ლეჩხუმი
ლეჩხუმი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. ცამდე აწვდილი მთები, მდინარეები და ჩანჩქერები, ფერდობებზე შეფენილი ვენახები და ვრცელი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მხარის მარგალიტი, სოფელი ლაილაში და ხვამლის მთა ვიზიტორებს გასაოცარი სილამაზითა და ბუნებით ხიბლავს.
ლეჩხუმის შესახებ
ლეჩხუმი მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. მხარის რელიეფი მთიანია და დასახლებები ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი. საქართველოს ეს ულამაზესი რეგიონი თავისი უნიკალური ღვინოებით გამოირჩევა. კახეთთან შედარებით, აქ ვენახები საკმაოდ მცირე ტერიტორიაზეა გაშენებული, თუმცა იგი ყველა სხვა რეგიონისგან ხარისხიანი ყურძნითა და ძალზე ღრმა, საინტერესო ღვინოებით გამოირჩევა. ადგილობრივ ენდემურ ჯიშებად მიჩნეულია: “ოყურეშული” (უსახელაური), “საირმული”, “მწვანე ცოლიკაური”, “ორხვული” და სხვა. აღნიშნული ჯიშები მხოლოდ ლეჩხუმის მიკროკლიმატში ამჟღავნებს უნიკალურ თვისებებს.
კურორტები და ქალაქები ლეჩხუმში
ლეჩხუმის რეგიონი მნიშვნელოვანია რეკრეაციული თვალსაზრისითაც. მის ტერიტორიაზეა ალპანის, ახალჭალის, აღვი-ცაგერის და სხვა მინერალური სამკურნალო წყლები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. თუკი ბუნების წიაღში დასვენება გხიბლავთ, ლაილაშს, ტვიშა და ქულბაქს ეწვიეთ. აქაური მთები, მდინარეები, ხედები და ატმოსფერო განტვირთვის საუკეთესო გზაა.
ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობები
ლეჩხუმი მდიდარია თავისი ბუნების ღირსშესანიშნაობებითა და სანახაობებით. აქ ნახავთ ხვამლის, ასხის, თეკენთერისა და საირმის კასტრულ საოცრებებს, ოფიტარას, რაჩხის, ქულბაქისა და ლახეფას თვალწარმტაც ჩანჩქერებს, მურის, ზუბისა და ორბელის ციხეებს.
სასტუმროები ლეჩხუმში
ლეჩხუმში, კერძოდ კი ცაგერში და მიმდებარე სოფლებში ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებია. სასტუმროები “ხვამლი 2002” ქალაქ ცაგერში, ხოლო “ნაბადა” სოფელ შუა აღვში მდებარეობს. სასტუმროებს გამწვანებული ეზო, კომფორტული ნომრები და სტუმართმოყვარე მასპინძლები ყავს.
სოფელ ტვიშში შეგიძლიათ დაისვენოთ კეთილმოწყობილ ხის კოტეჯებში “ტვიში”, რომლის ფართო ვიტრაჟებიდანაც პირდაპირ კლდოვანი მთების ხედები იშლება.
ლაილაშში შეგიძლიათ იქირაოთ საოჯახო სასტუმრო “ლაილაში”. ეზოში მოწყობილია აუზი, შეგიძლიათ დაგეგმოთ ცხენებით გასეირნება და ლაილაშის ცნობილ აუზსაც ეწვიოთ.
ხშირად დასმული კითხვები
როდის არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის ლეჩხუმში?
ლეჩხუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა აქაური ბუნება, მთები, ჩანჩქერები და ტბებია. იმისათვის, რომ მისი ყველა სანახაობით დატკბეთ, უმჯობესია, თუ თბილ და ნაკლებად ნალექიან პერიოდს შეარჩევთ. გვიანი გაზაფხული, ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის სეზონი საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის.
როგორ მივიდეთ ლეჩხუმში?
თბილისიდან ლეჩხუმის ადმინისტრაციულ ცენტრ ცაგერამდე დაახლოებით 300 კილომეტრია, რომლის გასავლელადაც საშუალოდ 4 საათი დაგჭირდებათ ავტომანქანით.
დიდუბის ავტოსადგურიდან ცაგერის მიმართულებით გადის სამარშრუტო ტაქსები.
მიმართულება | გასვლის დრო | მგზავრობის ხანგრძლივობა | ბილეთის ფასი |
ცაგერი | 09:30 | 5 სთ | 18-20 ₾ |
ლეჩხუმის მდინარეები
ლეჩხუმის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი მდინარე, ცხენისწყალი და რიონი გაივლის. სწორედ ცხენისწყალზეა გაშენებული ქალაქი ცაგერი.
მცირე ზომის მდინარეებიდან აღსანიშნავია ლაჯანურა, ლეუშერი, ლუხუნი, ხეორისწყალი, რიცეულა, ჯონოულა, საკაურა. მათი უმრავლესობა სათავეს ლეჩხუმის ქედიდან იღებს, საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
ლეჩხუმის სოფლები
ლეჩხუმი მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებს – აპანა, ლაილაში, ტვიში, ზედა აღვი, ლახეფა და სხვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს – დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხიდრისთავი, ჩორთისა, საჩხეური, ჭაშლეთი, ვანისჭალა, ონჭეიში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი.
ლეჩხუმის ჩანჩქერები
ლეჩხუმში მდებარეობს ღვირიშის, ოფიტარას, რაჩხის, ქილბაქის, ლახეფას, ვერძისთავასა და ჩქუმის ჩანჩქერები.