პეტრას ციხე - petras tsikhe

პეტრას ციხე

  1. სანახაობები

სიმწვანეში ჩაფლული, კლდოვან გორაკზე აგებული პეტრას ციხე, რომელიც შავი ზღვის ნაპირებს გადაჰყურებს, საქართველოს გამორჩეული ძეგლია. ციხის უნიკალური ისტორიული მნიშვნელობა, განსხვავებული არქიტექტურა, და გასაოცარი არქეოლოგიური აღმოჩენები, პეტრას ციხეს გამორჩეული თავგადასავლების ადგილად აქცევს, რომელიც დღეს, ქართველი თუ უცხოელი მოგზაურების საყვარელი ღირსშესანიშნაობაა.

პეტრას ციხის შესახებ

პეტრას ციხე, რომელსაც პეტრას აკროპოლისსაც უწოდებენ, ეგრისის სამეფოს ისტორიულ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა. კლდოვან ბორცვზე აგებული უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, ერთი მხრიდან გალავნით იყო გარშემორტყმული, ხოლო მეორე მხრიდან, შავი ზღვა ესაზღვებოდა. სწორედ მსგავსი მდებაროების გამო, მიუვალ ციხედ ითვლებოდა. 

პეტრას უნიკალური არქიტექტურის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და დამთვალიერებლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ იხილონ სასახლის, ქალაქის ნასახლარის, ანტიკური აბანოსა და ციხე-სიმაგრის შემორჩენილი ნაწილები. პეტრა არა მარტო არქიტექტურისა და მდებაროების გამო იზიდავს უამრავ ტურისტს, ასევე იქ გაკეთებული უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენებით, რომლებიც იდეალურად გაგაცნობთ ეგრისის სამეფოს ისტორიას, მათ სიმდიდრესა და კულტურას.

ისტორია

ციხის შესახებ ცნობათა ნაწილი დაუდასტურებელია. თუმცა რაც დანამდვილებით ცნობილია რომ ის აშენდა 535 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით. ბიზანტიელების მიერ აგებულ ციხეს თავიდან “იუსტინიანეს ქალაქი” ეწოდა. მას უდიდესი სავაჭრო მნიშვნელობა ჰქონდა და აკავშირებდა ირანისა და სომხეთის პროვინციებს. ასევე უდიდეს როლს ასრულებდა ბიზანტიის იმპერიაში სანაოსნო საზღვაო საქმიანობაში. ამ ციხეს უკავშირდება ცნობილი ეგრისის ომიც. 

მეათე საუკუნიდან პეტრას შესახებ ისტორიული ცნობები იკლებს რაც იმის საფუძველია, რომ ვიფიქროთ, აქ საქალაქო ცხოვრება აღარ იყო. ასევე გაუქმებული იყო პეტრას საეპისკოპოსოც და მას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ჰქონდა შენარჩუნებული. ციხე–ქალაქს ამ პერიოდში ასევე მოიხსენიებდნენ, როგორც ქაჯეთის ციხეს იგივე კალტიხეას. მე-18 საუკუნეში კი ციხე ოსმალების მფლობელობაში გადადის. ციხე ასევე მონაწილეობდა ყირიმის ომში. საქართველოს მფლობელობაში პეტრას ციხე მხოლოდ 1878 წელს, ბერლინის ტრაქტატის საშუალებით დაბრუნდა და 1987 წლიდან, ის არქოლოგიური სამუშაოების ცენტრად და მუზეუმად გადაკეთდა. 

