როჭოს ჩანჩქერი ლაგოდეხში

როჭოს ჩანჩქერი

  1. სანახაობები

მწვანე, ხავსმოდებული კლდეებიდან გადმოტყორცნილი როჭოს ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა. 6 მეტრის სიმაღლიდან დაშვებული წყლის შხეფები მზის სხვებთან ერთად საოცარ პეიზაჟს ქმნის ცისარტყელას ფერებით. Ჩანჩქერამდე მიმავალი გზა ფართოფოთლოვან ტყეს გაივლის და მის იშვიათ ბინადრებს გაგაცნობთ.

როჭოს ჩანჩქერის შესახებ

როჭოს ჩანჩქერი კახეთის მხარეში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს. მარშრუტი საშუალო სირთულისაა და გამოცდილ მოლაშქრეებს მის დასალაშქრავად 3-5 საათი ეყოფათ. გადაადგილება შესაძლებელია ფეხით და ცხენებით. ჩანჩქეამდე მისასვლელი გზა ულამაზეს ფართოფოთლოვან ტყეში გადის, სადაც რცხილნარის, წიფლნარისა და შერეული (რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა) უნიკალური კორომები შეგხვდებათ. ვიწრო, დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკი მდინარის პირს მიუყვება პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით. ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ეს ხელუხლებელი ტყეები უხვადაა შემოსილი ფოთლებით, რაც სასიამოვნო ჩრდილსა და სიგრილეს ინარჩუნებს ბილიკებზე. ეს რეგიონი ერთ-ერთი უმდიდრესია თავისი ბიომრავალფეროვნებით. გაზაფხულზე ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ტყის ყვავილი შეგხვდებათ, რომლებიც კიდევ უფრო მკვეთრად და კონტრასტულად გამოიყურება მწვანე ფოთლების ფონზე. ხავსმოდებულ ქვებს შორის ჩაწოლილი მდინარის წყალი ულამაზეს შეფერილობას იღებს. ზოგ ადგილზე მუქი მწვანეა, ზოგგან ღია ლაჟვარდისფერი, ხანაც კრიალა და გამჭვირვალე. წყალვარდნილებში პატარ-პატარა აუზებად გროვდება მდინარე, სადაც ჩამოჯდომა და სახის გასველება მოგინდდებათ. ბილიკის ბოლოს ხმაურიან როჭოს ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც სასიამოვნოდ აგრიალებს და აცოცხლებს არემარეს. თავად ჩანჩქერი უმშვენიერესი სანახავია. ორ კლდეს შორის, რომლებიც აქეთ-იქიდან სვეტებადაა აღმართული, რძისფერი ნაკადი გადმოედინება და წყლის შხეფებით აქაფებულ აუზში ეშვება. კლდეები მთლიანად დაფარულია მწვანე საფარით. წვერიდან ბოლომდე ფარდებად გადმოკიდებული სუროების ფოთლებზე შერჩენილი წყლის წვეთები კი მზის სხივებთან ერთად ბრილიანტებად ბრწყინავს.

ბიომრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ბუნების გასაოცარი ხედების გარდა, ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უიშვიათეს ბინადრებსაც შეიძლება გადააწყდეთ. შველსა და ირემს განსაკუთრებით მოსწონს აქაური მცენარეული საფარი, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მათგანი გადაგიჭრით გზას. აქ გავრცელებულ სამეფო წიფლისა და რცხილის ტყეებს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება.

ტური როჭოს ჩანჩქერზე

ტური როჭოს ჩანჩქერზე

ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. დღეისათვის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს. ტური როჭოს ჩანჩქერის მიმართულებით ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. დანიშნულების ადგილი საწყისი წერტილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს. მარშრუტი საშუალო სირთულისაა და გასავლელად 3 საათი დაგჭიდებათ.ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ გაეცნოთ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. სალაშქრო ტურების გარდა, პარკში ვიზიტორებს საცხენოსნო ტურებიც ელოდებათ. ტურების მოწყობა გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზეა მიზანშეწონილი. ადგილზე შეგიძლიათ სალაშქრო ინვენტარის დაქირავებაც.

პრაქტიკული ინფორმაცია

ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა აუცილებლად უნდა უნდა გაითვალისწინონ და დაიცვან ის წესები, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით პარკის ადმინისტრაცია აწესებს. აღნიშნულ მითითებებს მარშრუტის დასაწისში, ვიზიტორთა ცენტრში გაგაცნობენ. როჭოს ჩანჩქერი დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ თუ პიკნიკის მოწყობას გეგმავთ, მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში უნდა მოაწყოთ. ასევე გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად.

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელეფონი: 577 101 834

მისამართი: ქ. ლაგოდეხი, ვაშლოვანის ქ. N197

ელ.ფოსტა: zazats2002@yahoo.com

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ლაგოდეხში?

თბილისი – ლაგოდეხის გზის მონაკვეთის სიგრძე 165 კილომეტრია. ავტომობილით ქალაქამდე ჩასასვლელად 2 საათი და 30 წუთი დაგჭირდებათ.
ლაგოდეხის მიმართულებით ნავთლუღის ავტოსადგურიდან მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოძრაობის დროისა და ფასის შესახებ ინფორმაციას ქვემოთ გაეცნობით.

მარშრუტი გასვლის დრო ბილეთის ღირებულება
ლაგოდეხი 7:40 8:30 9:30 10:20 11:10 12:00 12:35 13:15 14:00 14:40 15:20 16:00 16:30 17:00 17:30 18:15 18:50 7₾

როდის არის საუკეთესო დრო წასასვლელად?

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს. როჭოს ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა ფართოფოთლოვანი ტყე შემოსილია სხვადასხვა ფერის საფარველით. გარდა ამისა, ცხელ ამინდში ჩანჩქერის გრილი წყლით გაგრილებაც სასიამოვნოა.