black sea arena შეკვეთილში

Black Sea Arena

  1. სანახაობები

Black Sea Arena ყველა მასშტაბური საკონცერტო სივრცეა საქართველოში. თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი დარბაზი 10 000-მდე მსმენელს იტევს. ყოველწლიურად Black Sea Arena საერთაშორისო მუსიკალური სცენის უამრავ ვარსკვლავს მასპინძლობს. თუ საყვარელი არტისტების კონცერტზე მოხვედრა გსურთ, აუცილებლად ადევნეთ თვალი მათ აფიშას.

Black Sea Arena-ს შესახებ

Black Sea Arena შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში მდებარეობს. შენობის არქიტექტურა და დიზაინი გერმანულ კომპანია Drei Architekten-ს ეკუთვნის. Black Sea Arena 2020 წელს “გერმანული დიზაინის დაჯილდოების“ გამარჯვებულიც გახდა საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურის კატეგორიაში.

დარბაზი 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მას შემდეგ საკონცერტო სივრცე ყოველწლიურად არაერთ საერთაშორისო ვარსკვლავს მასპინძლობს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black eyed peas, Jessie J და Thirty seconds to mars და სხვა. დაგეგმილი ღონისძიებებისა და საღამოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Black Sea Arena-ს ოფიციალურ საიტზე – https://bsa.ge/ge/events 

ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი თანამედროვე ტექნიკით, მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი, რაც სხავდასხვა ტიპის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარების საშუალებას იძლევა. 638 კვადრატულ მეტრის ზომის მოძრავი სცენა დარბაზის ყველა წერტილიდან სრულყოფილად ჩანს. მაღალი ხარისხის აუდიო აპარატურა კი საუცხოო აკუსტიკურ ეფექტს იძლევა. დარბაზის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მცირე ზომის კინოთეატრი.

საკონცერტო დარბაზი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე. შშმ პირებისათვის (ეტლით მოსარგებლეთათვის) განკუთვნილი ბილეთების შესყიდვის სურვილის შემთხვევაში აუცილებელია დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@bsa.gov.ge

პრაქტიკული რჩევები

თუკი ღონისძიებაზე დასწრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ბილეთების შეძენის, ბავშვთა დასწრების, შესვლასთან დაკავშირებული და სხვა რეკომენდაციების შესახებ, რომელსაც ადმინისტაცია აწესებს.

ბილეთის შეძენის პოლიტიკა

ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე – https://bsa.ge/ge, საკონცერტო სეზონის პერიოდში კი ბლექ სი არენის სალაროც ფუნქციონირებს. ღონისძიებაზე დასასწრებად მომხმარებელს შეუძლია წარადგინოს ამობეჭდილი ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია. კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირებისგან შეძენილი ბილეთების ნამდვილობაზე; ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაყიდული ბილეთი უკან არ ბრუნდება.

ბავშვების დასწრება Black Sea Arena-ზე

ღონისძიებებზე 6 წლამდე ასაკის ბავშვის დასწრება უფასოა, თუკი ის დამატებით სავარძელს არ საჭიროებს. ბავშვებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ “უსაფრთხოების სამაჯურით”, რომლის მიღებაც შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრში. სამაჯურზე დატანილი იქნება თქვენს მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემთხვევით ბავშვის დაკარგვის შემთხვევაში მისი პოვნა მარტივად შეძლოთ.

არენაზე შესვლის წესები

ყოველ ღონისძიებაზე ბლექ სი არენას კარები ვიზიტორებისთვის 3 საათით ადრე იღება. შესაბამისად, გირჩევთ დროულად მოხვიდეთ ტერიტორიაზე, რათა მშვიდათ იპოვოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი, მიაგნოთ ბილეთზე მითითებულ შესასვლელს (gate). ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი მხოლოდ ერთხელ სკანერდება, ამიტომ ტერიტორიიდან გასვლას და მეორედ შემოსვლას ვერ შეძლებთ.

შემნახველი საკანი

საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია შემნახველი საკნები, რომლით სარგებლობაც ყველა ვიზიტორს შეუძლია.

ღირსშესანიშნაობები

Black Sea Arena-ს სტუმრობისას საშუალება გაქვთ ახლომახლო ღირშესანიშნაობები დაათვალიეროთ. მის გვერდით მოწყობილია ულამაზესი “მუსიკოსთა პარკი” უმშვენიერესი მწვანე პეიზაჟებით, განიტვირთოთ “სოციალურ სივრცეში”,მოინახულოთ მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბახმარო და გომის მთა.

მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში

მუსიკოსთა პარკი

Black Sea Arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია “მუსიკოსთა პარკი”. 21 ჰექტარ ტერტორიაზე გაშენებულ პარკში გვხვდება უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი მცენარეები, ლამაზი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და სამი ღია სცენა. პარკის სივრცეში განთავსებულია სკვერი, სადაც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსების ძეგლები დგას – ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მუდმივად ჟღერს ამ არტისტების მიერ შესრულებული მუსიკა. პარკში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი და გასართობი პროექტები. პერიოდულად ეწყობა სივრცე კრაფტინიგსთვის და სათავგადასავლო თამაშები, ბავშვების განწყობაზე ზრუნავენ მხატვარ-კარიკატურისტები.

სოციალური სივრცე, ბარი და ბიბლიოთეკა

სოციალური სივრცე

“სოციალური სივრცე” მუსიკოსთა პარკში, ევკალიპტების ხეივანში მდებარეობს. სივრცე აერთიანებს ყველას, ვისაც სურს დაისვენოს ბუნებაში, მოუსმინოს მუსიკას, იკითხოს წიგნები ან მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სეზონურ აქტივობებში. ხშირად იმართება სხვადასხვა მუსიკალური საღამოები, ვორქშოპები და ა.შ. “სოციალური სივრცის” ერთ-ერთი ნაწილია ტყის ბიბლიოთეკა. აქ ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება დროებით ითხოვოს, გაცვალოს, ან უბრალოდ სახლიდან მოიტანოს უკვე წაკითხული წიგნი და შემატოს ბიბლიოთეკას.

ადგილზე შეგიძლიათ მათი ბარისა და სამზარეულოს კერძები და სასმელები დააგემოვნოთ. სამზარეულო მუშაობს 18:00 საათიდან 00:00 საათამდე. დაჯავშნისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ საიტს – https://thesocialspace.ge/ge/tables 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვხვდეთ black sea arena-ზე?

თბილისიდან black sea arena-მდე მანქანით დაახლოებით 5 საათი დაგჭირდებათ.
მოგზაურობა შეგიძლიათ დაგეგმოთ მატარებლით. თბილისიდან ქობულეთის სადგურამდე დაახლოებით 5.5 საათი დაგჭირდებათ თანამედროვე ჩქარი მატარებლით.
მომხმარებლის კომფორტიდან გამომდინარე, “ბლექ სი არენა” საკონცერტო დღეებში თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებს ნიშნავს, რომლის დახმარებითაც სასიამოვნოდ იმგზავრებთ პირდაპირ საკონცერტო დარბაზისკენ.

სად დავრჩეთ?

ღამის გატარება შეგიძლიათ როგორც შეკვეთილში არსებულ სასტუმროებში და გესთჰაუსებში, ასევე ახლოს მდებარე კურორტების ტერიტორიაზე, რომელთა შორისაა, ბათუმი, ქობულეთი, კაპროვანი, გრიგოლეთი და ურეკი.