საირმე
საირმე ბუნებასთან ჰარმონიის, დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. ამწვანებული მთები, მათში გაჭრილი მდინარის მჩქეფარე ხმა და ამავდროულად საოცარად მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო თქვენს სხეულსა და გონებას ენერგიით აავსებს.
კურორტის საუკეთესო სანახაობებისა და გამოცდილების მისაღებად გაეცანით ჩვენს სტატიას.
საირმის შესახებ
საირმე მესხეთის ქედზე, მთებით გარშემორტყმულ ადგილზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. კურორტი ცნობილია არა მხოლოდ სამკურნალო მინერალური და თერმული წყლებით, არამედ წიწვოვანი, ფოთლოვანი ტყეებითა და მთის კლიმატით. საირმის ტყეებში ხარობს ნაძვი, ფიჭვი, წიფელი, ცაცხვი და წაბლი.
საირმის ღირსშესანიშნაობები
საირმეში ჩამოსულ სტუმრებს კურორტი დასვენების, გართობისა და განტვირთვისთვის მრავალფეროვან ღირსშესანოშნაობებს სთავაზობს. ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულები საირმის ცნობილ ზიპ ლაინს ესტუმრეთ და აუცილებლად გადმოხედეთ წაბლარისწყლის ხეობას ზემოდან.
მშრალ ამინდში საირმის სალაშქრო ბილიკები მოინახულეთ. განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა გაზაფხულზე, როცა ტყე ათასფერადი ყვავილებით ივსება.
და ბოლოს, დღის საუკეთესო დასასრული თერმული სპა და ველნეს ცენტრია. მისი სტუმრობის შემდეგ, თითქოს თავიდან იბადებით, სპას საოცარი შეგრძნებებით დატოვებთ.
სასტუმროები საირმეში
საირმეში ფუნქციონირებს ორი 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, კურორტი საირმე და ახალი საირმე. ნომრებიდან მდინარე წაბლარისწყლის ხეობის, მის ნაპირზე გაშენებული ულამაზესი ბაღისა და ტყიანი ფერდობების საოცარი ხედები იშლება.
სასტუმრო საირმე პალასი ცნობილი სილამაზის წყაროს გვერდით მდებარეობს. გარემო განსაკუთრებით მშვიდი და მყუდროა, ნომრები კეთილმოწყობილი. სამკურნალო წყლებამდე მისასვლელად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
რესტორნები საირმეში
კურორტი საირმისა და ახალი საირმის რესტორნებში საუკეთესოდ გაგიმასპინძლდებიან ქართული კერძებითა და ევროპული სამზარეულოთი. სასტუმროებს დამსვენებელთათვის სამჯერადი კვება აქვთ, სადაც მრავალფეროვანი საუზმის, სადილისა და ვახშმის მოწყობა შეგიძლიათ.
ასევე ფუნქციონირებს რესტორანი ბელა იტალია.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ საირმეში?
საირმე თბილისიდან 243 კილომეტრითაა დაშორებული. მანქანით კურორტზე ჩასასვლელად 4.5 – 5 საათი დაგჭირდებათ.
თუკი გამგზავრებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, თბილისიდან საირმისკენ დიდუბის ავტოსადგურიდან ყოველდღე გადის სამარშრუტო ტაქსი.
დრო: 10:00 საათი
ბილეთის ფასი: 20 ₾
როდის არის საუკეთესო წასასვლელად?
საირმე თავისი სასტუმროებით, სპა ცენტრებითა და გასართობი აქტივობებით წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს დამსვენებლებს. გაზაფხულსა და ზაფხულში მწვანეში ჩაფლულ კურორტს იხილავთ, შემოდგომით საირმის ფოთლოვანი ტყე აჭრელებულია. ზამთარში დათოვლილი ნაძვების ფონზე შეძლებთ თბილ აუზში ნებივრობას.