ლისის ტბა

ლისის ტბა

  1. სანახაობები

ლისის ტბა თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელი რეკრეაციული ზონაა, რომელსაც წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ესტუმროთ. სუფთა ჰაერი, სიმწვანე, სიგრილე და ინფრასტრუქტურა ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ლისი ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორს მასპინძლობს.

ლისის ტბის შესახებ

ლისის ტბა ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზე მდებარეობს. იმის გამო, რომ ეს ტერიტორია თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ზღვის დონიდან დაახლოებით 100 მეტრით მაღლა მდებარეობს, ზაფხულობით აქ სასიამოვნო სიგრილე და სუფთა ჰაერია. ტბის მიდამოებიდან დედაქალაქზე უმშვენიერესი ხედი იშლება.

ზაფხულობით ტბის გარშემო მოწყობილია საზაფხულო კაფეები და სანაყინეები.  შეგიძლიათ დაიქირაოთ წყლისა და სტანდარტული ველოსიპედები, ნავი, ამოხვიდეთ როლიკებით, ან მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად. 

იმის გამო, რომ ტბის ნაპირები ზომიერად დამრეცია, ზოგ ადგილას ტბაში ბანაობაც შეიძლება. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 28 გრადუსს აღწევს. მოწყობილია სანაპირო ზოლი, სადაც მზის აბაზანების მიღება და გარუჯვაც შესაძლებელია. 

ზამთარში ტბის ნაპირი, ზოგჯერ კი მთლიანად ტბა ყინულის საფარით იფარება და ულამაზესი სანახავია. ზოგ შემთხვევაში ყინულის სისქე 30-35 სანტიმეტრს აღწევს. ნებისმიერ სეზონზე შეამჩნევთ აქ სათევზაოდ ამოსულ ადამიანებს. წყლის სპორტითა და თევზაობით გატაცებული ადამიანებისთვის ლისი ქალაქთან ახლოს საუკეთესო ვარიანტია. 

ისტორია

ლისის ტბის კეთილმოწყობა ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. როგორც ჩანს, ეს ადგილები თავიდანვე იქცევდა თბილისელთა ყურადღებას და აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ განსატვირთად, დასავენებლად, საპიკნიკედ და საცურაოდ. სწორედ ამიტომ, იმ პერიოდში ლისის მიმდებარედ დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, გამწვანდა და მოწესრიგდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. 

2007 წელს ტბის სიახლოვეს გაიხსნა თბილისის ახალი იპოდრომი, რომელიც 31 ჰა ტერიტორიას მოიცავს და ცხენოსნობის მოყვარულებისთვის უსაყვარლესი ადგილია. 

2012 წლიდან ლისის ტბაზე აქტიურ ფაზაში შევიდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ტბის გარშემო მოეწყო სამი კილომეტრის სიგრძის სარბენი და ველო ბილიკები, სავარჯიშო სივრცე, სანაპიროზე აშენდა სპორტული და საბავშვო მოედნები. 2015 წლიდან ფუნქციონირებს ღია კაფე, სანაოსნო პუნქტი და ახალი პლაჟი გარუჯვის მოყვარულთათვის. 

ინფრასტრუქტურა

ლისის მიმდებარედ არაერთი გასართობი და დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი. მათ შორისაა კაფე-ბარები და რესტორნები, აბანო, იპოდრომი, კარტინგები და სხვადასხვა ტიპის სათამაშო თუ სპორტული მოედნები, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო აქტივობას. 

ლისი აბანო

ლისი ტბის შემოგარენში ბუნებრივი თერმული წყარო და აბანო ძველთაგანვე არსებობდა. 2014 წლის სექტემბერში, რეკრეაციის ამ ფომით ისედაც სახელგანთქმულ თბილისს, კიდევ ერთი, მაგრამ უკვე თანამედროვე გოგირდის აბანო შეემატა. ლისის აბანოებში მოწყობილია საერთო დარბაზები ქალებისა და მამაკაცებისთვის, ასევე ინდივიდუალური ნომრები, მათ შორის ზოგიერთი საუნით. ადგილზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა საჭირო ინვენტარი და ისარგებლოთ მასაჟის მომსახურებით. 

აბანოები ღიაა ყოველდღე, 07:30-დან 23:00 საათამდე. ფასებისა და მომსახურების პირობების სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ მათ Facebook გვერდს. 

იპოდრომი

იპოდრომი  ლისის  ტბის ტერიტორიაზე 2007 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. მისი   ტერიტორია 31 ჰექტარს მოიცავს. დღეისათვის აგებულია კეთილმოწყობილი თავლები,  დახურული მანეჟი, პროცესშია საშეჯიბრო მოედნის მშენებლობა, რომელთა დასრულების შემდეგაც თბილისის იპოდრომს საშუალება ექნება სხვადასხვა საერთაშორისო საცხენოსნო ღონისძიებას  უმასპინძლოს.

იპოდრომის ტერიტორიაზე შესაძლებელია ცხენოსნობის შესწავლა. აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები მოყვარულთა და საცხენოსნო სკოლის მოსწავლეთა შორის. 

იპოდრომის სამუშაო საათებია 10:00 – 17:00 საათი, ყოველდღე, ორშაბათის გარდა. საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: (+995 32)2153131 

ლისი ლემანსი

ლისი ლემანსი მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეა ბერიტაშვილის ქუჩაზე, ახალი იპოდრომიდან 500 მეტრში. სხვადასხვა ტიპის ექსტრემალური გასართობები გათვლილია როგორც დიდებისთვის, ისე პატარარებისთვის. შეგიძლიათ მოაწყოთ კარტინგის შეჯიბრებები, ითამაშოთ მინი გოლფი და მაგიდის ტენისი, ეწვიოთ სასროლეთს ან ვირტუალურ და 3D რეალობის ოთახს, გაერთოთ ბატუტზე, დაეშვათ ზიპლაინით და დღის ბოლოს კაფე ლემანსში განიტვირთოთ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეეგიძლიათ ესტუმროთ პარკის Facebook გვერდს და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი აქტივობა. 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდე ლისის ტბაზე?

ლისის დასახლებისკენ თბილისის სხვადასხვა უბნებიდან #505, #447, #389 და #363 ავტობუსები გადის.

რა დრო დამჭირდება ლისის ტბაზე მისასვლელად?

ავტომობილით ქალაქის ცენტრიდან (თავისუფლების მოედანი) ლისის ტბამდე დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ.

შეიძლება თუ არა ტბაში ბანაობა?

ტბაში ბანაობა დაშვებულია იმ ზონებში, სადაც ტბის ნაპირები ზომიერად დამრეცია. კლდოვან და ციცაბო ფერდობიან ნაპირებთან ცურვა აკრძალულია.

რამდენია ტბის მაქსიმალური სიღრმე?

ტბის მაქსიმალური სიღრმე 4 მეტრია.

რომელ სეზონზე შეიძლება ვესტუმრო ლისის ტბას?

ლისი ნებისმიერ სეზონზე ღიაა ვიზიტორებისთვის.

რომელ ფესტივალებს მასპინძლობს ლისის ტბა?

ლისის ტბის მიმდებარედ ყოველწლიურად იმართება თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air.