არქიტექტურა

ციხესიმაგრის არქიტექტურა მართლაც რომ გამორჩეულია. ციხე-ქალაქი შენობათა კომპლექსს მოიცავდა, რომელთაგან მთავარი იყო ცენტრალური ციხე-სიმაგრე, გალავანთან ერთად. ნანგრევებში ასევე შემორჩენილია ციტადელის, გარექალაქისა და ნასახლარების ნაშთები. აღმოჩენების შედეგად ასევე გამოიკვეთა ქალაქის ის საცხოვრებელი უბანი, სადაც სამეურნეო იარაღები ინახებოდა და სადაც სამხედრო ჯარისკაცები ცხოვრობდნენ. ქალაქში ასევე მდებარეობდა ბაზილიკა, რომელსაც პეტრას საეპისკოპოსო ეწოდებოდა. ბაზილიკა მე-6 საუკუნეშია აგებული. ქალაქში ასევე არსებობდა სამსხვერპლო, საქონლის სადგომელი და ერისთავთა ვილები. 

პრაქტიკული ინფორმაცია

პეტრას ციხე ის ისტორიული ძეგლია, რომელიც ამოუწურავი ახალი აღმოჩენებითაა სავსე. მისი მონახულებისას მისი უნიკალური არქიტექტურა ნამდვილად გაგაოცებთ, თუმცა უფრო საინტერესო თავგადასავლებისთვის, საჭიროა კონკრეტული დეტალების ცოდნა. 

მდებარეობა

დღეს, პეტრა ბათუმიდან 17 კილომეტრში, სოფელ ციხისძირში, საკმაოდ მარტივად მისადგომ ადგილზე მდებარეობს. ციხე ასევე ახლოს მდებარეობს ქალაქ ქობულეთთან, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა  ისტორიულად იგი ცნობილი იყო, როგორც მტრისთვის მიუვალი ციხე. კლდოვან სიმაღლეზე აგებული ციხე, შავი ზღვის ნაპირებს ესაზღვრება. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს აჭარის სუბტროპიკული ბუნება და შავი ზღვის ულამაზესი ხედები, რაც უძველეს ნანგრევებთან ერთად, გასაოცარ სანახაობას ქმნის.

მუშაობის საათები

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი მნახველებს ნებისმიერ სეზონზე იღებს. ასევე არ არის შეზღუდვა ამინდთან მიმართებით. 

სამუშაო დღეებიმუშაობის საათები
ორშაბათი – კვირა10:00 – 18:00

ბილეთის ფასი

პეტრას ციხეში შესასვლელი ბილეთი ვიზიტორთა კატეგორიის მიხედვით განსხვავდება. მუზეუმ-ნაკრძალი ასევე ავრცელებს ფასდაკლებებს კონკრეტულ ჯგუფში შემავალ ვიზიტორებისთვის.

ბილეთის კატეგორიაბილეთის საფასური
ზრდასრულები5 ლარი
მოსწავლეები/სტუდენტები1 ლარი
6 წლამდე ბავშვებიუფასო

კონტაქტი 

თუ უფრო მეტი დეტალის დაზუსტება გსურთ პეტრას ციხის შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე: 0 422 22 56 03, ან მიწეროთ მეილზე: info@ajaraheritage.ge

საუკეთესო დრო სანახავად

პეტრას მუზეუმ-ნაკრძალის მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა უმჯობესია თუ ამ უნიკალურ ძეგლს ზაფხულის პერიოდში ესტუმრებით. ციხის ირგვლივ არსებული ტერასული განლაგების ხეივანი განსაკუთრებით ლამაზი და მწვანე სწორედ რომ ზაფხულშია. ასევე ისიამოვნებთ ციხისძირის უნიკალური ბუნებით და გასაოცარი ხედებით შავ ზღვაზე. 

საინტერესო ფაქტები პეტრას ციხის შესახებ

  • პეტრას კათედრალში მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო პირი, იოანე პეტრელი, რომელიც 692 წლის საეკლესიო კრებასაც დასწრებია.
  • სანამ ციხე ქალაქი აიგებოდა, იმავე ადგილას მდებარეობდა მცირე სიმაგრე რომელიც ლაზებს ეკუთვნებოდა. თუმცა მისი კვალი დღეს შემორჩენილი არაა.
  • სანამ ციხე ქალაქს “პეტრა” ეწოდებოდა, ბიზანტიელები მას მოიხსენიებდნენ, როგორც “იუსტინიანეს ქალაქს.”
  • ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის შთაგონება ქაჯეთის ციხეზე სწორედ რომ პეტრას უკავშირდება. ქაჯეთის ციხეს უწოდებს ვენეციელი დესპანიც, ამბროზიო კონტარინი, რომელიც პეტრაში მე-15 საუკუნეში ყოფილა.

