ლაგოდეხის ნაკრძალი
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მისი ფლორითა და ფაუნით არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. ნაკრძალი ოთხივე სეზონის განმავლობაში უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს სალაშქრო და საცხენოსნო ტურების ფარგლებში.
თუ დაუვიწყარი თავგადასავლის მოწყობა გსურს, აუცილებლად მოინიშნე ლაგოდეხის ეროვნული პარკი სანახავი ადგილების სიაში.
ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთის რეგიონში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და პირველი ბუნების ნაკრძალია საქართველოში. ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ნაკრძალის 72% ტყის მასივითაა დაფარული, ტერიტორია ხასიათდება ლანდშაფტის მრავალფეროვნებითა და ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდით (450-3500 მ).
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ადგილია. ტერიტორია მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს.
ისტორია
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაარსება პოლონელ მოყვარულ ნატურალისტს, ლუდვიგ მლოკოსევიჩს უკავშირდება. მან შენიშნა, რომ აქ მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა და დასვა საკითხი ხეობა ნაკრძალად გამოეცხადებინათ. ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული ფლორის იშვიათ მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა არის ვიწრო, ლოკალური, ენდემური სახეობები.
1912 წელს ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურად გამოცხადდა ნაკრძალად.
ბიომრავალფეროვნება
ბუნების გასაოცარი ხედების გარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უიშვიათეს ბინადრებსაც შეიძლება გადააწყდეთ. საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს. ფრინველებიდან აქ ბინადრობს კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი, მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი, ფოცხვერი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1,100 სახეობის მცენარეა. აქ გავრცელებულ სამეფო წიფლისა და რცხილის ტყეებს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. აქ გავრცელებული ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.
ტურები ლაგოდეხის ეროვნულ პარკში
ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: “როჭოს ჩანჩქერი“, “ნინოსხევის ჩანჩქერი,“ “მაჭის ციხე“, “შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.
ტურისტებისათვის მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან თქვენთვის სასურველი აირჩიოთ.
სალაშქრო ტურების გარდა, პარკში ვიზიტორებს საცხენოსნო ტურებიც ელოდებათ.
ტურების მოწყობა გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზეა მიზანშეწონილი.
ადგილზე შეგიძლიათ სალაშქრო ინვენტარის დაქირავებაც.
ნინოსხევის ჩანჩქერი
ნინოსხევის ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკის სიგრძე 8 კილომეტრია და მის გასავლელად დაახლოები 3-4 საათი დაგჭირდებათ. გზა საშუალო სირთულისაა. გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან ნინოსხევის ჩანჩქერისკენ საფეხმავლო ბილიკი მდინარე ნინოს ხევს მიუყვება და დანიშნულების წერტილზე 40 მეტრიანი ჩანჩქერი დაგხვდებათ, რომელიც კლდეზე პატარა წყალვარდნილებსა და აუზებს ქმნის. ზაფხულში წყლის ნაპირზე გაგრილება და პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ.
მაჭის ციხე
მაჭის ციხისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილის სიგრძე 10 კილომეტრია. მარშრუტის გასავლელად დაახლოებით 4 საათია საჭირო. სოფელ მაწიმიდან ციხის მიმართულებით ვიზრო ბილიკი გადის, რომელიც ულამაზეს ტყის კორომებს გაგატარებთ და საუკუნოვან ციხემდე მიგიყვანთ. ციხის გალავნის ნანგრევების შიგნით შემორჩენილია ეკლესია და მიწისქვეშა გასასვლელები.
მაჭის ციხის დალაშქვრისას აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რადგან ბილიკი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე მდებარეობს.
როჭოს ჩანჩქერი
ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრიდან როჭოს ჩანჩქერამდე მიმავალი გზა 9 კილომეტრია და სალაშქროდ დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. მარშრუტი მდინარე შრომისხევს მიუყვება და ფართოფოთლოვანი ტყითაა დაფარული. ეს სანახაობა განსაკუთრებით თვალწარმტაცია შემოდგომით. ბილიკის ბოლოს ხმაურიან როჭოს ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც 6 მეტრის სიმაღლიდან ეშვება კლდოვან ფერდზე.
შავი კლდეების ტბა
შავი კლდეების ტბა ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობაა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. სამ დღიანი მარშრუტი საკმაოდ რთულად გასავლელია და ჯამში 42 კილომეტრამდე გზას მოიცავს. მარშრუტის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2857 მეტრზე მდებარეობს.
მარშრუტის პირველი დღე ადმინისტრაციული ცენტრიდან იწყება, გაივლის 12 კილომეტრს და ტურისტულ თავშესაფარ მეტეოში სრულდება. თავშესაფრის მიმდებარედ შეგიძლიათ დაბანაკდეთ და გაშალოთ კარვები ან მოაწყოთ კემპინგი.
უმჯობესია ღამით კარგად დააისვენოთ, ძალები აღიდგინოთ, რადგან მეორე დღე არანაკლებ დატვირთული გელით. მეტეოდან ტბისკენ მიმავალი მარშრუტის სიგრძე 15 კილომეტრია და მის გასავლელად დაახლოებით 7 საათი დაგჭირდებათ. შავი კლდეების ტბა ულამაზესი სანახავია, აუცილებლად შეჩერდით და დატკბით თქვენ წინ გადაშლილი პეიზაჟით. ტბის მონახულების შემდეგ თავშესაფარ “დემიდოვის ბინისკენ” გადაინაცვლებთ და ღამეს იქ გაათენებთ.
მესამე დღეს თავშესაფრიდან ადმინისტრაციულ ცენტრში დაეშვებით კუდიგორის ქედის გავლით, 15 კილომეტრიანი მარშრუტის ბოლოს დანიშნულების ადგილზე ხართ.
პრაქტიკული ინფორმაცია
ლაგოდეხის ნაკრძალის სტუმრობისას ვიზიტორთა ცენტრში გაგაცნობენ ყველა საჭირო ინფორმაციას, მათ შორის, დაშვებული და აკრძალული ქმედებების შესახებ.
ადგილზე შეგიძლიათ გამყოლებისა და ცხენების დაქირავებაც, რომლის ღირებულებაც 100 ლარია დღიურად.
გაითვალისწინეთ, ნაკრძალის ტერიტორიაზე დაბანაკება და ცეცხლის დანთება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებშია შესაძლებელი.