სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

ჰაწვალი

  1. სანახაობები

მათ ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი და ახალი თავგადასავლების ძიება გსურთ, მაშინ ჰაწვალის სათხილამურო კურორტი თქვენი მომდევნო დანიშნულებაა. ზაფხულისა თუ ზამთრის სეზონზე, ჰაწვალში ისიამოვნებთ ულამაზესი ხედებით და კიდევ უფრო გასაოცარი ზამთრის სპორტისთვის და ლაშქრობისთვის განკუთვნილი აქტივობებით.

ჰაწვალის შესახებ

ჰაწვალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საინტერესო თავგადასავლების ადგილია როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. სწორედ ამ გამორჩეულობის გამო, ჰაწვალი დღითიდღე პოპულარული ხდება, ქართველ თუ უცხოელ ტურისტებში. 

ჰაწვალი ზამთარში

თქვენი მოგზაურობა ზამთრის ჰაწვალში იქნება იდეალური მათთვის, ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი და საბაგიროებზე სეირნობა უყვარს. აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები და ოთხი საბაგირო ხაზი. აქ ასევე შეგიძლიათ ღამის სრიალით ისიამოვნოთ, რომელიც სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა.

ჰაწვალი ზაფხულში

თუ მთაში დასვენება, სიმშვიდე და ლაშქრობა მოგწონთ, მაშინ ჰაწვალი ზაფხულის გასატარებლად შესანიშნავი არჩევანია. კაბინებიანი საბაგიროთი მგზავრობისას, ისიამოვნებთ გასაოცარი პანორამული მთის ხედებით. ასევე შეძლებთ მთის ველოტური მოაწყოთ ან პიკნიკი დაგეგმოთ, სუფთა ჰაერზე და ულამაზეს ბუნებაში. თუ უფრო ექსტრემალისტი ხართ, აუცილებლად უნდა სცადოთ პარაპლანი ჰაწვალში, რომლის საშუალებითაც დატკბებით სვანეთის ულამაზესი ხედებით და ისეთი დიდებული მწვერვალებით, როგორიცაა იალბუზი და უშბა.

პრაქტიკული ინფორმაცია

ჰაწვალის სათხილამურო კურორტი ბევრ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ სხვადასხვა სეზონზე. იმისთვის რომ დაუვიწყარი დრო გაატაროთ, საჭიროა კონკრეტული დეტალების ცოდნა.

მდებარეობა და გეოგრაფია

ჰაწვალის კურორტი ისტორიულ სვანეთში მდებარეობს. კურორტი მესტიასთან საბაგირო და სამანქანო გზითაა დაკავშირებული, რაც იდეალურია იმისთვის რომ ჰაწვალში დასვენებისას, ასევე მოაწყოთ ტური მესტიაში. ქალაქის მუზეუმიდან ჰაწვალის საბაგირო სადგურამდე მანძილი, სულ რაღაც 15 წუთის ფეხით სავალია. სამანქანო გზით კი მესტიიდან 8 კილომეტრითაა დაშორებული. 

კავკასიონის მთავარი ქედის მწვერვალებთან აშენებული კურორტი, ალპური რელიეფით, ხშირი ტყეებითა და ბევრი ბუნებრივი ციცაბო ტრამპლინით გამოირჩევა, რომელიც იდეალურ რელიეფს ქმნის, თხილამურებით სრიალისთვის. ზაფხულში კი ჰაწვალი კდლოვან მწვერვალებთან ერთად, მწვანე ბალახეულით იფარება, რაც კიდევ უფრო გასაოცარ ხედებს ქმნის კურორტზე. 

ტურები ჰაწვალზე

ჰაწვალზე ტურები საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში. უფრო მეტად აქტიურია ზამთრის სეზონი. ტურები თბილისიდან ინიშნება და ძირითადად 3 დღიან მარშრუტებს მოიცავს, როგორც ჰაწვალში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე. 

თუ ჰაწვალის ტურს აირჩევთ, მასთან ერთად მოინახულებთ მესტიის ღირსშესანაობებს, როგორციცაა მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი და სიყვარულის კოშკი. ზოგიერთი ტურის პაკეტში ასევე შედის ჰაწვალთან ახლოს მდებარე სათხილამურო კურორტ თეთნულდის მონახულება და თხილამურებით სრიალი.

სრიალი ჰაწვალზე

ჰაწვალის კურორტზე სრიალით მრავალფეროვან გამოცდილებას შეიძენთ. საუკეთესო ფაქტი ჰაწვალზე არის ის რომ, როგორც მოყვარულებს, ასევე პროფესიონალებს შეუძლიათ ისრიალონ, რადგან აქ ხელმისაწვდომია სხვადასხვა სირთულის ტრასები

კონკრეტულად, მარტივი სირთულის მქონე ტრასის სიგრძე 0.5 კილომეტრია, ხოლო საშუალო სირთულის მქონე ტრასის, 0.6 კილომეტრი. რაც შეეხება უფრო მეტი ექსტრემის მოყვარულებს, შეუძლიათ რთული რელიეფის მქონე ტრასაზე ისრიალონ, რომლის სიგრძე 4.4 კილომეტრია. რაც შეეხება ასაწევ და დასაწევ სიმაღლეებს, ის იცვლება 1868 მეტრიდან 2348 მეტრამდე, სხვაობით 480 მეტრი. ჰაწვალში ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ ტყეში, გაუკვალავ თოვლში სრიალით, საიდანაც ასევე გასაოცარი ხედები იშლება კავკასიონზე.

hatsvali-ski-resort-map-hatsvalis-ruka

2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონიმენტის ფასები ჰაწვალზე

ჰაწვალზე სრიალისთვის განსხვავებული აბონიმენტები მოქმედებს. ფასები ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის განსხვავებულია. ბარათის ტიპისთვის კი შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ბარკოდით, ასევე მულტიქარდით.

