შავი კლდეების ტბა

შავი კლდეების ტბა

  1. სანახაობები

ალპურ მდელოებსა და ბუმბერაზ მთებს შორის ჩაწოლილი შავი კლდეები ტბა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დაუვიწყარი ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის. ალაზნის ველის ხედები, ჭრელი მდელოები და ღრუბლებს ზემოდან დანახული მთის წვერები თავს ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ.
მარშრუტის შესახებ რჩევებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას სტატიაში გაეცნობით.

შავი კლდეების ტბის შესახებ

ზღვის დონიდან 2800 მეტრზე, ალპურ მდელოებზე გადაშლილი ულამაზესი ტბა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მდებარეობს, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. ტბამ სახელწოდება მის ნაპირებზე წამომართული კლდეების შეფერილობის გამო მიიღო. ტბისკენ მიმავალი მარშრუტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან იწყება. გზად გაივლით ულამაზეს საცალფეხო ბილიკებს, ფართოფოთლოვან ტყეებს, აყვავილებულ მდელოებს და დატკბებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით. ბილიკები მარკირებულია ტურისტებისთვის, მოწყობილია საკარვე და ღამის გასათევი თავშესაფრები.

შავი კლდეების ტბის ბუნება

ბიომრავალფეროვნება

ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. ლაგოდეხის ნაკრძალი აღიარებულია როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ამფიბიებისათვის. ლაგოდეხის ეროვნულ პარკში მდიდარია უხერხემლოების ფაუნით. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი მტაცებელი ფრინველებით განსაკუთრებულად მდიდარია. აქ ბინადრობს მთის არწივი, შევარდენი, მთის და ველის არწივი. ძუძუმწოვრებიდან ირმის მონათესავე, მომცრო ტანის შველი მრავლადაა ლაგოდეხის ფოთლოვან ტყეებში გავრცელებული. ხოლო ჭალებში ბევრია გარეული ღორი. ლაგოდეხის ეროვნულ პარკში მტაცებლების წარმომადგენლებიდან გვხვდება მგელი და მურა დათვი. ლაგოდეხში გავრცელებული სხვა მტაცებლებიდან აღსანიშნავია: მელა, ფოცხვერი, ტყის და კლდის კვერნები და ტყის კატა. ლაგოდეხის მთებში შურთხის სიახლოვეს ცხოვრობს როჭო. აქ შეიძლება – კაკბების გუნდის, კოდალას, პაწაწინა წითელთავა მთიულებისა და მთახეხმიანი თეთრგულა შაშვების ნახვა. საქართველოს “წითელ ნუსხაში” ძუძუმწოვრების შეტანილი სახეობებიდან აღსანიშნავია: არჩვი, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, მგელი და მურა დათვი. ფრინველებიდან კი კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს.

ტურები

შავი კლდეების ტბისკენ მიმავალი ტურები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან იწყება. გადაადგილება შესაძლებელია როგორც ფეხით, ასევე ცხენით. სურვილის შემთხვევაში ცხენებისა და გამყოლის დაქირავება ადგილზე შეგიძლიათ. სტანდარტული მარშრუტი 42 კილომეტრის სიგრძისაა და მის გასავლელად დაახლოებით სამი დღე დაგჭირდებათ.

დემიდოვის თავშესაფარი მთებში

I დღე

მანძილი – 11.5 კმ, სიმაღლე 1,350 მ ზღვის დონიდან

პირველ დღეს ადმინისტრაციული ცენტრიდან გზად გაივლით რცხილნარის უნიკალური კორომებს. გადაკვეთთ მდინარე “ლაგოდეხის ხევს“. შეხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს – “მრგვალ წამალას“, რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. ახვალთ სერზე ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე და გაუყვებით “ქოჩალოს ქედს“, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგიძლია იხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. სუბალპურ სარტყელში კი იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს “მეტეოს“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. შეგიძლიათ ღამე ამ თავშესაფარში გაატაროთ, ან თავად გაშალოთ კარვები.

