილებები სვეტიცხოველში მოგზაურობისას.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს სვეტიცხოველი?

სვეტი ცხოველი იგივე ცოცხალი სვეტი, სასწაულმოქმედ სვეტს უკავშირდება, რომლითაც აიგო სვეტიცხოვლის თავდაპირველი ეკლესია.

თბილისიდან რა მანძილზე მდებარეობს სვეტიცხოვლის ტაძარი?

ტაძარი თბილისიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს და მანქანით მგზავრობისას 30 წუთის სავალ მანძილს წარმოადგენს.