აბონენტის სახეობაბარათის ტიპი ფასი უფროსებისთვისფასი ბავშვებისთვის
1 ასვლაბარკოდი1010
2 ასვლაბარკოდი2020
სპორტსკოლამულტიქარდი10
1 დღე სეზონზემულტიქარდი5025
2 დღე სეზონზემულტიქარდი10050
3 დღე სეზონზემულტიქარდი14572
4 დღე სეზონზემულტიქარდი18492
5 დღე სეზონზემულტიქარდი210105
6 დღე სეზონზემულტიქარდი230115
7 დღე სეზონზემულტიქარდი268134
სეზონურიმულტიქარდი325163
სტუდენტურიმულტიქარდი180
ღამის სრიალიმულტიქარდი3015
მესტია - 2022 - 2023 წლის სათხილამურო სეზონის აბონენტების ფასები

საუკეთესო დრო სანახავად

ჰაწვალი ზაფხულსა თუ ზამთარში ტურისტულად საკმაოდ აქტიური ადგილია, თუმცა სეზონი დეკემბრიდან აპრილის ჩათვლითაა გახსნილი.  სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა ესტუმროთ ჰაწვალს თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი გსურთ. 

სალაშქრო თავგადასავლებისთვის კი კურორტს უმჯობესია ივნისი-სექტემბრის პერიოდში ესტუმროთ, რადგან ამ დროს ამინდებიც მზიანია, ხოლო პინკინკის მოწყობა და ლაშქრობა, ბევრად კომფორტული და სასიამოვნო. 

საინტერესო ფაქტები ჰაწვალზე

  • ჰაწვალი მესტიას საბაგირო გზით უკავშირდება.
  • ჰაწვალში მოქმედი საბაგიროებია: ჰაწვალი, ბიგელი, სლალომი და ზურულდი, რომელიც მთავარი საბაგიროა.
  • ჰაწვალში სულ 5 სათხილამურო ტრასაა ხელმისაწვდომი.

სასტუმროები

ჰაწვალში შეგიძლიათ კერძო, საოჯახო ტიპის სასტუმროებში დაისვენოთ. აქ მეტ წილად ხის კოტეჯებს შეხვდებით, სადაც ნომრები ყველა საჭირო ინვეტარითა და პირობითაა უზრუნველყოფილი. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული სასტუმროა “ჰაწვალი,” რომელიც კურორტის ერთ-ერთ საბაგირო ხაზთან მდებარეობს. 

რესტორნები

კურორტ ჰაწვალზე რესტორნების არც ისე დიდი არჩევანია. კურორტზე ორი მცირე რესტორანია განლაგებული, შუა საბაგიროსთან და ზედა საბაგიროსთან. ტურისტებისთვის გამორჩეულია კაფე “ზურულდი” მეგობრული გარემოთი, უგემრიელესი სამზარეულოთი და გასაოცარი ხედებით ჰაწვალზე. თუ უფრო მრავალფეროვან არჩევანს ეძებთ ან გსურთ სვანური სამზარეულოს დაგემოვნება, შეგიძლიათ ჰაწვალთან ახლოს მდებარე მესტიას და მის ცნობილ რესტორნებს ესტუმროთ, როგორიცაა “Old House,” და “პანორამა.”

საინტერესო ადგილები ჰაწვალთან ახლოს

ჰაწვალთან ახლოს ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება შეგიძლიათ, საკმაოდ მცირე დროში. კურორტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს სვანეთის გული – ქალაქი მესტია, რომელიც იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ისიამოვნოთ სვანური კულტურითა და ტრადიციებით. მაგიური სვანური კოშკები, კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ფონზე და უამრავი კულტურული ღირსშესანიშნაობა, კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს მოგზაურობას სვანეთში. 

ჰაწვალთან ახლოს, ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მსგავს სათხილამურო კურორტ თეთნულდს, რომელიც ცნობილი მწვერვალის, თეთნულდის მახლობლადაა გაშენებული. კურორტზე დაგხვდებათ რამდენიმე საბაგირო გზა და სხვადასხვა სირთულის მქონე სათხილამურო ტრასები. ასევე, კურორტ თეთნულდზე, შეგიძლიათ გამოსცადოთ სრიალი, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელ და მაღალი ვერტიკალური ვარდნის სასრიალო ტრასაზე. 

ჩვენი რჩევები

ჰაწვალის მონახულებისას, გირჩევთ ისარგებლოთ საბაგირო გზით და ესტუმროთ ქალაქ მესტიას. მგზავრობისას ულამაზესი ხედებით ისიამოვნებთ და მოკლე დროშივე შეძლებთ მოაწყოთ გასაოცარი ტური მესტიაში, სადაც სვანურ კულტურას, კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ. 

თუ ზაფხულში დასვენება ჰაწვალში გადაწყვიტეთ, არ გამოტოვოთ შანსი და იფრინეთ პარაპლანით. სწორედ ასე შეიგრძნობთ ჰაწვალის ნამდვილ სილამაზესა და უნიკალურობას. გასაოცარი შთაბეჭდილებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ. გაითვალისწინეთ, რომ პარაპლანით ფრენა სრულიად უსაფრთხოა. 

ხშირად დასმული კითხვები

ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს ჰაწვალი?

ჰაწვალის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრი, ხოლო მინიმალური სიმაღლე 1868 მეტრია.

რამდენია მანძილი თბილისიდან სათხილამურო კურორტ ჰაწვალამდე?

თბილისიდან ჰაწვალის კურორტი 478 კილომეტრითაა დაშორებული და მანქანით მგზავრობისთვის, 8 საათზე მეტი დაგჭირდებათ.