II დღე

მანძილი – 15 კმ, სიმაღლე 2800 მ ზღვის დონიდან

მეორე დღეს გზას აგრძელებთ ქოჩალოს ქედზე, საიდანაც ალპურ ზონაში ადიხართ. აქედან შეიძლება დააფიქსიროთ იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. გზას უღელტეხილისკენ გააგრძელებთ, ე.წ. “დემიდოვის ნაშლებზე“, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. უღელტეხილის გადავლის შემდეგ აღმოჩნდებით ჯიხვების საძოვრებზე. გზად შეგვხვდებათ გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჭაობები, ბოლოს კი თქვენ თვალწინ შავი კლდეების ტბა გადაიშლება, თავისი დიდებულებით.

III დღე

მანძილი – 15 კმ, სიმაღლე 2,650 მ ზღვის დონიდან

მესამე დღეს ტურისტული თავშესაფრიდან უკან, ადმინისტრაციულ ცენტრში ბრუნდებით. ამ მონაკვეთზე გაივლით კუდიგორის ქედს, რომელიც გამორჩეულია ხელუხლებელი უღრანი ტყითა და ულამაზესი ხედებით. გზა აქედან უკვე დაღმართია. შეხვდებით ლაგოდეხის და მლოკოსევიჩის იროდასალამებს, საუკუნოვან წიფლის ხეებსა და ასწლოვან ღვიის ბუჩქებს. ასევე მრავლად გვხდება კენკროვანი მცენარეები, რომლითაც გზად პირს გაისველებთ. დაალოებით 6 საათიანი მგზავრობის მერე უკვე ლაგოდეხში ხართ.

პრაქტიკული ინფორმაცია

სანამ შავი კლდეების ტბის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით პრაქტიკულ რჩევებს და მოგზაურობა ყველა დეტალის გათვალისწინებით დაგეგმეთ. პირველ რიგში, სწორად შეარჩიეთ სეზონი. უმჯობესია თუკი გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე პერიოდს აირჩევთ. ამ დროს თოვლი უკვე დამდნარია, ტყეები შემოსილია ფოთლებით და მდელოები აყვავილებული.

წინასწარ დაუკავშირდით ადმინისტრაციას და გაარკვიეთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენ მიერ შერჩეულ დროის მონაკვეთში ლაშქრობა.

მოიმარაგეთ თბილი ტანისამოსი, რადგან საღამოს, მზის ჩასვლისას და გათენებამდე ტემპერატურა საკმაოდ იკლებს. დღისით თან იქონიეთ მზისგან დამცავი, რადგან 6-8 საათის განმავლობაში მზეზე სიარული მოგიწევთ.

თან იქონიეთ საკმარისი რაოდენობის სასმელი წყალი და საკვები, რადგან გზად ვერაფრით მომარაგდებით. ასევე, გაიყოლეთ სალაშქრო გაზქურა. ტურისტული ცენტრი ალპურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ცეცხლის დასანთებად შეშას ვერ იპოვით.

თან იქონიეთ დამუხტული ელექტრო მოწყობილობები, გირჩევთ ასევე თან იქონიოთ ე.წ. power bank, რათა საჭიროების შემთხვევაში გზაშიც შეძლოთ მობილურის დატენვა.

წასვლამდე გადმოწერეთ სანდო რუკები, რომლებიც ინტერნეტის გარეშეც გაგიწევთ მეგზურობას. ერთ-ერთი საუკეთესოა https://maps.me/ 

სერვისების ღირებულება

მომსახურებაფასი
ვიზიტორთა ცენტრში განთავსება15 ლარი (კაცი)
კარვით დარჩენა5 ლარი
გამყოლი ცხენით100 ლარი (დღე)

საკონტაქტო ინფორმაცია: 577101834 | zazats2002@yahoo.com 

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მოვხვდეთ ლაგოდეხში?

ლაგოდეხი თბილისიდან 165 კილომეტრით არის დაშორებული და ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში ქალაქამდე 2 სთ და 30 წუთი დაგჭირდებათ.
ლაგოდეხის მიმართულების ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მიკროავტობუსები ყოველ ერთ საათში გადის.
გასვლის დროებისა და ბილეთის ფასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.

მარშრუტი გასვლის დრო ბილეთის ღირებულება
ლაგოდეხი 7:40 8:30 9:30 10:20 11:10 12:00 12:35 13:15 14:00 14:40 15:20 16:00 16:30 17:00 17:30 18:15 18:50 7₾