საინტერესო ადგილები პეტრას ციხესთან

ციხესიმაგრის ნახვასთან ერთად, შეგიძლიათ მოაწყოთ ტური ბათუმში და ქობულეთში მდებარე ღირსშესანიშნაობებში. პეტრასთან ახლოს, 20 წუთით სავალ სამანქანო გზაზე შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, სადაც მოინახულებთ აზიისთვის და ევროპისთვის დამახასიათებელ მცენარეებს და ისიამოვნებთ ულამაზესი ხედებით შავ ზღვაზე. 

ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ქობულეთს, რომელიც მშვიდი, პატარა ქალაქია და ციხესიმაგრიდან სულ რაღაც 7 კილომეტრითაა დაშორებული. თუ მეტი გართობა გსურთ, შეგიძლიათ მოაწყოთ ტური ბათუმში, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული სამზარეულო, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და ისიამოვნოთ ცნობილი პლიაჟებით. თუ დროში შეზღუდული ხართ, შეგიძლიათ მცირე ტური მოაწყოთ სოფელ ციხისძირში, რომელიც გასაოცარი ბუნებითა და ულამაზესი პლიაჟებითაა ცნობილი. ციხისძირი განსაკუთრებით ლამაზი ზაფხულობითაა.

ჩვენი რჩევები

პეტრას ციხის მონახულებისას გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ტერიტორიაზე არსებული მცირე მუზეუმი, სადაც ბევრ საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენას იხილავთ. ციხე ათწლეულებია არქეოლოგებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული საექსპედიციო ადგილია და ამ დროის მანძილზე, მათ უამრავი გასაოცარი კულტურის ნიმუში აღმოაჩინეს.

ციხედან არაჩვეულებრივი ხედები იშლება შავ ზღვაზე. ასე რომ ჩაიცვით კომფორტულად, ლამაზად და მოამზადეთ ფოტოკამერები, რადგან შავი ზღვის პანორამული ხედებისა და პეტრას ციხის იარუსისებრ ხეივნებში უნიკალურ ფოტოებს გადაიღებთ.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს პეტრა?

პეტრა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და კლდეს, ქვას ნიშნავს. ციხეს ეს სახელი მისი ადგილმდებარეობის გამო დაერქვა.

თბილისიდან რა მანძილზე მდებარეობს პეტრას ციხე?

პეტრას ციხე თბილისიდან 344 კილომეტრში მდებარეობს და მანქანით მგზავრობისთვის საჭირო დრო, დაახლოებით 5 საათია.

როგორ მივიდეთ პეტრას ციხე-ქალაქამდე?

ციხე სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ქობულეთიდან და ბათუმიდან ყოველდღიურად ინიშნება ციხისძირის მიმართულებით კერძო სამარშრუტო ტაქსები. ციხე საავტომობილო გზის პირას მდებარეობს და შესაბამისად, მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ.

თბილისიდან კი უმჯობესია ჯერ ქობულეთს ან ბათუმს ეწვიოთ და შემდგომ ციხისძირს. ამისთვის შეგიძლიათ თბილისიდან გამავალი ავტობუსებით ან თბილისი-ბათუმის მატარებლით ისარგებლოთ, რომლის ერთ-ერთი გაჩერებაც ქობულეთის სადგურია. ქობულეთის სარკინიგზო სადგურიდან, კი ციხისძირის მიმართულებით ყოველდღიურად ინიშნება მიკროავტობუსები.